ქართველი ჩოგბურთელები: ეკა გორგოძის მესამე ტიტული ერთ თვეში

AutoSharing Option
წინა კვირას სტამბოლში გამართულ ჩოგბურთელ ქალთა 15 000-იანი საერთაშორისო ტურნირის ერთეულთა თანრიგში ეკა გორგოძემ (443) გამარჯვება იზეიმა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის პირველი-ორი წრე ძალების დაუძაბავად განვლო. მეოთხედფინალში ხორვატ ენა კაჟევიჩს 63 წუთში მოუგო - 6:1, 6:1, ნახევარფინალში კი ბულგარელი პეტია არშინკოვა დაამარცხა. ორთაბრძოლა საათსა და 47 წუთს გაგრძელდა. პირველი ხელი ჩვენებურმა იოლად მოიგო - 6:2, მეორე სეტში დაძაბული პაექრობით მიაღწია წარმატებას - 7:5. საგულისხმოა, რომ არშინკოვამ 13-დან მხოლოდ 4 ბრეიკპოინტი გამოიყენა, გორგოძემ კი - რვიდან შვიდი.

გადამწყვეტ პაექრობაში გორგოძე ბულგარელ გაბრიელა
მიხაილოვას დაუპირისპირდა. პირველ სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა სამი გეიმი დათმო, მეორეში - მხოლოდ ერთი. მატჩში ერთი ეისის ჩაგდება გორგოძემ მოახერხა, 10-დან ექვსი ბრეიკპოიტი გამოიყენა (მეტოქემ 4-დან ორი), საბოლოოდ საათსა და 25 წუთში 6:3, 6:1 გაიმარჯვა და მთავარი პრიზიც მოიპოვა.

გორგოძე ისევ სტამბოლში რჩება და ამ კვირას ახალ 15 000-იან საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება.

აღსანიშნავია, რომ გორგოძემ კარიერაში მე-11 ტიტული მოიპოვა ერთეულთა თანრიგში. თუ წყვილებსაც ჩავთვლით, ეს ტიტული მისთვის 31-ეა. 2017 წელს მან სამი ტურნირი მოიგო ერთეულებში - ივლისში სტამბოლსა და თელავში იმარჯვა, აგვისტოში - ისევ სტამბოლში.

* * *
დიდ ბრიტანეთში იმყოფება მარიამ ბოლქვაძე. გუშინ მან 25 000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპიდან აიღო სტარტი. პირველ წრეში მასპინძელ იზაბელ პიარნშავს სძლია - 6:3, 6:4 და მეორეში მთავარ ბადეში მოსახვედრად, ასევე, ბრიტანელ ემა ჰურსტთან გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა თანამემამულე თარო კიინსი დაჯაბნა - 6:1, 6:0.

* * *
გერმანიაში 60 000-იან ტურნირში ითამაშებს სოფიო შაფათავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული