ეკატერინე გორგოძე: ვინაიდან არ მყავს სპონსორი, ვერ ამყავს პირადი მწვრთნელი

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ზედიზედ ორი ტურნირი მოიგო. მან რეიტინგში მნიშვნელოვნად წაიწია წინ და ამჟამად მსოფლიოს 168-ე ჩოგანია.

ეკატერინე ამჟამად წლის ბოლო დიდი სლემისთვის, ამერიკის ღია პირველობისთვის ემზადება.

Sportall.ge გორგოძეს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- ბოლო ორ ტურნირზე შესანიშნავად იასპარეზეთ და რეიტინგშიც წინ წაიწიეთ. რის ხარჯზე მოვიდა ეს წარმატება?
- ეს წარმატება თავდაუზოგავი შრომისა და საკუთარ თავზე მუშაობის ხარჯზე მოვიდა.

- განსაკუთრებით მძიმე ჰეჩინგენის ტურნირი იყო. ფინალში კი ძალიან ცნობილი ჩოგბურთელი და გრუნტზე ბრწყინვალედ მოთამაშე ლაურა ზიგმუნდი შეგხვდათ. რამდენიმე თვის
წინ მასთან ორ სეტში წააგეთ...

- დიახ, ჩვენს წინა შეხვედრაში ლაურა ზიგმუნდთან ორ სეტში დავმარცხდი და სხვათა შორის, მასთან ჰეჩინგენის ცენტრალურ კორტზეც მქონდა წაგება.

თავდაჯერებულობის და სწორი თამაშის ხარჯზე მისი ადვილად დამარცხება მოვახერხე.

Sportall.Ge

- რეიტინგში თქვენი მაქსიმალური მაჩვენებელი დააფიქსირეთ...
- მივდივარ დასახული მიზნისკენ. როდესაც იცი, რა გინდა და რის შესაძლებლობასაც გაძლევს თუნდაც შენი ფიზიკური მონაცემები, გამარჯვებები და წინსვლა აუცილებლად მოდის.

- ახლა წინ ამერიკის ღია პირველობა გელით. თქვენ, ძირითადად, გრუნტზე თამაშობთ. როგორც ცნობილია, საკვალიფიკაციო ეტაპზე იქნებით. ხომ არ გაგიჭირდებათ საფარის გამოცვლა და ასე უცბად "ჰარდზე" ადაპტირება?
- ჰეჩინგენის ტურნირამდე "ჰარდზე" ჩავატარე ასტანის ტურნირი და მოკლე პერიოდი მომიწია თიხაზე თამაში. თიხიდან "ჰარდზე" ადაპტირება უფრო ადვილია, ვიდრე პირიქით.

- როგორც ცნობილია, დიდი სლემის ძირითად ბადეში არასდროს გითამაშიათ. როგორ ფიქრობთ, რა შანსები გაქვთ ძირითად ბადეში შესვლის?
- რა თქმა უნდა, შანსები დიდია. მაქვს ჩემი თავის იმედი და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო 2 ტურნირზე საკმაოდ კარგი რეიტინგის მოთამაშეები დავამარცხე, თავდაჯერებული ვარ.

- ვინ არის თქვენი მწვრთნელი და სად ემზადებით ტურნირებისთვის?
- ამ ეტაპზე მწვრთნელი არ მყავს, ხოლო მზადებას საქართველოში გავდივარ.

- ვინ შედიან თქვენს გუნდში? ჩოგბურთელების უმეტესობას გუნდში ფიზიო, ფსიქოლოგი და ა.შ. ჰყავს. როგორ არის თქვენს შემთხვევაში?
- როგორც აღვნიშნე, ამ ეტაპზე მწვრთნელი არ მყავს. მყავს გუნდი, რომელიც ფიზიკურ მომზადებაში და ასევე, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მეხმარება.

- როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი პლუსი კორტზე? რომელ დარტყმას ანიჭებთ უპირატესობას?
- ჩემი პლუსი არის ის, რომ შემიძლია ნებისმიერ მოთამაშეს მოვერგო და ისეთი თამაში ვითამაშო, რომელიც მათ უჭირთ. საყვარელი დარტყმა ხაზის გასწვრივ "ფორჰენდია".

Sportall.Ge

- ქალთა ჩოგბურთში საკუთარი ჩაწოდების შენარჩუნება ძალიან რთულია...
- კარგია, რომ ცაცია ვარ... ზოგადად, მოთამაშეებს ცაციების ჩაწოდება არ უყვართ.

- როგორ ფიქრობთ, რა იქნება თქვენი მაქსიმუმი და რა არის თქვენი სამომავლო მიზანი?
- იმას არ ვფიქრობ, რომ რაღაც შესაძლოა, მაქსიმუმი და ზღვარი იყოს. გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება. სამომავლო მიზანი უკვე სლემების ძირითად ბადეში თამაში იქნება.

- ბოლო პერიოდში ქართველმა ჩოგბურთელებმა ტურნირებზე წარმატებას მიაღწიეთ. იგივე ნიკოლოზ ბასილაშვილი რომ ავიღოთ და ასევე თქვენ. როგორ ფიქრობთ, საიდან მოვიდა ეს წარმატება და რამდენად გეხმარებათ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია?
- ჩემი და ნიკოლოზის წარმატება ჩვენმა შრომამ და საკუთარ თავზე მუშაობამ განაპირობა. არ იქნება წარმატება, თუ თავდაუზოგავად არ იშრომებ.

ნიკამ საკმაოდ რთული გზა გამოიარა, რომ ისეთ პირობებში, როგორიც საქართველოშია, მიეღწია ამ უდიდესი წარმატებისთვის. სხვათა შორის, მან ეს აღნიშნა, როდესაც ბოლო ტურნირის მოგება მომილოცა.

მან ზუსტად იცის, თუ როგორი რთულია ამ გზის თითქმის მარტო გამოვლა და უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა.

ვამაყობ, რომ ის ქართველია და ასეთ წარმატებას მიაღწია. ეს კი მხოლოდ დასაწყისია. რაც შეეხება ფედერაციას, შეძლებისდაგვარად გვეხმარებიან.

- ტურნირებზე მოგზაურობა საკმაოდ დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, თქვენ კი ხშირად ისეთ ტურნირებზე თამაშობთ, სადაც დაბალი ანაზღაურებაა...
- შეძლებისდაგვარად ვაკეთებ იმდენს, რომ ტურნირებზე ვიასპარეზო სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ვინაიდან არ მყავს სპონსორი, ვერ ამყავს პირადი მწვრთნელი. ეს საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დამეთანხმებით, რომ ძნელია, ეს გზა საკმაოდ რთულ პირობებში გაიარო.

- ვინ არის თქვენთვის ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი?
- სერენა უილიამსი და როჯერ ფედერერი.

- ვინ არის ის მეტოქე, რომლის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად გაგიჭირდათ?
- თუნდაც, ლაურა ზიგმუნდი, რომელიც წინა შეხვედრაში დავამარცხე.

- რომელია თქვენი კარიერის საუკეთესო შეხვედრა?
- გამორჩევა რთულია... ასეთი ბევრი ყოფილა.

altეკა გორგოძე აღარ ხუმრობს - ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იზეიმა და ჰეჩინგენის ტურნირის ფინალში გავიდა

altეკა გორგოძის ბრწყინვალე გამარჯვება ჰეჩინგენის ტურნირზე

მკითხველის კომენტარები / 4 /
მეც მინდა სპონსორი
გლეხი კაცისთვის არავინ არ არის
14:10 16-08-2018
4
ბოლო თვეებში ეს გოგონა საოცრებებს ახდენს. ბ ი ძ ი ნ ა ა ა ა ა ა ა ა ა ა ა ა ა ა ა
გიოშა
21:55 19-08-2018
0

სიახლეები პოპულარული