შოტლანდიის ნაკრები პირველად ეწვია უელსს. ნიუპორტში, "როდნი პარადზე" "სკოტებმა" მასპინძლებს თითო ლელო და არეკნი გაუტანეს, რაზეც უელსელებმა ვერაფრით უპასუხეს.
1889 წელი
ახალი ზელანდიის ნაკრები ჩრდილოეთ ინგლისში ზედიზედ ოთხი მოგების შემდეგ "სტოკპორტთან" ფრეს დასჯერდა 3:3. "ოლ ბლექსის" მესამეხაზელმა ჯო ვერბიკმა, რომელმაც ტრავმის გამო თითქმის მთელი ტურნე გამოტოვა, მხოლოდ უელსელებთან ითამაშა.
1952 წელი
საფრანგეთის ნაკრებმა პირველად დაამარცხა სტუმრად, "მერიფილდზე" შოტლანდიის ეროვნული გუნდი - 13:11. "ლე ბლემ" წარმატებას ლეგენდარული ფლანკერის, ჟან პრატის ერთი ლელოს, ორი გარდასახვისა და ერთი საჯარიმოს წყალობით მიაღწია.
1957 წელი
კენ სკოტლენდს დებიუტი ჰქონდა შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობაში. მისი არეკნისა და საჯარიმოს წყალობით "სკოტებმა" პარიზში საფრანგეთის ეროვნულ გუნდს მოუგეს - 6:0. სკოტლენდმა "ნარშავების" შემადგენლობაში 27 კეპი მოიხვეჭა. მან ასევე ხუთჯერ ითამაშა "ბრიტანელ ლომებთან" ერთად ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში 1959 წელს.
1963 წელი
პარიზში საშინლად ყინავდა, როცა შოტლანდიელებმა მატჩის ბოლო წუთებზე საფრანგეთის ნაკრების დამარცხება შეძლეს. რონი ტომსონმა საჯარიმო ზედ კიდედან გაიტანა, რასაც კენ სკოტლენდმა ლელოც მიაყოლა. "სკოტებმა" 11:6 მოიგეს.
1983 წელი
ამ დღეს დაიბადა არგენტინის ნაკრების შერკინების ბურჯი მარკოს აიერსა. მისი დებიუტი "პუმების" შემადგენლობაში ჯერ კიდევ მაშინ შედგა, როცა მოყვარული მორაგბე იყო. აიერსამ პროფესიული კონტრაქტი, ინგლისურ ლესტერ "ტაიგერზთან, 2006 წელს გააფორმა. 2007 წლის მსოფლიოს თასზე, სადაც არგენტინის ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა, მან ორ შეხვედრაში ითამაშა.
2002 წელი
"ლესტერ ტაიგერზმა" "ჰაინეკენის თასის" გათამაშების ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში უელსურ "ჰლანეჰლისთან" 12:24 წააგო. ამ ტურნირზე ეს ინგლისური კლუბის ერთადერთი მარცხი იყო. "ტაიგერზმა" ფინალში ირლანდიურ "მანსტერს" სძლია და "ჰაინეკენის თასს" დაეუფლა.
2008 წელი
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკ ლივერმონმა კაპიტნის სამკლავური "კასტრის" მეორეხაზელ ლიონელ ნალეს ჩააბარა. გუნდის მეთაურობა ნალეს მას შემდეგ დააკისრეს, რაც შერკინების ბურჯი რაფაელ იბანესი სანაკრებო კარიერას გამოეთხოვა. 31 წლის ნალე არასდროს ყოფილა "ლე ბლეს" წამყვანი ფიგურა. 2007 წლის მსოფლიოს თასზე ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა.
"ეს გადაწყვეტილება ყველასთვის გასაოცარი იყო. მაშინ მივხვდი, რა დიდი პატივი მერგო წილად. ეს ამბავი განსაკუთრებით იმიტომ მესიამოვნა, რომ კაპიტნად მარკ ლივერმონმა ამირჩია, რომელსაც, როგორც ბრწყინვალე მორაგბეს, დიდ პატივს ვცემდი", - თქვა ლიონელ ნალემ.