"ნიკას ნელისთვის თვეში 100.000 არასდროს გადაუხდია, ამის საშუალება არ აქვს" - რას ჰყვება ნიკა ბასილაშვილის ძმა?

AutoSharing Option
მოძალადე სპორტსმენი თუ პროვოკატორი მოდელი? ეს კითხვა არაერთხელ გაისმა და პასუხს საზოგადოება სასამართლოზე მიიღებს, საქართველოს ჩემპიონი კი უარს აცხადებს, რამე თქვას თავისი შვილის დედაზე. როგორია ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტებს მიღმა და ვის მიუძღვის დიდი წვლილი ჩოგბურთელის წარმატებაში? - ამ კითხვებზე "კვირის პალიტრას" მისი ძმა თენგიზ (თენგო) ბასილაშვილი უპასუხებს.

- დიდია ნიკა ბასილაშვილის მიმართ საზოგადოების ინტერესი. თქვენსა და ნიკას შორის ასაკობრივი სხვაობა ერთი წელია. გახსოვთ ის პერიოდი, როცა ნიკამ ჩოგბურთზე სიარული დაიწო?
- მამა, ნოდარ ბასილაშვილი, სუხიშვილების მოცეკვავეა და ხშირად უწევდა ამერიკაში
გასტროლებზე სიარული. სწორედ ამერიკაში გასტროლების დროს მოეწონა მამას სპორტის ეს სახეობა და გადაწყვიტა, ნიკა ლეილა მესხის სახელობის კორტებზე მიეყვანა.

Sportall.Ge

თავიდან ეს გართობასავით იყო, მაგრამ ერთი წელი რომ გავიდა, მწვრთნელმა გოგა სანთელაძემ მამას უთხრა, დიდი პოტენციალი აქვს, რომ განვითარდეს - ძალა, ხასიათი და ნებისყოფა ხელს უწყობსო. მაშინ ფინანსურად ძლიერები არ ვიყავით. ამიტომ მამა ნიკას მუდმივად კორტებზე ვერ ავარჯიშებდა და ხშირად დიდუბეში, კალათბურთის სპორტულ დარბაზში­ ვარჯიშობდნენ. ყოველ დილას 7:30-ზე,­ გაკვეთილების­ დაწყების წინ სავარჯიშოდ მიჰყავდა, მერე სკოლაში მიდიოდა, გაკვეთილების შემდეგ­ კი კორტებზე აგრძელებდა ვარჯიშს. ნიკას ცხოვრება ბევრს შეიძლება დალხენილი მოეჩვენოს, რადგან უკვე წარმატებულია, მაგრამ ძალიან ძნელი და დიდი გზა გაიარა, აქამდე­ რომ მოსულიყო. ყველაზე დიდი დაბრკოლება ფინანსური ფაქტორი იყო. ჩოგბურთი მუდმივად მოითხოვს ტურნირებზე სიარულს. საკუთარი ხარჯი უნდა გაიღო. ამას ემატება სპორტული ინვენტარი, კორტების მომსახურება და ბევრი სხვა. მამამ გადაწყვიტა, ჩვენი ოჯახის მთლიანი ბიუჯეტი ნიკას ჩოგბურთისთვის მოეხმარებინა. მან შეუძლებელი შეძლო. მაშინ ამერიკაში წასვლა­ ძალიან ძნელი იყო, ნიკა კი 12 წლის იყო, მამასთან ერთად რომ წავიდა. ამისთვის ნოდარმა სესხი აიღო, უძრავი ქონება გაყიდა, ნათესავებიც დაგვეხმარნენ... ნიკამ პირველი შემოთავაზება 14 წლის ასაკში Orange Ball-ის ტურნირზე მიიღო. იქ საფრანგეთის ჩოგბურთის აკადემიის ერთ-ერთი აგენტი დაინტერესდა და პარიზში მიიწვია. ერთი წელი იქ იყო, მაგრამ მაინც ამერიკა ითვლება ჩოგბურთის ქვეყნად. ამიტომ უკან დაბრუნდა. თინეიჯერობიდან პროფესიონალურ ჩოგბურთში გადასვლა სპორტსმენისთვის ძალიან რთული ეტაპია. ბევრმა ჩოგბურთელმა სწორედ ამ დროს დაანება თამაშს თავი, მაგრამ მამა ნიკას ამ პერიოდშიც ძალიან დაეხმარა.

- მამას აქვს ჩოგბურთში გამოცდილება?
- არა, მაგრამ ძირფესვიანად შეისწავლა ჩოგბურთის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურა, რომ ნიკას წარმატების მიღწევაში დახმარებოდა. როცა ამერიკაში წავიდა, მამაც გაჰყვა, მე და დედა კი თბილისში დავრჩით. სპორტის გუნდური სახეობები, რომლებიც ერთ ადამიანზე არ არის დამოკიდებული, შედარებით იოლია, ჩოგბურთი­ კი სტრესული სახეობაა. ამიტომ ყველა ასაკის ჩოგბურთელს ჰყავს ფსიქოლოგი, რომ გადამწყვეტ მომენტში ჩოგბურთზე ხელი არ აიღონ. ამ დროს მას დედა ეხმარებოდა­ - ურეკავდა და დიდხანს ელაპარაკებოდა, განსაკუთრებით - თინეიჯერობის ასაკში. წაგება იყო თუ ტურნირზე გასვლა, დედა ყოველთვის მის გვერდით იყო. მთელი ოჯახი ერთად ამერიკაში მხოლოდ ერთხელ - 2008 წელს ვიყავით.

- ნიკას დიდხანს არ ჰყავდა პირადი მწვრთნელი. რატომ?
- ნიკას სპონსორი არ ჰყავდა. თვითონ­ რასაც გამოიმუშავებდა, ყველაფერს ისევ ჩოგბურთს ახმარდა, მწვრთნელის აყვანის­ საშუალება კი არ იყო, რადგან ძალიან დაბალი ანაზღაურება ჰქონდა - ერთ თამ­აშში შეიძლება 200-300 დოლარი აეღო, მწვრთნელს კი თვეში, სულ მცირე, 5.000-6.000 დოლარი უნდოდა.

Sportall.Ge

მამაჩემი იყო მისი მწვრთნელი. ის და ნიკა ტურნირებზე­ შტატიდან შტატში ფურგონით დადიოდნენ­ - მთელი ამერიკა ასე აქვთ მოვლილი. ფურგონშივე ეძინათ, რომ თანხა დაეზოგათ. ერთხელ ევროპაში იყვნენ ტურნირზე და იქაც გადაწყვიტეს, ევროპის ქალაქები, სადაც ტურნირები იმართებოდა, ფურგონით მოევლოთ. იტალიაში ტურნირის რეგისტრაცია რომ გაიარეს და ფურგონში­ დაბრუნდნენ, გაძარცვული დახვდათ. ფული, სპორტული ინვენტარი - ყველაფერი წაღებული იყო. მამამ იქვე, კორტებზე უყიდა ერთი ჩოგანი და წარმოიდგინეთ, იმ ერთი ჩოგნით იტალიაში, ჰოლანდიასა და ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყანაში ტურნირები მოიგო! ალბათ, ეს იყო მის კარიერაში გადამწყვეტი მომენტი - ყველაზე რთული, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი. პირადი მწვრთნელის აყვანა მხოლოდ ახლა შეძლო - დაახლოებით სამი წელია, რაც პირადი მწვრთნელი ჰყავს. ნიკას შემოსავალი მხოლოდ მისი ჰონორარია. მას არ აქვს არც ბიზნესი, არც - სხვა შემოსავალი. თუ ტურნირზე არ წავა, არაფერი ექნება. ძალიან ბევრს ეხმარება არა მარტო ფინანსურად, არამედ მორალურადაც. ბევრისთვის მიუცია რეკომენდაცია საზღვარგარეთ მწვრთნელად მუშაობის დასაწყებად. მე ლონდონში სწავლის ფული გადამიხადა. მისი საქართველოში ჩამოსვლა ყოველთვის სასიამოვნო ემოციებთან არის დაკავშირებული.

- როგორია ჩოგბურთელის რეჟიმი?
- ნიკა დღეში 12 საათს ვარჯიშობს. გამორიცხულია მეგობრების ნახვა, საღამოს გარეთ გასვლა, სხვა საქმის კეთება. წელიწადში ერთი თვე ისვენებს, მაგრამ მაშინაც აქტიურად უნდა ივარჯიშოს, რომ ფორმიდან არ ამოვარდეს.

- დაოჯახებამ რა როლი ითამაშა მის სპორტულ კარიერაში?
- ჩემთვის ძალიან ძნელია ამ თემაზე­ ლაპარაკი. ითქვა, თითქოს ნელის დამსახურებაა ნიკას წარმატება, მაგრამ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ნიკას წარმატებაში, ჩოგბურთის წესებში მაინც ხომ უნდა ერკვეოდეს?!

Sportall.Ge

ძალიან მძიმეა ის ბრალდება, რასაც ნიკას ნელი უყენებს, რადგან ვინც იცნობს, ყველამ იცის, რომ ნიკა და აგრესია ერთმანეთისგან ძალიან შორს არის. ნიკას ჩამოსვლის ერთადერთი მიზანი ლუკასის ნახვა და მასთან ურთიერთობა იყო. სულ ენატრება ბავშვი და ბევრ ტურნირზე თქვა უარი, შვილი რომ ენახა.

-ცოლ-ქმარს დაძაბული ურთიერთობა­ ჰქონდა?
- ნელისთან ცხოვრების დროს მას ოჯახურ პრობლემებზე არასდროს ულაპარაკია. ნელისთვის თვეში 100.000 ლარიც არასდროს გადაუხდია. ეს იმხელა თანხაა, ამის საშუალება არ აქვს, მაგრამ თავის ოჯახს არაფერს აკლებდა.

- რა მოხდა 21 მაისს ავჭალაში?
- კარანტინის პერიოდში მთელი ოჯახი ავჭალაში ვიყავით. შეიძლება ბევრი ცუდად იხსენებს კარანტინის პერიოდს,­ მაგრამ ჩვენ ისე გვყავდა ნიკა მონატრებული, პირიქით, გვიხაროდა, რომ აქ იყო. ერთად ვატარებდით დროს. ხან საჭმელს ვაკეთებდით, ხან ჩოგბურთს ვთამაშობდით. ბავშვი ძალიან ენატრებოდა, მაგრამ ლუკასი ნეკამ კახეთში, თავის მშობლებთან გაგზავნა და მის ნახვას ვერ ახერხებდა, თუმცა, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, პრეტენზია არც ჰქონია. კარანტინი რომ მოიხსნა, ბავშვთან ურთიერთობა განაახლა. იმ დღეს ნელისთან ბავშვის წამოსაყვანად ერთად მივედით. არ მინდოდა, მარტო მისულიყო, რადგან ნელისგან ცუდს ყოველთვის ველოდით.

- ნელისგან ადრეც ყოფილა პროვოკაცია?
- ყოფილა... ბავშვის ნახვის საათები­ ამოწურული არ იყო, რომ ავჭალაში, ჩვენს სახლში შემოიჭრა. ადვოკატები ამბობენ, რომ ტანსაცმლის მოსატანად მოვიდა. ნელი ამბობს, ბავშვის წამოსაყვანად მივედიო... ჩემი აზრით, ეს დაგეგმილი იყო. ნელი დაუკითხავად არასდროს მოსულა ჩვენი მშობლების სახლში. კამერაში ნათლად ჩანს, რომ ნელიზე არავის უძალადია. ეს ტყუილია! სასაცილოა, თითქოს მამაჩემი გაეკიდა. მას ორივე მუხლზე მენისკი აქვს, აჩქარებით სიარულიც კი არ შეუძლია... თუმცა, ფაქტია, რომ ნელის პროვოკაცია გამოუვიდა - მთელ ოჯახზე შემაკავებელი ორდერები გამოიწერა, თითქოს ჩვენ მივცვივდით ნელის და არა - პირიქით. ამას დაემატა ნიკას დაკავება, რაც ძალიან მძიმეა ოჯახისთვის. ამან შეიძლება მომავალ სპორტულ ასპარეზობებში ხელიც შეუშალოს, რადგან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

- რა მოტივი აქვს ნელი დოროყაშვილს?
- განქორწინების პროცესში და მერეც ნელის პრეტენზიები ჰქონდა ქონებასთან დაკავშირებით და ნიკა ყოველთვის ცუდს ელოდა. ნელი მსხვერპლი არ არის და მისი საქციელი შეიძლება ძალიან ცუდად აისახოს იმაზე, ვინც მართლაც მსხვერპლია. სიმართლე გაირკვევა, მაგრამ საზოგადოებამ შეიძლება იმ ადამიანების ნდობა დაკარგოს, ვინც მართლა ძალადობის მსხვერპლია. ამ პერიოდში ბევრმა ჩოგბურთელმა, ვინც ნიკას იცნობს, დაურეკა და თანადგომა გამოუცხადა. საქართველოში ძალიან ბევრმა, ვინც პირადად არც კი იცნობს ჩემს ძმას, მხარი დაუჭირა და მინდა მათ ნიკას სახელით მადლობა გადავუხადო.

- როგორი იქნება ნიკა ბასილაშვილის ცხოვრება მას შემდეგ, რაც ეს სასამართლო პროცესი ჩაივლის?
- ნიკასთვის მთავარი ლუკასია. ბავშვი გაიზრდება და მას უნდა ჰქონდეს სწორი პასუხი ყველა კითხვაზე, რომლებიც გაუჩნდება. ყოფილა შემთხვევები, ავსტრალიიდან სამი დღით ჩამოსულა ბავშვის სანახავად. ხშირად ტურნირის წინ დაურეკავს, რომ ლუკასის ხმა გაეგონა, მაგრამ ნელის შეუშლია ხელი, რომ ბავშვს დალაპარაკებოდა. სიმართლე რომ ითქვას, ნიკა ამისთვის არის წასული, რომ მომავალში მისი შვილი ყველაფრით უზრუნველყოფილი იყოს. ნიკა თავისი ბუნებით ისე შორს არის ძალადობისგან, საზოგადოება ადვილად მიხვდა, რომ უდანაშაულოა, მომავალში კი უფრო დარწმუნდება.

kvirispalitra
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნიკა შენ მართლა ბევრი ადამიანი გიჭერთ მხარს და გვჯერა შენი კარგი ადამიანობის!!! სხვამ კი თავის გულში რა და როგორ უკეთებია...!!!
Simartle
14 აპრილი 2021 21:37
0
ნიკა შენ მართლა ბევრი ადამიანი გიჭერთ მხარს და გვჯერა შენი კარგი ადამიანობის!!! სხვამ კი თავის გულში რა და როგორ უკეთებია...!!!
Simartle
14 აპრილი 2021 21:36
0
...შეხედეთ ბიჭების და მათი მშობლების ფოტოებს!!! მთელი ოჯახი ანათებს წესიერებას, სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას, ზრდილობას , სიკეთეს და ა.შ.!!! შემდეგ ცოტა ხნით, დიდი ხნით არ გირჩევთ, საშიშია, ექსის ფოტოს და დაინახავთ სხვაობას....!!! ბასილაშვილობო იცოდეთ, რომ საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ყველა ნორმალური ქართველი გიჭერთ მხარს და თქვენ გვერდში ვართ!!!
პ.ს. ნიკას დღეს წარმატებას უსურვებ!!! მედვედევს დადებითი ტესტი აქვს და მასტერსს გამოეთიშა!!!
დათო
13 აპრილი 2021 14:56
0
ბიჭებს მივმართავ!ვინც ამ გოგოს გამოლაპარკებით და ა.შ (აღარ დავწერ რას ვგულისხმობ)მაინც სადმე კამერა დატოვეთ თქვენივე უსაფრთხოების გამო, სადმე პატარაიაც არ ყავდეს ჩასაფრებეული და რამე პროვოკაცია არ მოაწყოს,ასეთი ქალები უამრავია რომელიც ნადირობენ მდიდარ კაცებზე,მაგ ქალს შვილიც არ უყვარს თორემ ბავშმა რა დაუშავა რომ მამას ართმევს,უამრავ ოჯახშია კონფლიქიტი მარა შეგნებული ქალი ან კაცი ხვდება რომ ეს მათი საქმეა და ბავშვი არ უნდა დასტრესონ.მძულას ასეთი პროვოკატორი ხალხი ქალია თუ კაცი! ნიკას კი წარმატებებს ვუსურვებ.
kato
13 აპრილი 2021 13:24
4
ნეკა სექსუალიზმის წესებში აშკარად ერკვევა, ჩოგბურთის რა გითხრათ?
: )))))))
13 აპრილი 2021 11:45
1
ჩვენს გვჯერა ნიკას უდანაშაულობის, რა ვერ დამთავრდა ეს სასამართლო რომ დასაბუთდეს. წარმატებები ნიკას!
Irakli
13 აპრილი 2021 11:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული