კახიაშვილმა ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა

AutoSharing Option
კახი კახიაშვილმა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციიის პრეზიდენტის პოსტი დატოვა და ამის თაობაზე განცხადება თავის "ფეისბუქის" გვერდზე გაავრცელა:

"მეგობრებო

ძალოსნობის ფედერაციის ხუთწლიანი მმართველობის პერიოდში მე და ჩემმა გუნდმა ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. ამ პერიოდში შევძელით ის, რომ სტაბილურად საუკეთესოები ვიყავით როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მოგეხსენებათ, რომ ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით, როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ ჩათვლებში, საქართველოში არაერთხელ დაგვასახელეს საუკეთესო ფედერაციად. ასევე წლის საუკეთესო მწვრთნელის, სპორტსმენის თუ ახალგაზრდა სპორტსმენის ნომინაციაშიც არაერთხელ დაგვიმსახურებია საუკეთესოს სახელი ქალთა და კაცთა შორის.
ლაშა ტალახაძეს კი ბოლო სამი წლის განმავლობაში ზედიზედ ასახელებენ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად.

გავხსენით ბევრი ახალი დარბაზი და მოვაწყეთ ინფრასტრუქტურა. ჩვენს ძალოსნებს შევუქმენით სრულყოფილი სავარჯიშო პირობები. შიდა ჩემპიონატებზე დავნერგეთ საშეჯიბრო ათვლითი სისტემა.

ჩვენმა ქვეყანამ უმაღლეს დონეზე უმასპინძლა საერთაშორისო შეჯიბრებებს, რამაც მსოფლიოსა და ევროპის ფედერაციებში საუკეთესო ორგანიზატორის სახელი დაგვიმკვიდრა.

ბევრი სიახლე დაინერგა, თუმცა ყველაფერს აღარ ჩამოვთვლი. და მაინც, ჩვენი ძირითადი მიღწევა არის პროფესიონალიზმი, დისციპლინა, ურთიერთპატივისცემა და ურთიერთსიყვარული. სწორედ ამან მიგვიყვანა წარმატებამდე.

თითოეული წარმატების უკან დგას გუნდი, რომელიც ძალოსნობას ჩემთან ერთად წლების განმავლობაში ემსახურებოდა.

მინდა მადლობა გადავუხადო ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის თითოეულ წევრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მადლობა მწვრთნელებს, სპორტსმენებს, მსაჯებს, ექიმებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, რეგიონალურ სპორტულ ორგანიზაციებს, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ჩვენს კურატორებს, ძალოსნობის მსოფლიოსა და ევროპის ფედერაციას. მადლობა სპორტულ ჟურნალისტებს, ფანკლუბს, გულშემატკივრებს, თითოეულ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენს წინსვლაში. მადლობა მათ, ვინც გვაკრიტიკებდა. ამან ჩვენ გაგვაძლიერა. რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს.

მადლობა სპონსორებს "რომპეტროლსა" და "საქართველოს რკინიგზას".

მე მჯერა საქართველოს ძალოსნობის მომავლის. მას აქვს დიდი პერსპექტივა, მოდის ახალი, ძლიერი თაობა იმ ბაზებზე, რომლებიც შევქმენით ამ 5 წელიწადში.

მიზანი ბევრია, წინ ტოკიოს ოლიმპიური თამაშებია და ახალი გამარჯვებების მოლოდინი.

მე, ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი დღეს,  წესდების თანახმად, ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას.

ფედერაციას ვუსურვებ მალე აირჩიოს შესაბამისი, ღირსეული ხელმძღვანელი. თუ ძალოსნობის საზოგადოება ჩათვლის საჭიროდ, რომ გავაგრძელო ხელმძღვანელობა, მზად ვარ, ხელახლა წამოვაყენო საკუთარი კანდიდატურა.
წარმატებას, გამარჯვებას და ჯანმრთელობას გისურვებთ!".

მკითხველის კომენტარები / 11 /
კარგი რა თენგიზ! ამდენი ხალხისთვის გულის გახეთქვა იქნება ახლა? ასე საათივით, კახის, გიორგის და მათთან ერთად მთელს ფედერაციას და ბიჭებს რომ აქვთ, არსად არა აქვთ აწყობილი. ღმერთმა ასეთი თავმდაბალი, თავისი საქმის მცოდნე და საქმეზე შეყვარებული პიროვნება გვაჩუქა და სად უნდა გავუშვათ? მოვეფეროთ და ყველა პირობა შევუქმნათ, რომ კვლავაც წარმატებულად გააგრძელოს თავისი საქმიანობა.
Celebre inconnu
03:01 08-04-2021
0
მართალი გითხრათ სათაური რომ ვნახე განცვიფრებული დავრჩი, მაგრამ როცა პოსტი წავიკითხე დავწყნარდი, წესდება თუ არ იძლევა შესაძლებლობას კახის მომდევნო ვადით პრეზიდენტობის არჩევას სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს. მსოფლიოშო არ მეგულება ფედერაცია რომლის პრეზიდენტიც სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ეს ის შემთხვევაა, როცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კახი უვადოდ უნდა იქნეს არჩეული საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტად. ასეთი რამ ჩვენს სინამდვილეში არ მომხდარა მაგრამ კახი კახიაშვილი ის ფიგურაა სპორტში, რომ ის ამას იმსახურებს.
გუკა
15:49 02-04-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული