ნიკოლოზ ბასილაშვილი და უიმბლდონი: წარსული, აწმყო და მიზნები

AutoSharing Option
2 ივლისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი კიდევ ერთ დიდი მუზარადის ტურნირში ჩაერთვება.

წელს, ნიკოლოზს საუკეთესო შედეგი ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე ჰქონდა, სადაც სტეფანოს ციციპასთან მე-3 წრეში დამარცხდა. მას შემდეგ, სტაბილურად არცერთი ტურნირი არ ჩაუტარებია.

ჰქონდა კარგი თამაშები, თუმცა ძირითადად ქაოსური წელი აქვს. ახლა კი, მისთვის "უიმბლდონი" იწყება, სადაც თავი უნდა გამოიჩინოს. ქვევით, კი ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა შედეგი ჰქონდა წარსულში ბასილაშვილს ბრიტანულ კორტებზე.

წარსული

პირველად ნიკოლოზ ბასილაშვილმა "უიმბლდონის" ტურნირზე 2014 წელს იასპარეზა. კვალიფიკაციის პირველ წრეში მსოფლიოს 136-ე ჩოგან ამერიკელ დენის კუდლასთან 2 სეტში 3:6,
0:6 წააგო.

მომდევნო წელს ნიკოლოზი "უიმბლდონზე" კარიერაში ყველაზე კარგად გამოვიდა. ჯერ საკვალიფიკაციო ბადეში ვიქტორ ანესკუს (195), ფარუხ დუსტოვსა (132) და უკვე კარგად ნაცნობ მარტონ ფუჩოვიჩს (165) მოუგო.

შემდეგ, ძირითად ბადის პირველ წრეში არგენტინელი ფაკუნდო ბანისი (137) დაამარცხა 3 სეტში - 6:4, 7:6, 6:2. არგენტინელს კიდევ ერთი ესპანურენოვანი ჩოგბურთელი მიაყოლა, თან ვინ, ვინ და მსოფლიოს მე-16 ჩოგანი ფელისიანო ლოპესი. ეს შეხვედრა ძალიან დაძაბული აღმოჩნდა და ნიკოლოზმა მეტოქე 5 სეტში დაამარცხა - 7:5, 3:6, 6:3, 2:6, 6:4.

ხოლო, მესამე წრეში კიდევ ერთი ესპანელი, მსოფლიოს 22-ე ჩოგანი რობერტო ბაუტისტა აგუტი შეხვდა და 3 სეტში 6:7, 0:6, 1:6 წააგო.

2016 წელს, სამწუხაროდ ძირითად ბადეში მოხვედრა ვერ მოახერხა. საკვალიფიკაციო ბადის პირველ წრეში უკრაინელი დენის მალჩანოვი ორ სეტში (6:2,6:1) დაამარცხა, თუმცა მომდევნო ბრძოლაში ეგვიპტელ მოჰამედ საფვატთან 3 სეტში დამარცხდა - 5:7, 6:3, 5:7.

2017 წელს, ბასილაშვილი პირდაპირ ძირითად ბადეში მოხვდა და პირველი წრის გადალახვა მოახერხა. არგენტინელი კარლოს ბერლოქი 3 სეტში დაამარცხა - 6:4, 7:6, 6:1. თუმცა, მეორე წრეში ამერიკელ სემ ქუერისთან 4 სეტში დამარცხდა - 4:6, 6:4, 3:6, 3:6.

გასულ წელს, ნიკოლოზი პირველივე წრეში უშანსოდ დამარცხდა ფრანგ ჟილ სიმონთან - 1:6, 6:7, 1:6.

აწმყო

ამჟამად, ნიკოლოზი საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არაა. ბოლო 4 შეხვედრიდან ყველა წააგო და ბოლო გამარჯვება ჟო ვილფრიდ ცონგას წინააღმდეგ მაისის თვეში ლიონის ტურნირზე მოიპოვა. პლუს, ბალახის საფარზე წელს თამაში არ მოუგია, მხოლოდ 1 სეტის მოგება შეძლო ფუჩოვიჩის წინააღმდეგ.

მეტოქე

ნიკოლოზის მომავალ მეტოქე, 32 წლის ჯეიმს უორდს "უიმბლდონზე" საუკეთესო გამოსვლა ბასილაშვილის მსგავსად 2015 წელს ჰქონდა და ბრიტანელმაც მე-3 წრეში მოახერხა გასვლა და იქ კანადელ ვასეკ პოსპისილთან (56) დამარცხდა 5 სეტიან ბრძოლაში - 4:6, 3:6, 6:2, 3:6, 6:8.

ჯეიმს უორდის საუკეთესო პოზიცია რეიტინგში 89-ე იყო, ეს 2015 წელს მოხდა, "უიმბლდონის" დასრულების შემდეგ. სწორედ მაშინ ჰქონდა კარიერის საუკეთესო დრო. წელს საკმაოდ ბევრ ტურნირში მიიღო მონაწილეობა, საუკეთესო შედეგი კი, მექსიკაში გამართულ ლეონის ჩელენჯერზე ჰქონდა, სადაც ნახევარფინალში გასვლა შეძლო. ბოლოს, კი ისტბურნის 250 კატეგორიის ტურნირში მიიღო მონაწილობა, სადაც საკვალიფიკაციო ბადე დაძლია და პირველ წრეში მსოფლიოს 102-ე ჩოგან იატალიელ ტომას ფაბიანოსთან წააგო.

მიზნები

საერთო ჯამში, წესით უორდმა ნიკოლოზს ბევრი პრობლემა ვერ უნდა შეუქმნას.

თუ პირველი წრის გავლას შეძლებს, ნიკოლოზს განსაკუთრებულად ძლიერი მეტოქე არც შემდეგ წრეში ეყოლება. დენიელ ევანსი (61) და ფედერიკო დელბონისი (75) ტოპ 100-ის ჩოგბურთელები კი არიან, თუმცა კარიერაში განსაკუთრებული მიღწევა არ აქვთ. თუმცა არა, დელბონისს უდიდესი მიღწევა აქვს ჩოგბურთში, რომელზე უფრო მნიშვნელოვანს, ალბათ, ვერაფერს მიაღწევს. 2013 წელს ჰამბურგის მასტერსზე როჯერ ფედერერს მოუგო ორ სეტში - 7:6, 7:6.

პირველი ორი წრის დაძლევა, წესით მსოფლიოს მე-16 ჩოგანს არ უნდა გაუჭირდეს. თან, თუ ამას მოახერხებს, რეიტინგში კიდევ წინ წაიწევს, რადგან დასაცავი ქულები აღარ აქვს. თუმცა, ბოლო დროს ასე ხდებოდა, თითქოს უნდა მოეგო, მაგრამ ვერ ახერხებდა. იმედია, ნიკოლოზი კონცენტრირებას მოახერხებს და სულ მცირე, ორ წრეს მაინც გადალახავს. შემდეგ, კი უკვე სხვა საქმეა.

შეგახსნებთ, რომ უიმბლდონის საერთო საპრიზო ფონდი წელს 23 500 000 გირვანქა სტერლინგი იქნება. გამარჯვებული 2 350 000 ფუნტსა და 2000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

ბასილაშვილისა და უორდის შეხვედრა კი 2 ივლისს, 14:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა, დიდი ალბათობით, მატჩი უფრო გვიან დაიწყება.

altბასილაშვილი აგებს, მაგრამ წინ მიიწევს - ქართველი ATP-ის რეიტინგში დაწინაურდა

მკითხველის კომენტარები / 2 /
მოიგოოოოო!!!
დათო
17:39 02-07-2019
0
ნიკა გახდა ატპ15, ეს იმის ხარჯზე ,რომ მონფილსმა წააგო, ვერ დაიცვა ქულები და დაიწია უკან რეიტინგში!!! არსებობს თეორიული შანსი , რომ ნიკა გახდეს ატპ11!!! წარმატებები ნიკას!!!
დათო
02:02 02-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული