ბელგრადში ჩატარებულ "დიპლომატის დღის" ღონისძიებაზე ცნობილი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი დააჯილდოვეს. ღონისძიებას სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ილია კობერიძე დაესწრო, რომელმაც მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს აღიარება მიულოცა.
"დღეს სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სერბეთის "დიპლომატის დღის" აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა ნოვაკ ჯოკოვიჩი სპეციალური სიგელით დააჯილდოვა მის მიერ სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისა და გამორჩეული პირადი ძალისხმევისთვის, რითაც ხელს უწყობს სერბეთისა და მისი ხალხის ინტერესების გავრცელებას მსოფლიოში.
ნოლეს მეც მივულოცე ეს მორიგი აღიარება. მოკლედ ვისაუბრეთ ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზეც. ჯოკოვიჩმა
ნიკა გულთბილად მოიკითხა და იმედი გამოთქვა, რომ ეს უსიამოვნო ინციდენტი მალე დასრულდება", - წერს ილია კობერიძე თავის "ფეისბუქის" გვერდზე.
ილია კობერიძე სერბეთში და მთლიანად დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში საქართველოდან მივლენილი პირველი დიპლომატიური წარმომადგენელია, ის იქამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გახლდათ. სხვათა შორის, კობერიძე ადრე სპორტული ჟურნალისტი იყო - რამდენიმე წლის განმავლობაში გაზეთ "11X11"-ში მოღვაწეობდა.
შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ბასილაშვილის საქმეზე ჯოკოვიჩი დაჰკითხონ.