შენ მდიდარი ხარ, პირადი მწვრთნელი გყავს, ჩვენ ვიზასაც არ გვაძლევენ - ალჟირელი ჩოგბურთელის ემოციური მიმართვა მსოფლიოს მე-3 ჩოგანს

AutoSharing Option
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაახმოვანა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, წამყვანი ჩოგბურთელები საკუთარი ნებით დაეხმარებოდნენ რეიტინგის ქვედა ნაწილში მყოფ მოთამაშეებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემები შეექმნათ.

მსოფლიოს მე-3 ჩოგანმა დომინიკ ტიმმა კი საპასუხოდ თქვა, რომ ვერ ხედავდა აზრს, რატომ უნდა მიეცა თავისი ფული იმ სპორტსმენებისთვის, რომლებიც არაფრით გამოირჩევიან და დიდი ნაწილი პროფესიონალიც კი არ არის.

ავსტრიელის ამ კომენტარს მსოფლიოს 620-ე ჩოგანი, ალჟირელი გოგონა ინეს იბუ გამოეხმაურა და ტიმს "ინსტაგრამის" საკუთარი გვერდიდან მიმართა.

"როცა შენი განცხადება მოვისმინე,
დავფიქრდი, როგორი იქნებოდა ჩემი კარიერა და ზოგადად, ცხოვრება, შენს ადგილას რომ ვყოფილიყავი. როგორია, იყო დომინიკ ტიმი, რომელიც ჩოგბურთის მწვრთნელის ოჯახში დაიბადა? მე ალჟირში გავიზარდე, არც ისე მდიდარ ოჯახში. ჩემს მშობლებს ჩოგბურთთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ. თუმცა, მათ ძალიან ბევრი რამ გაიღეს და ისინი სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარს.

თუ მშობლებს არ აქვთ საკმარისი თანხა, იქნებ ადგილობრივი ფედერაციები დამეხმარონ? უპს! შენ იცი, რომ ალჟირში არცერთი ITF, ATP ან WTA შეჯიბრება არ ტარდება? აქ საერთაშორისო დონის 1 მწვრთნელიც კი არ არის, არაფერს ვამბობ კორტების დონეზე. არასწორად არ გამიგო, მე ამ პრობლემებს არ შევუჩერებივარ.

ბევრი ახალგაზრდული შეჯიბრება მოვიგე, ITF-ის ახალგაზრდული რეიტინგის სათავეში მოვხვდი. თქვენს დიდებულ სამყაროში რომ ვცხოვრობდე, უამრავი სპონსორი მეყოლებოდა, ფედერაციაც იზრუნებდა ჩემზე, თუმცა ასე არ ხდება.

ჩემს ქვეყანაში საუკეთესო ახალგაზრდა ჩოგბურთელი ვიყავი, თუმცა არცერთი თეთრი არ მქონია. ირონიულია, არა?! არა მგონია, იგივე რამ მომხდარიყო შენს ან ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში. როცა კარიერის დასრულებას ვაპირებდი, მე დახმარების ხელი გამომიწოდეს. ამის შემდეგ დავბრუნდი სპორტში და ზრდასრულთა დონეზეც გადავედი.

ახლა 21 წლის ვარ და ტოპ 600-თან ახლოს ვტრიალებ. ძველებურად, საკუთარი ოცნებისკენ მივილტვი, რის გამოც ყველაფერს დავთმობდი. მაინტერესებს, როგორია, როცა პერსონალური მწვრთნელი გყავს, ფიზიოთერაპევტი, ფსიქოლოგი? მე კი მთელ მსოფლიოში მარტო დავდივარ, ყველაზე იაფფასიანი ბილეთების ფულს ვეძებ, ვიზების მოსაკრებელს. სხვათა შორის, ვიზაზე უარს ხშირად მეუბნებიან.

ჩემი კარიერის ბედი კორტზე ჩემი თამაშით უნდა გადაწყდეს და არა ჩემი ფინანსური შესაძლებლობებით. ეს სავსებით უსამართლოა. თუმცა არ ვწუწუნებ, ჩუმად ვაგრძელებ ბრძოლას ყოველდღე.

საყვარელო დომინიკ, შენგან განსხვავებით, ძალიან ბევრი ისე ცხოვრობს, როგორც მე. შენთვის არაფერი არავის უთხოვია. ინიციატივა მაღალი სულიერების მქონე სპორტსმენებიდან წამოვიდა, რომლებმაც თანაგრძნობა გამოიჩინეს. ჩოგბურთელების დახმარებით, თქვენ ამ სპორტის გადარჩენა შეგიძლიათ.

გავიმეორებ, შენთვის არაფერი გვითხოვია, გარდა მცირე პატივისცემისა ჩვენი ცხოვრების მიმართ", - განაცხადა ჩოგბურთელმა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველა სფერო ანალოგიურადაა, მაშინ დაეხმარონ ავსტრიელი, ფრანგი და ასე შემდეგ რავიცი კიდე ტაქსის მძღოლები ქართველ მძღოლებს, იქაურმა მშენებლებმა გამოუგზავნონ ფული აქაურებს, იქაურმა ვალუტჩიკებმაც აქაურებს, სანტეხნიკებმა - სანტეხნიკებს და ვიქნებით შესანიშნავად, შესანიშნავი იდეაა..)))
11
ამაზე იტყვიან იტყვიან ტექნიკურად და..ვაო ))))
2

სიახლეები პოპულარული