ამ პოსტზე ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას კანდიდატურა ფედერაციის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა და ამჟამად პირველმა ვიცე პრეზიდენტმა ალექსანდრე მეტრეველმა წარადგინა.
ყრილობის დელეგატებმა, რომელთა შორის იყვნენ ცნობილი და ვეტერანი ჩოგბურთელები - ალექსანდრე მეტრეველი-უფროსი, ირაკლი ლაბაძე, მაკა ჩახნაშვილი, გურამ თოხაძე, მარინე მალაციძე, ვლადიმერ გაბრიჩიძე და სხვები, ერთხმად დაუჭირეს მხარი ხვიჩა მაქაცარიას ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევას, იგი ამ ორგანიზაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
პირველ
ყრილობის შემდეგ ფედერაციის ახალარჩეულ პრეზიდენტს ვესაუბრეთ.
- დიდი მადლობა ყველას, ვინც მენდო და მხარი დამიჭირა, - გვითხრა მან. - ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ისინი არ გავაწბილო.
მოგეხსენებათ, საქართველოში ჩოგბურთს სასახელო ტრადიციები აქვს და მათი აღორძინება აუცილებელია, სპორტის ამ სახეობის პოპულარობა უნდა ავამაღლოთ და ქართველებისთვის ის რაგბივით საყვარელი გავხადოთ.
საამისოდ აუცილებელია უკვე არსებული ინფრასტრუქტურიდან ზოგიერთის თანამედროვე სტანდარტების დონეზე კეთილმოწყობა, კერძოდ, თბილისში, ბათუმში, თელავში; შესაქმნელია ახალი ბაზები.
უყურადღებოდაა დარჩენილი ისეთი დიდი რეგიონები, როგორებიცაა სამეგრელო და იმერეთი, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ.
ზუგდიდში უკვე შევიძინეთ ტერიტორია, სადაც სულ მალე დაიწყება საჩოგბურთო სკოლის მშენებლობა, რომელსაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზა ექნება, მის კორტებზე საერთაშორისო ტურნირებს ჩავატარებთ.
ახლახან სამი მანდილოსნებისა და ერთი ვაჟების 15.000-იანი საერთაშორისო შეჯიბრება გავმართეთ თელავში. წლის ბოლომდე კიდევ მსგავს სამ ასპარეზობას მოვაწყობთ. გაისად მათი რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება, რომ ჩვენს ახალგაზრდებს დაოსტატების მეტი საშუალება მიეცეთ.
მათთვის ცალკე ტურნირებიც იქნება. ჩვენი მათავარი მიზანია, ჩოგბურთელთა ეროვნულ ნაკრებ გუნდებს ღირსეული ცვლა მოვუმზადოთ, რომ ფედერაციისა და დევისის თასებზე კონკურენტუნარიანი გუნდებით წარვდგეთ და უფრო მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლოთ, ვიდრე დღეს გვაქვს.
ცხადია, საამისოდ სახსრები იქნება საჭირო. ამჟამად ფედერაციისთვის გამოყოფილი 500.000 ლარი საკმარისი არ არის. რა თქმა უნდა, კერძო სექტორიდან სპონსორების მოსაზიდად ვიზრუნებ. იმასაც ვეცდებით, რომ ჩოგბურთი საქართველოში სახელმწიფო ზრუნვის საგნადაც ვაქციოთ და მთავრობასთან ერთად მისი განვითარების გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამა შევიმუშაოთ.
მჯერა, რომ ამ საქმეში სპორტის სამინისტრო და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიც აქტიურად დაგვიჭერენ მხარს.
ალექსანდრე მეტრეველი: ჩოგბურთის განვითარებას იმ ადამიანების გვერდში დგომა სჭირდება, ვისაც ძალიან უყვარს სპორტის ეს სახეობა. ბატონი ხვიჩა ასეთ პიროვნებად მიგვაჩნია და მის კანდიდატურას ამიტომაც დავუჭირეთ ერთხმად მხარი. მეც ისევ ჩოგბურთში ვრჩები და ფედერაციის სხვა წევრებთან ერთად მისი პოპულარიზაცია-განვითარებისთვის არაფერს დავიშურებ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"