ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მე-8 დღეს ძალოსნობაში -96 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ანტონ პლესნოი წარსდგა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
შეჯიბრი ატაცში დაიწყო, 1-ელ ცდაზე ჩვენებურმა 173 კილოგრამი ასწია, 177 კილოგრამი მეორე ცდაზე ვერ დავძლიეთ, თუმცა მესამე ცდაზე ანტონმა წონა მარტივად დააფიქსირა და ლიდერთა შორის, მესამე ადგილზე, ჩაეწერა.
ატაცში ლიდერი კანადელი სპორტსმენი, ბოედი სანტავი იყო, რომელმაც, თავის მხრივ, 178 კილოგრამის დაფიქსირება შეძლო, 177 კილოგრამი კი პლესნოისთან ერთად კიდევ 2-მა სპორტსმენმა ასწია.
რაც შეეხება აკვრას, 1-ელ ჯერზე ანტონ
პლესნოიმ 207 კილოგრამი დააფიქსირა, მეორე ცდაზე 210-იანი კილოგრამი ვერ დაძლია, რის შემდეგაც პოდიუმიდან კოჭლობით გავიდა, მიუხედავად ტრავმის დიდი ალბათობისა ის მალევე დაბრუნდა და 210 კილოგრამიანი წოდა დააფიქსირა, რითაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედალი გაინაღდა. საბოლოოდ, საერთო ჩათვლაში ქართველმა 387 კილოგრამი ასწია, რითაც მე-3 ადგილი დაიკავა.
ოქროს მედალს კატარელი ელ-ბახი დაეუფლა, რომელმაც 402 კილოგრამი დააფიქსირა და ახალი ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა, მეორე ადგილზე კი ვენესუელის წარმომადგენელი, კეიდომარ ვალენილა გავიდა, რომელმაც საერთო ჯამში 387 კილოგრამი ასწია.