23 ივლისს, მსოფლიოს მე-16 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის პირველ შეხვედრას გამართავს. მოგეხსენებათ, კარიერაში პირველად ATP ტურის შეჯიბრი ნიკოლოზმა შარშან, სწორედ ჰამბურგში მოიგო.
იქიდან გამომდინარე, რომ შეჯიბრზე ტოპ-4 განთესილთა შორის არის, ბასილაშვილს პირველ წრეში შედარებით სუსტი მეტოქე ეყოლება საკვალიფიკაციო ბადიდან, ხოლო მისი დამარცხების შემთხვევაში ნიკოლოზი სალვატორე კარუზოსა (125) და ხუან ლოდეიროს (71) შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ტურნირზე პირველ ნომრად ავსტირიელი დომინიკი ტიმი (4) არის განთესილი. მეორე ნომერი გერმანელი ალეკსანდრ ზვერევი (5) გახლავთ. ხოლო მესამე ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ჩოგბურთელი ტურნირზე ფაბიო
ფონინი (9) არის. როგორც ხედავთ, ტოპ 10-ის 3 ჩოგბურთელი თამაშობს ჰამბურგის წლევანდელ ტურნირზე და ნიკოლოზისთვის წინა წლის შედეგის გამეორება ადვილი არ იქნება.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ფონინის კარიერაში ნიკოლოზი საერთოდ არ შეხვედრია. დომინიკ ტიმს ერთხელ შეხვდა და ისიც მოუგო (6:4, 6:4). ალეკსანდრ ზვერევსაც ერთხელ შეხვდა ნიკოლოზი და თანაბარ თამაშში დამარცხა (5:7,4:6).
ჰამბურგის ტურნირი კი, 500 -იანთა კატეგორიაში შედის. მისი საპრიზო თანხა 1, 718,170 ევრო გახლავთ. გამარჯვებული 354 845 ევროსა და 500 სარეიტინგო ქულას მიიღებს.
ნიკოლოზს კი, 500 ქულა დასაცავი აქვს და ჩემპიონობის გარდა სხვა შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში 500 ქულას დაკარგავს და რეიტინგში საგრძნობლად დაქვეითდება. თუმცა, ნიკოლოზი, როგორც წესი, დროის ამ პერიოდიდან აჩვენებს თავის საუკეთესო ჩოგბურთს და იმედია, ჰამბურგის ტურნირს ზედიზედ მეორედ მოიგებს, რაც ბოლოს როჯერ ფედერერმა გააკეთა.