17 იანვარი მსოფლიოს რაგბის ისტორიაში

AutoSharing Option
1932 წელი
უელსის ნაკრებმა სუონსიში, "დაუძინებელ მტერს", ინგლისის ეროვნულ გუნდს, ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად მოუგო 12:5. იმავე დღეს სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა "მერიფილდზე" შოტლანდია დაამარცხა 6:3. "სკოტებს" თითო ლელო დენი ქრევენმა და ბენი ოსლერმა გაუტანეს.

1954 წელი
"თვიქნემზე" პირველად დაფიქსირდა ანშლაგი. ინგლისის ნაკრებმა კრის ვინის ლელოს წყალობით უელსს 9:6 მოუგო. სტუმართა გუნდში ექვსივე ქულა გვინ როულენდსმა მოიპოვა.

1960 წელი
რიჩარდ შარპს ინგლისის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. "პომებმა" მისი ბრწყინვალე თამაშის წყალობით "თვიქნემზე" უელსის ნაკრებს 14:6 სძლიეს. შარპმა ეროვნულ გუნდში 14 კეპი
მოიხვეჭა და ორჯერ ითამაშა "ბრიტანელი ლომების" შემადგენლობაში სამხრეთაფრიკულ ტურნეში.

1965 წელი
ინგლისისა და უელსის ნაკრებების მატჩზე უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. უელსელმა ფორვარდმა ერთ-ერთ ინგლისელს უკბინა. თამაში უელსელთა გამარჯვებით დასრულდა -14:3. თავი გარემარბმა სტიუარტ ვოტკინსმა გამოიჩინა. მატჩს ჰოლივუდის ვარსკვლავები, რიჩარდ ბარტონი და ელიზაბეტ ტეილორი ესწრებოდნენ.

1969 წელი
ამ დღეს დაიბადა ინგლისის ნაკრების მესამეხაზელი ნეილ ბეკი. მან პარტნიორებთან, რიჩარდ ჰილთან და ლოურენს დალალიოსთან ერთად, უდიდესი წვლილი შეიტანა 2003 წლის მსოფლიოს თასზე ინგლისის ეროვნული გუნდის გამარჯვებაში.

ბეკი "ლესტერ ტაიგერზის" ერთგული იყო და საკმაოდ წარმატებითაც ასპარეზობდა, როგორც შინაურ ჩემპიონატში, ისე "ჰაინეკენის" თასის გათამაშებაში. მან ეროვნულ ნაკრებში 66 კეპი მოიხვეჭა. რაგბიდან წასვლის შემდეგ ჯერ "ლესტერში" იმუშავა ერთ-ერთ მწვრთნელად, მერე კი "ლიდსში" გადაბარგდა.

1971 წელი
უელსის ნაკრებმა ინგლისის ეროვნულ გუნდს 22:6 მოუგო. ჯერალდ დევისმა, რომელიც გარემარბად მეხუთე თამაშს ატარებდა, ორი ლელო მიითვალა. დევისმა ეროვნულ გუნდში პირველი თორმეტი მატჩი შუამარბად ითამაშა და ფრთაზე ნაკრების თავკაცის კლაივ როულენდსის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ გადავიდა. ნაკრებში დებიუტი ჰქონდა ჯო ბევინს, რომელმაც მეტოქეს ლელო გაუტანა.

1998 წელი
ინგლისის ნაკრებმა ჯეფ კუკის ხელმძღვანელობით პირველი შეხვედრა გამართა საფრანგეთის ნაკრებთან და მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 9:10. ინგლისელები მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყვნენ. თუმცა ფრანგთა რვა ნომერის, ლორან როდრიგესის ლელომ "პომებს" გარჯა წყალში ჩაუყარა.

1996 წელი
უელსის ნაკრებმა კარდიფში იტალიის ნაკრებს უმძიმეს ბრძოლაში მოუგო - 31:26. უელსელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა მგეზავ ერველ თომასს, რომელმაც ორი გარდასხვა და ოთხი საჯარიმო გაიტანა (16 ქულა). იტალიის ნაკრების შემადგენლობაში რვა ნომრის პოზიციაზე ყოფილმა "ვოლაბმა", ჯულიან გარდნერმა ითამაშა.

1997 წელი
IRB-მ დაადგინა, რომ ტაიმებს შორის შესვენება ათწუთიანი იქნება. ამასთან გუნდებს ნება დართო, რომ მოთამაშეები შესვენებისას შეეცვალათ, რაც მანამდე აკრძალული იყო.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული