ფორმულა 2-ის ფრანგი პილოტი ანტუან უბერი ბელგიაში მიმდინარე რბოლის პირველივე წრეზე მომხდარი ავარიის შედეგად მიღებული ტრავმებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სპა-ფრანკორშომში მიმდინარე რბოლისას უბერი ტრასიდან გადავიდა და დამცვავ ჯებირებს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ, მანქანა ინერციით ტრასას დაუბრუნდა, უბერის უკან მომავალმა ხუან მანუელ კორეამ რეაგირება ვერ მოასწრო და ფრანგის ბოლიდს დაეჯახა, რაც ახალგაზრდა მრბოლელისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.
რბოლა მალევე შეწყდა, მრბოლელებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა ანტუან უბერის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. რაც შეეხება ხუან მანუელ კორეას, მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.