საით მივდივართ?! - მაროკოს ქვიშაში ჩამარხული ქართული ჩოგბურთი

AutoSharing Option
მაროკოს ქალაქ კასაბლანკაში ქართულმა ჩოგბურთმა დიდი დარტყმა მიიღო.

ევრო-აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფში ჩვენი ნაკრები, შეიძლება ითქვას, რომ საჰარის ქვიშაში ჩაიკარგა. ამ შეხვედრებმა პრობლემები კიდევ უფრო ცხადყო.

უპირველეს ყოვლისა, ამ სტატიაში მარტო ნეგატივის თქმა არ გვსურს და გვინდა სანდრო მეტრეველს იმ ცუდი ამბის შემდეგ ნაკრებში დაბრუნება მივულოცოთ და შემდეგში წარმატებები ვუსურვოთ.

თავად სანდროს თამაშს წყვილებში აშკარად ეტყობოდა, რომ იგი დიდი ხანია კორტზე არ გამოჩენილა. მას პირველი ჩაწოდება თითქმის არ გამოსდიოდა, მაგრამ მომენტებში შესანიშნავ დარტყმებს ასრულებდა. თუმცა მან თავისი საქმე გააკეთა და
ნიკოლოზ ბასილაშვილთან
ერთად წყვილების თამაში მოიგო.

მივყვეთ თანმიმდევრობით: მაროკო-საქართველოს დაპირისპირებაში პირველები კორტზე ლამინე უაჰაბი და გიორგი ცივაძე გამოვიდნენ. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ ჩვენებური მეტოქეს კლასითაც და სათამაშო გამოცდილებითაც ჩამოუვარდებოდა. ციდან ვარსკვლავებს არც უაჰაბი წყვეტს, მაგრამ მისი გამარჯვება ნაწინასწარმეტყველები იყო და მაროკოს ნაკრებიც ადვილად დაწინაურდა.

ლამინ უაჰაბი-გიორგი ცივაძე 6:3, 6:3

მაგრამ ის, რაც შემდეგ მოხდა, არა მარტო ჩვენი ნაკრებისთვის, არამედ მიმდინარე საჩოგბურთო სეზონის ერთ-ერთი სენსაციაა. ჩვენი ფავორიტი ჩოგბურთელი და საქართველოს პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 698-ე! ნომერთან დამარცხდა. რას შეიძლება გამოეწვია ეს, როდესაც უკვე მსოფლიო ჩოგბურთში მშვენიერი სახელის და გამარჯვებების ავტორი უცნობ 20 წლის ბიჭთან მარცხდება?!

ბასილაშვილმა "რუსთავი 2"-ზე ერთ-ერთი გადაცემაში მაროკოში წასვლის წინ განაცხადა, რომ მას ბოლო 2 წელია ტრავმა აწუხებს, რომელიც ხელს ჩაწოდებაში უშლის. იგი პირველ მოწოდებას სწრაფად ვერ აწვდის, რაც შემდეგ კოორდინაციასა და გადაადგილებაში ხელს უშლის. თუმცა, ნიკოლოზმა იქვე თქვა, რომ ეს განსაკუთრებული პრობლემა არ იყო და ტკივილიც ნელ-ნელა ქრებაო.

აქვე ვთქვათ, რომ ნამდვილად რთულია, როდესაც ჩოგბურთელი სეზონს სხვა საფარზე იწყებ და შემდეგ სხვაზე აგრძელებ. ავსტრალიის ღია პირველობაზე შესანიშნავი ასპარეზობის და ლამის 1/8-ფინალში გასვლის შემდეგ ვინ იფიქრებდა, რომ ბასილაშვილი ასეთ დონეზე შერცხვებოდა?

მით უმეტეს, მან პირველი სეტი მოიგო და შემდეგ იმდენი მოახერხა, რომ პირველი სათამაშო დღის შემდეგ მაროკოს ნაკრები 2:0 დაწინაურდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი-ამინ აჰუდასი 6:3, 3:6, 3:6

მეორე დღეს გულშემატკივარს ჰქონდა იმედი, რომ ყველაფრის შეცვლა შეიძლებოდა და გამარჯვების მოპოვების შანსიც ბასილაშვილი/მეტრეველის წყვილმა დაგვიტოვა. თუმცა, ამ შეხვედრაში ძალიან ბევრი შეცდომა და ბრეიკი იყო. ბასილაშვილი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა და ამაში მხარს მას მეტოქეებიც უბამდნენ. თუმცა, ბოლოსკენ ჩვენებურებმა გარდატეხა შეიტანეს და მეტოქეს ზედიზედ 5 გეიმი აართვეს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი/სანდრო მეტრეველი-ამინ აჰუდასი/ლამინე უაჰაბი 7:6, 4:6, 6:2

ამ თამაშის შემდეგ ანგარიში საერთო ჯამში 2:1 გახდა და კორტზე ცოტა ხანში ისევ ბასილაშვილი და უაჰაბი გამოჩნდნენ. აქ კი სრული კატასტროფა მივიღეთ. ალბათ, კარგი იქნებოდა, ნიკოლოზი დევისის თასის შესახებ განცხადებას თუ გააკეთებდა. ასეთი კატასტროფული წაგება, ამ დონის ჩოგბურთელთან, მართლაც საოცრება იყო და იმედია, ბასილაშვილი ამის მიზეზებზე ისაუბრებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი-ლამინე უაჰაბი 1:6, 3:6

საბოლოო ჯამში, 3:1 დავმარცხდით. მე-5 შეხვედრის ჩატარება საჭირო აღარ გახდა. ანდა რა აზრი ჰქონდა, გიორგი ცივაძე ერთ ქულას კიდევ მოგვიტანდა თუ არა?! ფაქტი ერთია, საქართველოს საჩოგბურთო ნაკრებმა მაროკოში საშინელი შთაბეჭდილება დატოვა.

აქვე სხვა თემებზეც ვთქვათ, რასაც ამ შედეგამდე მივყავართ. რამდენიმე კვირის წინ სოფიო შაფათავას ინტერვიუ შემოგთავაზეთ, რომელიც ამბობდა, რომ მუშაობა უწევს იმისთვის და სხვა საქმით დაკავება, რათა ტურნირზე წასასვლელი ფული გამოიმუშაოს, ამის გამო კი ვარჯიშების გაცდენა უწევს. ის ასევე ამბობდა, რომ სახელმწიფო ჩოგბურთის ფედერაციას მცირე თანხებით აფინანსებს.

აქვე დაფინანსების შესახებაც ვთქვათ... ამ მხრივ ქართულ ჩოგბურთში მართლაც კატასტროფული მდგომარეობა რომ არის, ფაქტია. ანა ტატიშვილი ამერიკაში სწორედ ამის გამო წავიდა. რუსეთის სახელით ასპარეზობდა თავის დროზე ნიკოლოზ ბასილაშვილიც.

აღსანიშნავია, რომ ჩოგბურთის ფედერაციას თავისი საიტიც არ უმუშავებს?! სანდრო მეტრეველსაც ფედერაციასთან კონფლიქტი სწორედ დაფინანსების გამო ჰქონდა.

თავად ფედერაციის პოზიცია კი შემდეგია - რასაც გამოჰყოფს სახელმწიფო, ის თანაბრად უნაწილდება ყველა სპორტსმენს. ჩვენს ქვეყანაში ერთი ჩელენჯერის დონის ტურნირიც რომ არ არსებობს, კიდევ სხვა ფაქტია. არც სახელმწიფო და არც ფედერაცია სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციის მიზნით არანაირ ნაბიჯს არ დგამს.

ფაქტი ერთია, ჩვენ მე-2 ჯგუფში დასარჩენად ლუქსემბურგთან ვიბრძოლებთ... ქართული ჩოგბურთი კი მაროკოს სიცხიან ქვიშაში ჩაიმარხა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ბ–ნ ლაშა ბეგიაშვილს
ბატონო ლაშა, მოიკითხეთ ფედერაციის მუშაობა, მათი ფინანსები, თანხების გადანაწილება, განკარგვა...
გაარკვიეთ რა დამსახურებით ან რა პროგრამით არის არჩეული ფედერაციის პრეზიდენტი.
საერთოდ იცით ვინ არის?
დასვით შეკითხვა – რა გააკეთა ახალმა პრეზიდენტმა 6–7 თვის განმავლობაში, რამდენჯერ იყო მისული "სამსახურში"?
რატომ არ ხდება გეგმის მიხედვით განვითარება ასაკობრივი ნაკრებების?
ეს ის სპორტია, რომელსაც თავისი შესაძლებლობებით ოჯახი ვერ გასწვდება, ძალიან დიდი თანხებია საჭირო – ამ დროს სრული არაპროფესიონალიზმია ფედერაციაში.
დაინტერესდით დასმული შეკითხვებით და გამოიტანეთ სააშკარაოზე ფედერაციის მუშაობა.
გამოითხოვეთ ფინანსები და გააცანით საზოგადოებას.
ვინც ვარ
16:31 05-02-2018
1
mamulo-ს. აბსოლიტურად არაპროფესიონალური და დილეტანური მოსაზრებაა. რას ქვია მხოლოდ წარმატებული სპორტის სახეობა დაფინანსდეს? შე დალოცვილო, თუ ქვეყანას უჭირს და ნახევარი საქართველო, შენი თქმით თუ ვიმსჯელებთ შიმშილობს, მაშინ ხომ არ ჯობდა ჯერ კუჭებისთვის მიგვეხედა და მერე სპორტისათვის? რა შუაშია აქ დაყოფა -წარმატებული და ნაკლებად წარმატებული სპორტის სახეობებისა? ერთი ის მითხარი ხელბურთი და ფეხბურთი, რაანაირად არის სპორტის წარმატებული სახეობა? განსაკუთრებით ბოლო 25-30 წელს თუ ავიღებთ? შენი ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტი სწორედაც რომ ჩოქგბურთია, სადაც ევროპის მრავალგფზის ჩემპიონი და იუბმლდონის ფინალისტიც კი კვყავს ალიკა მეტრეველის სახით. ლეილა მესხი კი რამოდენიმე წლის განმავლობაში შედიოდა მსოფლიოს 10 საუკეთესოებს შორის, ასევე კაკულია და თუხარელი. ასეც რომ არ იყოს, უფრო მეტი დაფინანსება უნდა სპორტის იმ სახეობას, სადაც მეტი ჩავარდნაა (მაგალითად ფეხბურთის სახელმწიფო პროგრამა იკმარებდა) და არა იმას, სადაც წარმატებაა, რადგან წარმატებას ფინანსები ისედაც ახლავს თან. როცა თქვენს მსგავს "პროფესიონალურ" შეფასებებს ვეცნობი, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ტვინი მართლაც რომ კუნთია და ვარჯიში აუცილებლად ჭირდება.
გიგა ეზაკელი
16:08 05-02-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული