ავსტრალიის ღია პირველობა: ნიკოლოზ ბასილაშვილის ბადე და შესაძლო მეტოქეები

AutoSharing Option
ავსტრალიის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქის ვინაობა უკვე ცნობილია.

ბასილაშვილი ავსტრალიაში ჟერალდ მელცერით იწყებს - ვინ არის მეტოქე?

საქართველოს პირველი ჩოგანის მეტოქე ჟერალდ მელცერი უკვე გაგაცანით და ამ ჩოგბურთელების ურთიერთშეხვედრების ისტორიაც გავიხსენეთ.

ახლა კი ამ სტატიაში იმ შესაძლო ვარიანტებს განვიხილავთ, რომელიც ბასილაშვილის ბადეს უკავშირდება.

მაშ ასე, პირველი მეტოქე - ჟერალდ მელცერი.

ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ ბასილაშვილს პირველ წრეში ნამდვილად ადვილი მეტოქე შეხვდა. მართალია, ჩოგბურთში თამაში უკვე ადვილი აღარავისთან აღარ არის, მაგრამ ჩვენებური მეტოქეს კლასით რომ აღემატება, ეს აშკარაა.

მელცერი
გრუნტის მოთამაშეა. მას ბადესთან სიარული უყვარს და ბასილაშვილმა ალბათ ვარჯიშებზე ბადესთან ბურთის გატარების კომპონენტი უნდა დახვეწოს, რადგან მეტოქე აქტიურ თამაშს შეეცდება.

პირველი ბარიერის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, ბასილაშვილი 10 სარეიტინგო ქულას და 50 000 დოლარს გამოიმუშავებს.

და ვინ შეიძლება იყოს მეორე წრეში მისი მეტოქე? რა თქმა უნდა, აქ სიტუაცია გაცილებით რთულადაა. ეს კი, ალბათ, ფრანგი ლუკა პული იქნება - მსოფლიო რეიტინგის მე-18 ნომერი.

ფრანგის მეტოქე ჯერჯერობით ცნობილი არაა, იგი პირველ წრეში კვალიფიკაციის გამარჯვებულს შეხვდება.

რა შანსები ექნება ბასილაშვილს პულისთან და შეხვედრიან თუ არა ისინი ერთმანეთს?

ჩოგბურთელები კარიერაში ერთმანეთს არასდროს დაპირისპირებიან. ფრანგი ჩოგბურთელი ქართველზე 2 წლით უმცროსია (23 წლის) და ბოლო წლებში უდიდეს პროგრესს განიცდის.

კარიერაში მას 6 "ეიტიპის" ფინალი აქვს ნათამაშები, საიდანაც 4-ში გამარჯვება თავად დაიტოვა.

თუმცა, ბასილაშვილს ძლიერი მეტოქის დამარცხება რომ შეუძლია, ეს ბევრჯერ დაამტკიცა და ლუკა პულიც აუღებელი ციხესიმაგრე არა გვგონია, რომ იყოს.

ამ შესაძლო წყვილში გამარჯვებული კი 45 სარეიტინგო ქულასა და 80 000 დოლარს გამოიმუშავებს.

ამ ორი ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში ბასილაშვილს ამ ოთხი ჩოგბურთელიდან ერთ-ერთი დაუპირისპირდება. ესენი არიან: კევინ ანდერსონი, კაილ ედმუნი, პიერ ჰიუგო ერბერი და დენის ისტომინი.

რა თქმა უნდა, ამ ოთხ ჩოგბურთელში ფავორიტი ანდერსონია, თუმცა, შემდეგ ეტაპზე გასვლა ნებისმიერ მათგანს შეუძლია.

მესამე წრის დაძლევის შემთხვევაში კი 90 სარეიტინგო ქულა და 150 000 დოლარია დაშვებული.

ავსტრალიის ღია პირველობის ძირითადი ბადის შეხვედრები 15 იანვარს დაიწყება.

როდის ითამაშებს თავის პირველ მატჩს ბასილაშვილი, ჯერჯერობით ცნობილი არაა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული