აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ამომავალი მზის ქვეყანა მსოფლიო რანგის ოსტატებს იზიდავს. იაპონელები ეგზოტიკასთან ერთად მორაგბეებს მაღალ ანაზღაურებასაც სთავაზობენ. ცხადია, უცხოელი რაგბის ვარსკვლავებმა დიდი გავლენა იქონიეს იაპონური რაგბის განვითარებაზე, რაც ნათლად აისახა ამ ქვეყნის ნაკრების ბოლო მატჩებში. შეგახსენებთ, რომ იაპონელთა ეროვნულ ნაკრებეს ლეგენდარული ახალზელანდიელი გარემარბი ჯონ ქირვანი წვრთნის.
იმათგან, ვინც კარიერის გაგრძელება იაპონიაში მოისურვა, შემდეგ მორაგბეებს გამოვარჩევთ:
ჯონ გრეგანი -
გრეგანი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ის თავის მდიდარ და ძალზედ საინტერესო კარიერას ტოკიოში, "სუნტორი სუნგოლიათის" შემადგენლობაში ასრულებს. "ვოლაბების" ყოფილი ცხრა ნომერი, რომლის შემადგენლობაშიც 1999 წელს მსოფლიო თასი მოიგო, იაპონიაში 2008 წელს ედი ჯოუნზის დახმარებით აღმოჩნდა.
მანამდე გრეგანი ფრანგულ "ტულონში" ასპარეზობდა, სადაც წელიწადში მილიონ დოლარს ირებდა. შარშან გრეგანმა თქვა, რომ ბოლო სეზონს ატარებს და როგორც კი იაპონიის ლიგის გათამაშება დასრულდება ბუცებს ლურსმანზე დაკიდებს.
"იაპონიაში აქმდეც რამდენჯერმე ვყოფილვარ და ყოველთვის მიხაროდა აქ დაბრუნება. ბევრი რამ ვისწავლე. იაპონელები მუდმივად სწავლობენ, ვითარდებიან, მუხლჩაუხრელად შრომობენ და პროგრესსაც აღწევენ. მოთამაშეები ვითარდებიან, მათი დონე დღითიდღე იხვეწება. დღესდღეობით იაპონელებს ბევრი საკმაოდ იმედისმომცემი მორაგბეები ჰყავთ და იმედი მაქვს საერთაშორისო არენაზე წარმატებას მიაღწევენ" - თქვა ჯორჯ გრეგანმა.
ტოუტაი კეფუ - (ავსტრალია, კუბოტა სპირზი)
"ვოლაბების" შემადგენლობაში 60 კეპის მოხვეჭის შემდეგ კეფუმ იაპონიას მიაშურა და იქ შესანიშნავი ხუთი სეზონი გაატარა. ავსტრალიის ნაკრების ტონგური წარმოშობის რვა ნომერი ამჟამად ბრისბენის ერთ-ერთი სარაგბო გუნდის მწვრთნელია. მორაგებობისას დაცვაში გაუვალი და შეტევისას შეუჩერებელი, საკმაოდ გულწრფელიც გამოდგა. მან საჯაროდ გულახდილად თქვა, რა ზიანი მოაქვს უცხოელ რაგბის ვარსკვლავებს იაპონური რაგბისთვის:
"ისეთ მოთამაშეებს როგორიც გრეგანი და ლერჰემია იაპონიაში დიდი ფულის შოვნა შეუძლიათ, მაგარმ ეს სერიოზულ პრობლემას უქმნის რაგბის მომავალს ამ ქვეყანაში. ზოგიერთი კლუბი, ფაქტობრივად, სამოყვარულოდ გადაიქცა, რადგან მაღალი დონის პროფესიონალ მორაგბეებზე თითქმის მთელი ქონება დახარჯეს. ახლა იაპონურ რაგბის დიდი ჩავარდნა ელოდება, თუმცა საბედნიეროდ მაინც არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ რაგბიში ფული ჩადონ და მის განვითარებაზე იზრუნონ" - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში კეფუმ.
ჯეიმზ ერლიდჯი (ახალი ზელანდია, დოკომო კანსაი)
ის ახალზელანდიურ ჰემილთონში დაიბადა. ერლიდჯი საკმაოდ ახალგაზრდა იყო, როცა კარლოს სპენსერს დუბილორობას უწევდა. ახალზელანდიური კარიერის ხანაში ის ოქლენდში, ნორთლენდსა და ოტაგოში თამაშობდა. 2003 წელს კი ზე 12-ის გათამაშებაში "ჰაილენდერზის" შემადგენლობაშიც იასპარეზა.
ჟეიმზ ერლიდჯი იაპონიაში 2004 წელს გადაბარგდა და ოსაკას "დოკომო კანსაიში" ჩაირიცხა. მაშინ გუნდებს მატჩში სამ უცხოელზე მეტი მოთამაშის გამოყვანა არ შეეძლოთ. მოგვიანებით ერლიდჟი უელსურ "ნიუპორტსა" და ინგლისურ "ნოტინჰემში" თამაშობდა.
ტონი ბრაუნი (ახალი ზელანდია, სანიო უაილდ კნაითს)
ბრაუნის კარიერა იაპონიაში წარმატებული გამოდგა. "ოლ ბლექსის" ყოფილი მგეზავი, რომელმაც 18 კეპი მოიხვეჭა, ტოკიოს მახლობლად, პატარა ქალაქ ოტას "სანიო უაილდ კნაითსში" 2005 წელს გადაბარგდა.
2007-08 წლების სეზონში ბრაუნმა გუნდთან ერთად იაპონიის ლიგა მოიგო. ხოლო ქომაგთა გამოკითხვის შედეგად გათამაშების საუკეთესო მორაგბედ აღიარეს. ის იძულებული გახდა რაგბიდან 2008 წელს წსულიყო, რადგან ერთ-ერთ მატჩში სიცოცხლსითვის საშიში ტრავმა მიიღო.
რიკო გეარი (ახალი ზელანდია, კინტეცუ ლაინერზი)
მან 2004-07 წლებში "ოლ ბლექსის" შემადგენლობაში 19 კეპი მოიხვეჭა. კეთილი ნების თამაშებზე კი შვიდკაცა რაგბიში შესანიშნავად ითაამაშა, ახალი ზელანდიის ნაკრებმა იქ პირველობა არავის დაუთმო. 2007 წლის მსოფლიო თასზე განცდილი კრახის შემდეგ რიკო ნაკრებიდან გაუშვეს და მან ახალი თავშესაფარის ძებნა დაიწყო. ჯერ ინგლისურ "ვორსტერში" გადაბარგდა, მაგრამ ხშირი ტრავმების გამო კარიერა ვერ ააწყო. 2010 წელს კი ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილი მოთამაშის პიტერ სლანის მიწვევით ამომავალი მზის ქვეყანაში გადაბარგდა. სლანი "კინტეცუ ლაინერზის" მთავარი მწვრთნელია.
ლეონ მაკდონალდი (ახალი ზელანდია, იამაჰა ძუბილო)
მან იაპონიას პირველად 2004 წელს მიაშურა, სადაც "იამაჰა ძუბილოში" ჩაირიცხა. მაკდონალდმა ფულბეკის პოზიციაზე "ოლ ბლექსის" შემადგენლობაში 56 კეპი მოიხვეჭა და 141 ქულა მოიპოვა. მან 2003 და 2007 წლების მსოფლიო თასის გათამაშებაშიც იასპარეზა. ლეონმა ზე რაგბის გათამაშებაშიც გამოიჩინა თავი. 2009 წელს კი ისევ იაპონიაში დაბრუნდა და "კინტეცუ ლაინერზში" ჩაირიცხა. აქ მან სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც სამშობლოში დაბრუნდა და "ტასმანის" მწვრთნელი გახდა.
ფური დუ პრი - (სამხრეთ აფრიკა)
სამხრეთ აფრიკის ნაკრების ცხრა ნომრისთვის იაპონიაში გადაბარგება, შესაძლოა, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება გამოდგეს. დუ პრი ერთ-ერთ იაპონურ კლუბთან კონტრაქტს 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ გააფორმებს. თუმცა იქამდე, გამორიცხული არ არის, მისი დატოვება გუნდში პრეტორიის "ბლუ ბულზმა" სცადოს.
ფური დუ პრის ტრავმის გამო გასული სეზონი გაუცდა და ძალიან უნდა კარიერა იაპონიაში განაგრძოს.
"ძალიან მინდა გარემო შევიცვალო და სხვა კულტურაში ვცადო ძალა. ახალი კონტრაქტი საშუალებას მომცემს ბევრი ახალი ვნახო, ვისწავლო, თამაში უფრო მრავალფერვანი გავხადო. თანაც დროა ვიფიქრო აქტიური კარიერის დასრულებაზე. მინდა, მოგვიანებით, მწვრთნელად ვიმუშავო." - თქვა ფური დუ პრიმ.