"ხარებს" კისერი მოუგრიხეს

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშების მე-14 ტური, მისი ცენტრალური მატჩით, B ჯგუფის ლიდერის ჰემილთონის "ჩიფსისა" და C ჯგუფის მეორეადგილსანის, პრეტორიის "ბლუ ბულზის" დაპირისპირებით გაიხსნა.

ორივე გუნდი წლევანდელი გათამაშების უდავო ფავორიტები არიან და მათი ჯახი მით უფრო საინტერესო იყო.

პირველ ნახევარში "ლურჯი ხარების" შერკინებამ აშკარად დაჩაგრა მასპინძელთა მორკინალები და, შესაბამისად, შესვენებაზე რვაქულიანი უპირატესობით წავიდა - 16:8.

სტუმრებმა ერთადერთი ლელო შესანიშნავი, მრავალფაზიანი შეტევის შედეგად გაიტანეს. მორკინლების მოკლე დარტყმების შემდეგ ცხრა ნომერმა ფრანუსა ჰუგარმა ბურთი მარცხნივ გრძელ ფრთაზე გაიტანა, სა
დაც გარემარბი ბიორნ ბესონი შესანიშნავად გაისარჯა და ჩათვლი მოედანში შეაღწია.

შესვენების შემდეგ პრეტორიელები ანგარიშში უპირატესობას 61-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ - 22:21. მასპინძლებმა თამაშის ტემპს უმატეს და 68-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა მესამეხაზელმა სემ კეინმა გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანა - 28:22.

დამრტყმელების ორთაბრძოლაში მასპინძელთა მგეზავ აარონ კრადენს, რომელმაც გუნდს 13 ქულა შესძინა (ორი გარდასახვა და სამი საჯარიმო) სამხრეთაფრიკელმა მორნი სტეინმა აჯობა. მის ანგარიშზე 17 ქულაა (ოთხი საჯარიმო, ერთი არეკნი და ერთი გარდასახვა).

ამავე ჯგუფში, ველინგტონის "ჰარიკენზი", რომელიც წელს ძალზედ არასტაბილურად ასპარეზობს, შინ მიიღებს A ჯგუფში მესამე ადგილზე აღზევებეულ "მელბურნ რებლზს". ეს გუნდი ზე რაგბიში მეორე წელიწადია თამაშობს და მისგან ასეთ კადნიერებას არავინ ელოდა.

მელბურნელებმა სატურნირო ცხრილში თვით სიდნეის "ვორათაზსაც" გაუსწრეს, რომელიც დასაწყისშივე ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა.

B ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში, პირისპირ დანიდინის "ჰაილენდერზი" და ჯგუფის აუტაიდერი ოქლენდის "ბლუზი" დადგებიან. დანიდინელებს ჯერ კიდევ აქვთ თეორიული შანსი პლეი ოფში გააღწიონ, თუმცა საამისოდ, რეგულარულ გათამაშებაში დარჩენილი ყველა შეხვედრა უნდა მოიგონ.

B ჯგუფი
ჩიფსი-ბლუ ბულზი 28:22, ჰარიკენზი-მელბურნ რეგლზი, ბლუზი-ჰაილენდერზი.

სატურნიტრო მდგომარება

1. ჩიფსი - 53 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 42, 3. ჰაილენდერზი - 39, 4. ჰარიკენზი - 35, 5. ბლუზი - 16.

* * *
A ჯგუფში დიდი ინტერესს იწვევს ლირების კანბერას "ბრამბიზისა" და ბრისბენის "რედსის" დაპირისპირება. ბრამბიზელები პირველოვე ტურიდან პირველობენ და, სავარაუდოდ, ზე რაგბის შარშანდელ გამარჯვებულს, რომელიც აგერ მერამდენე ტურია შესანიშნავად ათამაშდა, იოლად არაფერს დაუთმობენ.

"წითლებმა" წლევანდელი გათამშება ძალიან ცუდად დაიწყეს, თუმცა ნელ-ნელა სათამაშო ფორმა აღიდგინეს და ისევ ლიდერთა შორის გაერივნენ.

გუნდს დაუბრუნდა ტრავმამოშუშებული ქუადე კუპერი, რომელიც, მართალია, არაორდინალური მოთამაშეა, მაგრამ ჯერ კიდევ შორსაა ჩვეული ფორმისგან.

ამავე ჯგუფის აუტსაიდერი "პერთის" ფორსი შინ ეთამაშება C ჯგუფის ბოლოადგილოსან იოჰანესბურგის "ლაიონზს".

ამ გუნდების დაპირისპირებას, ფაქტობრივად, არანაირი სატურნირო დატვირთვა აქვს. ამჯერად, ორივე გუნდი პრესტიჟისთვის იბრძოლებს, რათა საერთო ჩათვლაში სატურნირო ცხრილი ფსკერზე არ აღმოჩნდნენ.

A ჯგუფი
ბრამბიზი-რედსი, ფორსი-ლაიონზი

სატურნირო მდგოამრეობა
1. ბრამბიზი - 44 ქულა, 2. რედსი - 36, 3. მელბურნ რებლზი - 29, 4. ვორათაზი - 28, 5. ფორსი - 19.

* * *
C ჯგუფის ლიდერი კეიპთაუნის "სტორმერზი" სტუმრად ეთამაშება მესამეადგილოსან "ნატალ შარქსს", რომელიც პლეი ოფში გასვლისთვის იბრძვის.

"ზვიგენებს" 13 მატჩიდან შვიდი მოგება და ექვსი წაგება აქვს, მაშინ, როცა კეიპთაუნელებმა მხოლოდ ერთი მარცხის სიმწარე განიცადეს.

ამავე ჯგუფის კიდევ ერთი ბინადარი, ბოლოსწინა ადგილზე მყოფი ბლიმფონტეინის "ჩიტაზი" A ჯგუფის მეოთხეადგილოსან სიდნეის "ვორათაზს" უმასპინძლებს. ავსტრალიურ კლუბს ბოლო ხანს კრიზისმა დარია ხელი და, ამჯერადაც, სპეციალისტები ფავორიტად მასპინძლებს მიიჩნევენ.

C ჯგუფი
ჩიტაზი-ვორათაზი, ნატალ შარქსი-სტორმერზი

სატურნირო მდგომარეობა
1. სტორმერზი - 49 ქულა, 2. ბლუ ბულზი - 48, 3. ნატალ შარქსი - 41, 4. ჩიტაზი - 27, 5. ლაიონზი - 14.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული