სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩოგბურთში ავსტრალიის ღია ჩემპიონატის კენჭისყრა და გაირკვა, თუ ვინ იქნება ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე წლის პირველ დიდ სლემზე.
ნიკოლოზი, რომელიც ტურნირზე 26-ე ნომრად არის განთესილი, პირველ წრეში 22 წლის კორეელ სუნუ ქვონს შეხვდება, რომელიც მსოფლიოს 83-ე ჩოგანი გახლავთ. ჩოგბურთელები აქამდე არასდროს შეხვედრიან ერთმანეთს.
ნიკოლოზმა ავსტრალიის ღია ჩემპიონატის შარშანდელ გათამაშებაში 2 ეტაპი გადალახა და შესაბამისად, ქულებიც დასაცავი აქვს. 2019 წლის გათამაშებაში ბასილაშვილი მესამე წრეში მსოფლიოს უკვე მე-7 ჩოგან სტეფანოს ციციპასთან 4 სეტში დამარცხდა -
3:6, 6:3, 6:7, 4:6.
წელს კი, სულ მცირე, იმავე შედეგის გამეორება არ უნდა გაუჭირდეს. მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში მისი სავარაუდო მეტოქე ვეტერანი ვერდასკო იქნება.
ავსტრალიის ღია ჩემპიონატი 20 იანვარს დაიწყება და 2 თებერვლამდე გასტანს. მისი სრული საპრიზო თანხა 49,564,735 დოლარი იქნება.