ჩვენებურს წილისყრაში საშინლად არ გაუმართლა და მეტოქედ ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი, მსოფლიოს მე-4 ნომერი, 26 წლის დანილ მედვედევი ერგო.
მოგეხსენებათ, რუსებს სანქციები ჩოგბურთშიც დაუწესდათ და მათი ჩოგბურთელები ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობენ.
ნიკოლოზი დანილს კარიერაში არასდროს დაპირისპირებია. მედვედევი რამდენიმე თვის წინ სულაც რეიტინგის პირველი ნომერი გახლდათ.
როგორც უკვე ვწერდით, ბასილაშვილს რეიტინგში უდიდესი რეგრესი აქვს. ქართველს ინდიან უელსის მასტერსზე დაკარგული ქულები გამოაკლდა, რის გამოც ახლა რეიტინგში 94-ე
ვენის ტურნირი 500-ქულიანი გახლავთ. თუ ნიკოლოზმა მოახერხა და ეს ურთულესი ბარიერი გადალახა, მერვედფინალში ასევე მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ჩოგბურთელს, ავსტრიელ დომენიკ ტიმს შეხვდება.
ქართველმა გასულ წელს ვენაში პირველ წრეში ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას მოუგო, შემდეგ კი იტალიელ მატეო ბერეტინისთან წააგო და თუ დღეს დამარცხდება, ქულებს რეიტინგში კიდევ დაკარგავს.
მოგეხსენებათ, ბასილაშვილს ბოლო 9 მატჩში 8 წაგება აქვს, იმ 1 მოგებულ შეხვედრაშიც ჩვენებური მარცხდებოდა, როდესაც მეცის ტურნირზე მისმა ბელგიელმა მეტოქე ზიზუ ბერგსმა შეხვედრა ვერ გააგრძელა.
ვენის ტურნირის საპრიზო ფონდი 2 489 935 ევროა. ბასილაშვილისა და მედვედევის შეხვედრა ცენტრალურ კორტზე თბილისის დროით 19:30 საათზე გახლავთ ჩანიშნული.