გუშინ გაიმართა შეჯიბრებები სამ უმჩატეს წონით კატეგორიაში: 60, 66 და 73-ში, ჩვენებურთა მონაგარი კი ერთი ვერცხლია, რომელიც 60 კილოგრამში მოასპარეზე ზურაბ კახნიაშვილმა მოიპოვა.
გუშინდელი წონებიდან ყველაზე ცოტა მონაწილე სწორედ 60 კილოგრამში გამოდიოდა - 23, ჩვენი 4 მონაწილიდან 2 კი ნახევარფინალშიც გავიდა - კახნიაშვილი და ივანე ჯავახიშვილი, თუმცა კვარცხლბეკზე მხოლოდ პირველი დადგა.
კახნიაშვილმა ფინალამდე სამი შეხვედრა ჩაატარა და ყველა იპონით მოიგო. წინასწარ შეხვედრებში მასპინძელი ჩეჩნები დაამარცხა: რამდი მიშაევსაც იპონით აჯობა და ზელიმხან ალბასოვსაც. ნახევარფინალში სომეხ ოვანეს ალექსანიანსაც წმინდად მოუგო, ფინალი კი ვაზარით დათმო გორში გაზრდილ ოთარ ბესტაევთან, ვინც დღეს ტაჯიკეთის სახელით გამოდის.
გროზნოში ბესტაევმა პირდაპირ წირვა გამოგვიყვანა, რადგან კახნიაშვილი მესამე ჩვენებური იყო, ვისაც ამ ტურნირზე მოუგო: ჯერ ქვეჯგუფში ნიკა ბასილაშვილს აჯობა, ნახევარფინალში ჯავახიშვილიც დაგვიმარცხა ასევე ქულებით. ჯავახიშვილმა მანამდე ინგუშ იბრაგიმ ცუროვს ვაზარით მოუგო, ხოლო პეტერბურგელი მაგომედ სოლომგერიევის იპონზე დასაგდებად 8 წუთზე მეტი დასჭირდა. სამწუხაროდ, დამამშვიდებლის ფინალში ჯავახიშვილი ისევ დამარცხდა - ზემოხსენებულმა ჩეჩენმა მიშაევმა ასევე მარათონულ შეხვედრაში "სისხლი" მაინც აიღო.
ამ წონაში ლაშა ნადირაძეც გამოდიოდა, ვინც პეტერბურგელი მაგომედ ტალხიგოვი კი დაამარცხა, მაგრამ ჩეჩენ ტურპალ-ალი მეჯიდოვთან ვერაფერს გახდა.
66-ში ჩვენმა სამივე მონაწილემ მოიგო პირველი პაექრობა. გიორგი ბაზანდარაშვილმა, ირაკლი ნადირაძემ და ზვიად ხუბულურმა მასპინძლებთან იმარჯვეს, შესაბამისად, ნიკიტა ხოხრიაკოვთან, მეხდი ბეტმირზაევთან და ტოლიბ ჯებოვთან, მერე კი წააგეს და სანუგეშო წრეში გადაინაცვლეს. სამწუხაროდ, იქაც ხელი მოეცარათ, თუმცა ნადირაძემ ორ შეხვედრაში კი იმარჯვა.
73-ში ოთხი მონაწილე გვყავდა: გიორგი დოღანაძე, ბექა შავდათუაშვილი, გიორგი კანკავა და ანზორ ხმიადაშვილი, მაგრამ ისინიც უმედლოდ დარჩნენ.
გროზნოში დარჩენილი ოთხი წონის შეხვედრები დღეს გაიმართება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"