ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირზე ხუან ლონდეროს დამარცხების შემდეგ მოკლე ინტერვიუ atptour-ს მისცა.
"რთული შეხვედრა გამოვიდა. თავიდან ორივეს გაგვიჭირდა, თუმცა მესამე სეტი ძალიან კარგად ვითამაშე. ზოგადად, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.
ჩემს კარიერაში პირველად ხდება, რომ ჰამბურგში, როგორც მოქმედი ჩემპიონი, ისე ვთამაშობ. ცენტრალურ კორტთანაც ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს და იმედია, მთავარ არენაზე თამაშს გავაგრძელებ.
რაც შეეხება ჩემს მომავალ მეტოქეს, თუ სწორად მახსოვს, 3 წლის წინ ვეთამაშე ჩელენჯერზე. შეიძლება ვცდებოდე, თუმცა დარწმუნებული ვარ, მასთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვა" - აღნიშნა ნიკოლოზმა.
ბასილაშვილი შემდეგ
შეხვედრას სწორედ ფრანგ ჟერემი შარდისთან გამართავს. 32 წლის შარდი მსოფლიოს 77-ე ჩოგანია და ჰამბურგის ტურნირზე ორ ფრანგს მოუგო.
პირველ წრეში ბენუა პაირი (28) დაამარცხა 3 სეტში - 6:7, 7:5, 6:3. ხოლო მეორე შეხვედრაში კი რიშარ გასკეს 2 სეტში მოუგო - 7:6, 7:5.
შარდი და ბასილაშვილი ერთმანეთს სულ ორჯერ შეხვდნენ. პირველად - ირვინგის ტურნირზე 2017 წელს, ხოლო ბოლოს - 2018 წლის მაისში სტამბულში. ორივე შეხვედრა ფრანგმა 2 სეტში მოიგო. თუმცა, ბასილაშვილის გუშინდელ დამაჯერებელ თამაშს თუ გავითვალისწინებთ, ფრანგს მესამე შეხვედრაშიც მოგება ძალიან გაუჭირდება.
წარმატებები ნიკას !!!