ნიკოლოზ ბასილაშვილი: ძალიან მენატრება საქართველო, მიყვარს სამშობლო და მომწონს იქ ყოფნა

AutoSharing Option
საჩოგბურთო ვებგვერდმა tennishead.net-მა მსოფლიოს 24-ე ჩოგანთან, ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა.

Sportall.ge აღნიშნული ინტერვიუს თარგმანს გთავაზობთ.

"ძალიან მენატრება სამშობლო. მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და მომწონს სახლში ყოფნა. ვფიქრობ, ყოველთვის საქართველოში მინდოდა ცხოვრება. მიმაჩნია, რომ ყველა ქართველს უყვარს საკუთარი ქვეყანა", - ამბობს ნიკოლოზი.

იქიდან, საიდანაც ბასილაშვილია, მსოფლიო დონის ჩოგბურთელები იშვიათად მოდიან, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის საჩოგბურთო ისტორიაში ყველაზე წარმატებული მოთამაშე სწორედ ქართველი ალექსანდრე მეტრეველი იყო. ნიკოლოზისთვის კი ფავორიტი ქართველი ჩოგბურთელი ირაკლი ლაბაძე გახლდათ, რომელიც 1998 წელს უიმბლდონის იუნიორთა
ფინალში როჯერ ფედერერთან დამარცხდა.

ბასილაშვილის ოჯახში ჩოგბურთს არავინ თამაშობდა, თუმცა მამამისმა, რომელიც მოცეკვავე გახლდათ, საკუთარი შვილი ჩოგბურთზე 5 წლის ასაკში შეიყვანა.

"ვერ ვხვდები, ჩემთვის ჩოგბურთი როგორ აარჩია. მართლაც უცნაური გადაწყვეტილება იყო. თითქოს, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია", - თქვა ბასილაშვილმა.

საქართველოში არც ისე ბევრი საჩოგბურთო კლუბია. ბასილაშვილმა ჩოგბურთის სწავლა ლეილა მესხის აკადემიაში, თბილისში დაიწყო.

"5 წლის ასაკიდან მოყოლებული, ჩემს საჩოგბურთო კარიერაზე მამა ძალიან სერიოზულად ფიქრობდა. მან მე ძალიან ბევრი რამ მომცა. მისი უდიდესი დამსახურებით ვარ იქ, სადაც ვარ.

ჩემს ოჯახს ბევრი ფული არასდროს ჰქონია, მამა კი ყოველთვის მეხმარებოდა და სხვადასხვა შეჯიბრებაზე მანქანით დავყავდი, ევროპაშიც კი. ტურნირებისკენ ძალიან დიდი მოგზაურობები გვქონდა და ხშირად გვიწევდა მანქანაში ან კარავში ძილი."

12 წლის ასაკში მამამ ბასილაშვილი აშშ-ში წაიყვანა, რადგან განვითარების მხრივ საქართველოში შესაძლებლობები შეზღუდული იყო.

"მამაჩემმა დაუჯერებლად კარგი გადაწყვეტილებები მიიღო ჩემი კარიერის სხვადასხვა ეტაპზე და მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესო სავარჯიშოდ ჩემი ფლორიდაში წაყვანა იყო, სადაც "ორენჯ ბოულსა" და "ედი ჰირის" ტურნირებზე ყოველ წელს ვთამაშობდი.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მამა ძალიან დამეხმარა. როცა ამერიკაში ვიყავი, მქონდა მომენტები, როცა სრულიად მარტო მიწევდა ყოფნა. ზოგჯერ ძალიან რთული იყო, თუმცა ამ ყველაფერმა დამოუკიდებლობას ადრეული ასაკიდან შემაჩვია", - აღნიშნა ნიკოლოზმა.

15 წლის ასაკში ბასილაშვილი სათამაშოდ გორინის საჩოგბურთო აკადემიაში გადავიდა, საკრამენტოში, თუმცა 18 წლისა საქართველოში დაბრუნდა. წინ ახალი მიზანი იყო, ის სავარჯიშოდ თურქეთში უნდა წასულიყო, ავსტრალიელი მწვრთნელის, გევინ ჰუპერის მიერ გახსნილ აკადემიაში. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ნიკოლოზი თბილისში ცხოვრობდა, მეუღლესა და 3 წლის ვაჟთან ერთად, თუმცა ახლა გერმანიაში ხშირი მოგზაურობა უწევს თავის მწვრთნელ იან დე ვიტთან სამუშაოდ.

"საქართველოში ჩოგბურთის სფეროში ბევრი პრობლემაა. ნამდვილად რთული სიტუაციაა. ბევრი კარგი ჩოგბურთელი ნამდვილად არ მოდის. თუ სხვა ქვეყანაში არ წავლენ, ახალგაზრდებს განვითარების მცირე შანსი აქვთ.

თბილისში რამდენიმე საჩოგბურთო კლუბი გვაქვს. ერთ-ერთს, რომელსაც ჰარდის საფარის კორტები აქვს, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ფლობს. ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის იქ ვარჯიში უფასოა, თუმცა ბევრი ჩოგბურთელი არც გვყავს და ამჟამად,  საქართველოში საჩოგბურთო სისტემა უმაღლეს დონეზე ნამდვილად არ არის. თბილისს მიღმა მხოლოდ 1 თუ 2 საჩოგბურთო კლუბია. ზამთარში კი ძალიან ძნელია ვარჯიში, რადგან მხოლოდ 5 თუ 6 დახურული კორტია საქართველოში", - ამბობს მსოფლიოს 24-ე ჩოგანი.

"ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი და სპორტის ისეთი სახეობები, რომლებიც განსაკუთრებულ ძალას მოითხოვს, მაგალითად, ძალოსნობა, კრივი, ჭიდაობა, საქართველოში უფრო განვითარებულია, ვიდრე ჩოგბურთი. შეიძლება ახლა ჩოგბურთი იზრდება, რადგან ბევრმა ნახა ჩემი შედეგები და მათაც უნდათ თამაში. თან, ტელევიზორშიც უფრო ხშირად აჩვენებენ ჩოგბურთს. ერთმა ტელევიზიამ უფლებებიც კი იყიდა ჩემი მატჩების საჩვენებლად. შარშან, US Open-ის შემდეგ ძალიან ბევრი შეტყობინება მივიღე საქართველოდან. ხალხმა ჩემი თამაში ტელევიზიით ნახა", - უთხრა ჟურნალისტს ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა ჩოგბურთელმა.

მას შემდეგ, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილი ბევრმა ადამიანმა გაიცნო, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ქართველები მის საგულშემატკივროდ მიდიან. ნიკოლოზმა ჰამბურგსა და ნიუ-იორკშიც კი აღმოაჩინა ქართული რესტორნები, სადაც შეუძლია მიირთვას ხინკალი, რომელიც ასე ძალიან უყვარს.

"ქართული საჭმელი ძალიან გემრიელია. ძალიან ბევრი ეროვნული კერძი გვაქვს", - სიამაყით ამბობს ნიკოლოზი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
გაირკვა ნიკას პირველი მეტოქე ვენის ტურნირზე, ეს არის ვერდასკო!!!გამარჯვების შემთხვევაში შემდეგ წრეში მეტოქე იქნება ტიმს და ცონგას შორის გამარჯვებული!!! ისევ ძნელი ბადე აქვს!!! წარმატებები ნიკას!!!
დათო
19:17 19-10-2019
0
ნიკოლოზ,ძალიან ძალიან გვიხარია შენი წარმატებები! იმედია, მომავალ წელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშებ და როგორც ჩვენი ნაკრების წევრი გაგვახარებ შენი ბრწყინვალე გამარჯვებებით! გაიხარეთ, გისურვებთ ახალ წარმატებებს!
თენგიზ პაჭკორია
11:58 19-10-2019
0

სიახლეები პოპულარული