ქართველ მოციგურავეთა 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო რიგის ტურნირზე

AutoSharing Option
რიგის საერთაშორისო ტურნირზე ქართველ მოციგურავეთა წარმატებული გამოსვლები და დამსახურებულად მოპოვებული 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი.

ლატვიის დედაქალაქ რიგაში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი "Volvo Open Cup -2019"-ის თასზე, რომელიც მასპინძლობდა 30 ქვეყნის 200-ზე მეტ სპორტსმენს, მათ შორის, სენიორების კატეგორიაში მოცეკვავე ქართველ წყვილს - მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას, ერთეულებში - ირაკლი მაისურაძესა და ალინა ურუშაძეს და იუნიორთა შორის სპორტულ წყვილს - ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავას.

რიგის საერთაშორისო ტურნირზე მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას ვერცხლის, ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავას ბრინჯაოს
მედლების ნუსხას დაემატა ირაკლი მაისურაძისა და ალინა ურუშაძის წარმატებული გამოსვლები უფროს ასაკობრივ კატეგორიაში. ირაკლი მაისურაძე 15 ქვეყნის 16 მოციგურავეს შორის თავისუფალი პროგრამის გამარჯვებული გახდა, ხოლო ჯამური 220, 35 ქულით მე-2 ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ალინა ურუშაძე, რომელიც 15 ქვეყნის 28 მოციგურავე სპორტსმენს შორის ასპარეზობდა, 163, 83 ქულით მე-3 ადგილისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

რიგის საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოციგურავეებმა მოპოვებული ორი ვერცხლისა და ამდენივე ბრინჯაოს მედალთან ერთად, მოკლე და თავისუფალ პროგრამებში დააგროვეს ტექნიკური ელემენტების შესრულებისათვის დადგენილი სარეიტინგო ქულები, რაც მოცეკვავე წყვილ კაზაკოვა-რევიას, ერთეულებს - ირაკლი მაისურაძესა და ალინა ურუშაძეს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მონაწილეობის მიღების უფლებას ანიჭებს.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ულოცავს ქართველ სპორტსმენებს ამ წარმატებას, ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი კი მადლობას უხდის თითოეულ სპორტსმენსა და მათ მწვრთნელებს ასეთი შედეგებისა და ფიგურული ციგურაობის ქართველ გულშემატკივართა მოლოდინის გამართლებისათვის.

მომზადებულია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
უეჭველი წარმატებაა ჩვენი საციგურაო სპორტის და ნამდვილად მისალოცია! სხვებმაც რომ მათგან აიღონ მაგალითი კარგი იქნებოდა.
გიორგი
14:56 11-11-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული