კიდევ ერთი მედალი, ამჯერად მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლი და ისევ პირველად

AutoSharing Option
2019-2020 წლის სეზონის განმავლობაში უკვე მერამდენედ გვიწევს აღნიშვნა:
"საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად...." და მართლაც რომ პირველად...

"გრან პრის ეტაპების ოქროსა და ვერცხლის მედლები, გრან პრის ფინალის ოქროს მედალი სპორტულ ცეკვებში, ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ოქროსა და ბრინჯაოს მედლები სპორტულ წყვილებში, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი ვაჟთა კატეგორიაში და ყველა ეს წარმატება მართლაც რომ პირველად, წლების წინ აუხდენელ ოცნებად ქცეული, დღეს კი დიდი ბრძოლის შედეგად მიღწეული და დამსახურებულად მოპოვებული. გამარჯვების ერთ კვარცხლბეკზე დგომა სპორტის ამ სახეობის "სამშობლოდ" მიჩნეული ისეთი ქვეყნების გვერდით,
როგორებიცაა რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, ოცნების რეალობად ქცევის დაუჯერებელი მაგალითია...", - აღნიშნა სპორტულ ცეკვებში ქართველი მოციგურავეების დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტმა მარიამ გიორგობიანმა.

ბოლო 20 წლის მანძილზე სპორტულ ცეკვებში იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატებზე მხოლოდ 7 ქვეყნის მოციგურავე წყვილმა შეძლო გამარჯვება და საპრიზო ადგილის მოპოვება. დღეს კი ამ ქვეყნებს: ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, კანადა, საფრანგეთი, უკრაინა, უნგრეთი და ესტონეთი მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას ვერცხლის მედლებით საქართველო დაემატა, კიდევ ერთი ახალი ფურცელი საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში.
2020 წლის იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე სპორტულ ცეკვებში 176,19 ქულით მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა ქართველმა წყვილმა მარია კაზაკოვა და გიორგი რევიამ, რომლებსაც 0.99 ქულა დააკლდა პოზიციით უფრო მაღალ საფეხურზე ასასვლელად. პირველი ადგილი კი ერგო წყვილს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ევონლი ნგუენსა და მაქსიმ კოლესნიკს, რომლებმაც 2019 წლის გრან პრის ფინალში პირველობა კაზაკოვა-რევიას წყვილს დაუთმეს და რითმული ცეკვის შემდეგ კი ამ ჩემპიონატზე თითქმის 2 ქულით ჩამორჩებოდნენ ქართველ წყვილს.
ტალინში მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა წყვილმა კაზაკოვა-რევიამ წარმოადგინეს ორიგინალური რითმული ცეკვა და ტექნიკურად საკმაოდ რთული თავისუფალი პროგრამა. ორივე ამ პროგრამის კომპონენტური სეგმენტი მსაჯებმა უფრო მაღალი ქულით შეაფასეს, ვიდრე ქართველი წყვილის მთავარი კონკურენტების პროგრამების საპრეზენტაციო ნაწილი.

ამერიკის შეერთებული შტატები , საქართველო და რუსეთი .... და ისევ პირველად, ქართველი მოციგურავეების მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილეობის ისტორიაში...
2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რუსეთთან მაღალი კონკურენციის პირობებში იქნა მოპოვებული მთელი გუნდის გამარჯვების ტოლფასი ღირსეული შედეგია - აღნიშნა ფედერაციის პრეზიდენტმა მარიამ გიორგობიანმა".

Sportall.Ge

GeorgianFigureSkatingFederation
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული