ფაბიო ფონინის ტრიუმფი მონაკოში და პირველად მოგებული "მასტერსი" [VIDEO]

AutoSharing Option
21 აპრილს ფაბიო ფონინი პირველი იტალიელი გახდა, ვინც ATP-ის მასტერსი მოიგო. ფაბიომ 1 საათსა და 38 წუთში დაამარცხა (6:3,6:4) დუშან ლაიოვიჩი და "მონტე-კარლოს მასტერსის" გამარჯვებული გახდა.

"ბედნიერი ვარ, საოცრად ბედნიერი. სათქმელი არაფერი მაქვს. დავმშვიდდები, შხაპს მივიღებ, დავისვენებ და ამ ყველაფერზე ვიფიქრებ, რადგან ეს რაღაც დაუჯერებელია" - თქვა იტალიელმა.

ფაბიო ფონინი გახდა ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ჩოგბურთელი 21-ე საუკუნეში, რომელმაც "მონტე-კარლოს მასტერსი" მოიგო. მე-13 ნომრად განთესილი ბოლო ჩოგბურთელი, ვინც "მონტე-კარლოს მასტერსზე" გაიმარჯვა, გუსტავო კუერტენი, იგივე "გუგა" იყო. ეს ბრაზილიელმა 1999 წელს
მოახერხა.

"მე ბედნიერი ვარ, რადგან გავიმარჯვე დიდ ტურნირში, რომლის მოგებაც ჩემს კარიერაში ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო", - აღნიშნა ფონინიმ.


31 წლის იტალიელისთვის ეს გამარჯვება იოლი არ ყოფილა. პირველ რაუნდში ანდრეი რუბლევის წინააღმდეგ პირველ სეტში 4:6 წააგო, შემდეგ მეორე სეტში 1:4-დან შემოატრიალა და საბოლოოდ თამაში მოიგო; შემდეგ ბორნა ჩორიჩთან პირველი სეტი 1:6 წააგო, მეორე სეტში კი 0:2-დან მოუგო სეტი და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც.

გარდა "ქამბექებისა", ფაბიომ ტოპ 5-ის ორ ჩოგბურთელს მოუგო საჩემპიონო გზაზე. ჯერ იყო და, ალეკსანდრ ზვერევი დაამარცხა მერვედფინალში, შემდეგ რაფა ნადალი ჩამოიცილა ნახევარფინალიდან. სხვათა შორის, ფონინი გახდა პირველი ჩოგბურთელი 2016 წლიდან, რომელმაც რაფაელ ნადალს თიხის საფარზე მოუგო.

ფაბიომ ლაიოვიჩთან გამართულ ფინალზეც ისაუბრა:

"ამ შეხვედრისთვის მთელი ძალით ვემზადებოდი. ვცდილობდი, საუკეთესო თამაში მეჩვენებინა, რადგან მას ახლა ჩემი ყოფილი მწვრთნელი ჰყავს და ვიცოდი, რომ გამიჭირდებოდა და ბევრი სირბილი მომიწევდა. და ეს საოცარია, დაუჯერებელი მიღწევაა და საშინლად, საშინლად ბედნიერი ვარ!" - თქვა იტალიელმა.

თავის მხრივ, ეს ტურნირი დუშან ლაიოვიჩისთვისაც განსაკუთრებული იყო. კარიერაში პირველად მოიგო ზედიზედ 5 შეხვედრა, პირველად გავიდა მასტერსის ფინალში.

Sportall.Ge

"ფაბიომ იცის, როგორ ითამაშოს ასეთ ვითარებაში. შესანიშნავი ხელი აქვს და ძალიან კარგად მოძრაობს. აქიდან გამომდინარე, ვგრძნობდი, რომ ქულების მოსაპოვებლად კორტზე მასზე უფრო მეტი უნდა მემუშავა. ეს გადამწყვეტი იყო", - აღნიშნა სერბმა.

ის სტაბილურად თამაშობდა ორივე მხრიდან, შესანიშნავად მოძრაობდა. როცა ჩემს აგრესიულ ჩოგბურთს ვთამაშობდი, ვახერხებდი ქულების მოპოვებას. თუმცა, ზოგიერთ მომენტში საკუთარი თავისაგან შორს ვიყავი.

უამრავი უნებლიე შეცდომა დავუშვი. ქარმაც თავისი როლი ითამაშა. თან ვნერვიულობდი ფინალის გამო. მოკლედ,  დღეს ის გაცილებით უკეთესი იყო", - განაცხადა დუშან ლაიოვიჩმა.

ლაიოვიჩმა 600 სარეიტინგო ქულა და 484 950 ევრო მიიღო, ფონინიმ - 1000 ქულა და 958 055 ევრო. ამ შედეგებით ორივემ საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა კარიერაში: ლაიოვიჩი მსოფლიოს 24-ე ჩოგანი გახდა, ფონინი - მე-12.

და კიდევ, 2017 წლის რომის მასტერსის შემდეგ, ფაბიო ფონინი გახდა მე-8 ჩოგბურთელი, რომელმაც 1000-იანი მასტერსი კარიერაში პირველად მოიგო. აქამდე ეს ალეკსანდრ ზვერევმა (2017 წ, რომი), გრიგორ დიმიტროვმა (2017 წ, ცინცინატი), ჯეკ სოკმა (2017 წ, პარიზი), ხუან მარტინ დელ პოტრომ (2018 წ, ინდიანა უელსი), ჯონ იზნერმა (2018 წ, მაიამი), კარენ ხაჩანოვმა (2018 წ, პარიზი) და დომინიკ ტიმმა (2019 წ, ინდიან უელსი) მოახერხეს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული