გრუნტის მოყვარული 1 ტიტულით - ვინ არის ბასილაშვილის მეტოქე ოლიმპიადაზე

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი ოლიმპიადის პირველ წრეში 28 წლის ესპანელ რობერტო კარბალიეს ბაენას დაუპირისპირდება.

ჩვენთვის გასახარი ფაქტია, რომ წლევანდელი ოლიმპიური თამაშების საჩოგბურთო ტურნირი ჰარდის კორტებზე იმართება, რაც ჩვენებურს აშკარა უპირატესობას აძლევს.

კარბალიესი ამ საფარზე ძალიან სუსტია, მის ძირითად ძალას გრუნტის საფარი წარმოადგენს, სადაც კარიერაში ერთადერთი ტიტულიც (2018 წელს ეკვადორში) მოიგო.

რობერტო ტიპური ესპანელი მოთამაშეა. მას უყვარს ხანგრძლივი გათამაშებები, ბურთის თამაშში დიდი ხნით დატოვება და მეტოქის დაღლაზე კონცენტრაციის გაკეთება. ის მომთმენი მოთამაშეა და ბასილაშვილთანაც ეცდება, რომ შემტევ მეტოქეს რაც შეიძლება მეტი შეცდომა დააშვებინოს.

კარბალიესი ამჟამად 98-ე ადგილს იკავებს, საუკეთესო მაჩვენებელი კი 2018 წლის თებერვალში დააფიქსირა, როდესაც 72-ე საფეხურს უწია.

ჩოგბურთელები აქამდე ერთმანეთს ორჯერ (ერთხელ ბალახზე და ერთხელ გრუნტზე) შეხვდნენ და ძალიან სასიამოვნოა, რომ ორივე შემთხვევაში ჩვენებურმა იმარჯვა.

წესითა და რიგით, ბასილაშვილმა ფავორიტის სტატუსი უნდა გაამართლოს და ესპანური ბარიერი ადვილად დაძლიოს.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, მეორე წრეში ნიკა ლორენცო სონეგოსა და ტარო დანიელს შორის უკეთესს დაუპირისპირდება.

მატჩი 24 ივლისს, გამთენიისას, 07:30 საათზეა ჩანიშნული, თუმცა დაწყების დრომ შესაძლოა გადაიწიოს. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როდის დასრულდება იმ კორტზე დაგეგმილი სხვა დაპირისპირებები.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული