ზე რაგბი: ახალი თაობა წინა პლანზე გამოდის

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშების მე-8 ტური მასპინძლების უპირატესობით წარიმართა.

ერთადერთი გუნდი, რომელმაც სტუმრად გამარჯვებას მიაღწია, ავსტრალიის კონფერენციის ბინადარი "მელბურნ რებლზია".

ავსტრალია
ავსტრალიის კონფერენციაში ორივე მატჩი მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა. გათამაშების ლიდერი კანბერას "ბრამბიზი" დებიუტანტს, სამხრეთაფრიკულ "საუთერნ კინგზს" მასპინძლობდა და ფრეს დასჯერდა - 28:28.

"სამხრეთელი მეფეებისთვის" ავსტრალიაში მიღწეული ეს შედეგი ნამდვილი გმირობაა.

სტუმრებმა მასპინძლებს ოთხი ლელო გაუტანეს. აქედან ორი 21 წლის მესამეხაზელის, კორნელ დუ პრის ანგარიშზეა.

საბოლოოდ, ფრეს სამხრეთაფრიკელებმა სწორედ მის მიერ მატჩის ბოლო წუთ
ზე გატანილი ლელოს წყალობით მიაღწიეს.

"მელბურნ რებლზმა" კი, რომელიც ზე რაგბიში მეოთხე სეზონს ატარებს, სტუმრად დაამარცხა ავსტრალიის კონფერენციის აუტსაიდერი პერთის "ფორსი" - 30:23. თამაში მელბურნელებმა შესანიშნავად დაიწყეს და 32-ე წუთამდე 15:0-ს იგებდნენ.

სტუმართა გუნდში ბრწყინვალედ გაისარჯა გარემარბი ჯეისონ ვუდვორდი, რომელმაც მეტოქეს ორი ლელო გაუტანა.

VIII ტური
ბრამბიზი-საუთერნ კინგზი 28:28, ფორსი-მელბუნ რებლზი 23:30
სატურნირო მდგომარეობა: 1. ბრამბიზი - 29 ქულა, 2. რედსი - 22, 3. ვორათაზი - 17, 4. მელბურნ რებლზი - 14, 5. ფორსი - 11.

ახალი ზელანდია
ახალი ზელანდიის კონფერენციაში პირველობისთვის მებრძოლმა ოქლენდის "ბლუზმა" შინ დაამარცხა აუტსაიდერი დანიდინის "ჰაილენდერზი - 29:18. მასპინძლების შემადგენლობაში გამორჩეული იყო ცხრა ნომერი პირი ვიპუ, რომელმაც მეტოქეს ორი ლელო გაუტანა.

საგრძნობლად გამოასწორა სატურნირო მდგომარეობა ველინგტონის "ჰარიკენზმა", რომელმაც შინ მოუგო სიდნეის "ვორათაზს" - 41:29. სტუმრებმა მეტოქეს მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა მატჩის პირველ ტაიმში გაუწიეს, რომელიც ფრედ, 16:16 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ველინგტონელები საგრძნობლად გააქტიურდნენ და სამი ლელოს გატანა მოახერხეს. აქედან ორი გარემარბ ჯულიან სავეას ანგარიშზეა. ყველაზე მეტი ქულა კი გუნდს მგეზავმა ბოდენ ბარეტმა მოუტანა - მან სამი გარდასახვა და ხუთი საჯარიმო გაიტანა (21 ქულა).

VIII ტური
ბლუზი-ჰაილენდერზი 29:18, ჰაიკენზი-ვორათაზი 41:29
სატურნირო მდგომარეობა: 1. ჩიფსი - 25 ქულა, 2. ჰარიკენზი - 23, 3. ბლუზი - 22, 4. კრუსეიდერზი - 21, 5. ჰაილენდერზი - 6.

სამხრეთ აფრიკა
სამხრეთ აფრიკის კონფერენციაში გამართული დაპირისპირება დურბანის "ნატალ შარქსსა" და ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზს" შორის ტურის ცენტრალური მატჩი იყო. "ჯვაროსნებმა", რომლებსაც ზე რაგბის გათამაშება ყველაზე მეტჯერ აქვთ მოგებული, კონფერენციის ლიდერთან 17:21 წააგეს.

სტუმრები 69-ე წუთამდე იგებდნენ - 17:15, თუმცა დასკვნით ათ წუთში "ზვიგენების" მგეზავმა პატრიკ ლამბიემ ორი საჯარიმო გაიტანა და მასპინძლებს მოაგებინა.

აღსანიშნავია, რომ დურბანელებს ყველა 21 ქულა სამხრეთაფრიკული რაგბის ამომავალმა ვარსკვლავმა ლამბიემ მოუტანა (შვიდი საჯარიმო). "კრუსეიდერზის" შემადგენლობაში ისევ არ უთამაშიათ ლიდერებს - რიჩი მაქოას და დენ კარტერს.

"ნატალ შარქსს" სამი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა ბლუმფონტეინის "ჩიტაზი", რომელიც წლეულს ყველასთვის მოულოდნელად შესანიშნავად ასპარეზობს. ამ გუნდმა შინ შეძლო უშუალო კონკურენტის, კაიპთაუნის "სტორმერზის" დამარცხება - 26:24.

მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყვნენ და გამარჯვებას შეხვედრის ბოლო წუთზე მგეზავის, კევინ ბარტონის საჯარიმოს წყალობით მიაღწიეს. ყველაზე შედეგიანი "ჩიტაზელთა" შორის სწორედ ბარტონი გახლდათ, რომელმაც გუნდს 16 ქულა შესძინა (ორი გარდასახვა, სამი საჯარიმო და ერთი არეკნი).

VIII ტური
ნატალ შარქსი-კრუსეიდერზი 21:17, ჩიტაზი-სტორმერზი 26:24.
სატურნირო მდგომარეობა: 1. ნატალ შარქსი - 25 ქულა, 2. ჩიტაზი - 22, 3. სტორმერზი - 16, 4. ბლუ ბულზი - 15, 5. საუთერნ კინგზი - 11.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული