19 იანვარი მსოფლიოს რაგბის ისტორიაში

AutoSharing Option
1908 წელი
ბრისტოლში უცნაური მატჩი გაიმართა. ქალაქის მუნიციპალიტეტის სტადიონზე ინგლისის ნაკრები უელსის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. რა ხდებოდა მოედანზე, ბურუსითაა მოცული, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ბრისტოლში, იმ დღეს, ისეთი ნისლიანი ამინდი იდგა, სტადიონზე მისულმა 25 ათასმა ქომაგმა ვერაფერი გაარჩია.

ეგრეთ წოდებული "გამჭვირვალე მატჩი" კი უელსის ნაკრებმა 28:18 მოიგო. სტუმართა შუამარბმა რასტი გებმა ორი ლელო გაიტანა.

1913 წელი
ინგლისის ნაკრებმა პირველად დაამარცხა უელსის ეროვნული გუნდი სტუმრად "არმს პარკზე". ინგლისელთა მგეზავმა რონი პულტონმა, რომელიც მოგვიანებით პირველ მსოფლიო ომში
დაიღუპა, არეკნი ხუთჯერ დაარტყა და მხოლოდ ერთი გაიტანა. ინგლისმა მშრალი ანგარიშით მოიგო - 12:0.

1930 წელი
სემ ტაკერს დებიუტი ჰქონა ინგლისის ნაკრებში. ის ეროვნულ გუნდში უელსთან თამაშის დღეს, 11 საათზე გამოიძახეს. ტაკერი სასწრაფოდ გადაფრინდა ბრისტოლიდან კარდიფში და "პომების" რიგებში შერკინების კვაჭის პოზიცია დაიკავა. ინგლისელებმა 11:3 მოიგეს.

1958 წელი
უელსის ნაკრებს "თვიქნემზე" ინგლისის ეროვნულ გუნდან ტრადიციული წითელი ფორმებით უნდა ეთამაშა, რომელზეც უელსის პრინცის გერბი იყო გამოხატული. ფორმა სადღაც გაქრა, რამაც დიდი აურზაური გამოიწვია. ბოლოს უელსელებმა თეთრი კვართებით ითამაშეს.

1964 წელი
შოტლანდიის ნაკრებმა "მერიფილდზე" ახალზელანდიელთა შეტევებს გმირულად გაუძლო. თამაში 0:0 დამთავრდა. "სკოტებს" ახალი ზელანდიის დამარცხება 1983 წელს შეეძლოთ, თუმცა ამ შეხვედრაშიც ფრე აღინიშნა - 25:25.

1975 წელი
უელსის ნაკრებმა პარიზში, "პარკ დე პრენსზე" საფრანგეთის ეეროვნულ გუნდს 25:10 მოუგო. მატჩში დებიუტი ჰქონდათ რეი გრეველს და სტივ ფენვიკს. ლელოები გაიტანეს, გრემ პრაისმა, ჯერალდ დევისმა, ტერი კაბნერმა და გერეთ ედვარდსმა.

1986 წელი
ინგლისის ნაკრებმა, რობ ენდრიუს ერთი არეკნისა და ექვსი საჯარიმოს წყალობით, უელსის ეროვნულ გუნდს 21:18 მოუგო. უელსელებმა მეტოქეს ერთი ლელო გაუტანეს, თავი შუამარბმა ბლედინ ბოუენმა გამოიჩინა. პოლ ტორბერნმა სამი საჯარიმო გაიტანა, ჯონათან დევისმა კი არეკნი დაჰკრა ზუსტად. ამ მატჩში დებიუტი ჰქონდა "ბრიტანელი ლომების" მომავალ ცხრა ნომერს, რობ ჯოუნზს.

2009 წელი
ჰეინეკენის თასის გათამაშების მეოთხედფინალში "კარდიფ ბლუზმა" შესანიშნავ გამარჯვებას მიაღწია. უელსურმა გუნდმა "გლოსტერთან" მატჩში 53 წუთის განმავლობაში კაცნაკლულმა ითამაშა და მაინც მოიგო.

მატჩის პირველ ტაიმში "კარდიფის" გარემარბმა ტომ ჯეიმზმა "გლოსტერის" შერკინების კვაჭ ოლივიე აზამის სახეში თავი ჩაარტყა. ჯეიმზს წითელი ბარათი უჩვენეს. ინგლისურმა კლუბმა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენა.

"ტომმა ეს თავდაცვის მიზნით გააკეთა. ეს არ იყო აგრესიული ჟესტი. აზამი ჰოლივუდის მსახიობივით მოიქცა. ის ნამდვილად გაკიცხვის ღირსია. ჩვენ არ გვინდა ისეთი მორაგბეები გვყავდეს, რომლებიც ფეხბურთელებივით იქცევიან", - თქვა "კარდიფის" მწვრთნელმა.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული