ევროპაც, მსოფლიოც, ოლიმპიადაც - ინტერვიუ მაკა გიორგობიანთან

AutoSharing Option
აგვისტოს ბოლოს ფიგურულ ციგურაობაში 2017/18 წლების სეზონი იწყება, რომელიც ქართველი მოციგურავეებისთვის უჩვეულოდ დატვირთული იქნება - ოლიმპიური თამაშები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, როგორც დიდებში, ისე იუნიორებს შორის. ჩვენი მოციგურავეები გრან პრის ეტაპებზეც არიან დაშვებული, რაც გასულ სეზონში კარგი, წარმატებული გამოსვლების შედეგია.

მიმდინარე მოვლენებსა და სამომავლო გეგმებზე საქართველოს ფიგურული ციგურაობის პრეზიდენტს მაკა გიორგობიანს ვესაუბრეთ.

- წლეულს უმნიშვნელოვანესი სეზონი გვაქვს. ყველაზე დიდი მოვლენა, ცხადია, ოლიმპიური თამაშები იქნება, სადაც ვაჟთა ერთეულთა თანრიგში მორის ყვითელაშვილი იასპარეზებს. იქამდე კი არაერთი სტარტი გველის, როგორც დიდებში, ისე ახალგაზრდებს
შორის. ჩვენმა სპორტსმენებმა უფლება მოიპოვეს, ევროპისა და მოსფლიოს ჩემპიონატებზე იასპარეზონ. ამდენად, ამ შეჯიბრებებისთვის სათანადოდ მომზადებაა საჭირო.

- ხომ ვერ დაგვიკონკრეტებთ, რომელ მოციგურავეს რა შეჯიბრება ელის?
- პირველი შეჯიბრება ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში გრან პრის ეტაპია ახალგაზრდებს შორის. აქ ორი წარმომადგენელი გვეყოლება. ერთეულთა თანრიგში ნიკა ეგაძე იასპარეზებს. ის ასეთი მაღალი დონის ტურნირზე მეორედ გამოვა.

გოგონებში კი დებიუტი ექნება მარიამ მეშველიანს. სასიხარულოა, რომ ელენე გედევანიშვილის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა გრან პრის ეტაპზე ქალთა ერთეულთა თანრიგში მოციგურავე გაგვყავს. მეშველიანი წარმოშობით ქუთაისელია, თუმცა ახლა ბათუმში ცხოვრობს და იქ სპორტულ ახალგაზრდულ ცენტში ვარჯიშობს. მას პროგრამა პირად მწვრთნელ ლელა ჩოფიკაშვილთან ერთად ვახტანგ მურვანიძემ დაუდგა, რომელიც დღესდღეობით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დამდგმელი ქორეოგრაფია.

მარიამს შევუქმენით მაქსიმალური პირობები, რაც კი ჩვენს შესაძლებლობებში იყო, რათა საერთაშორისო ასპარეზზე სრულიად გამართული პროგრამით წარსდგეს.

- ნიკა ეგაძეც აქამდე ბათუმში ვარჯიშობდა...
- ჩვენ თხოვნით მივმართეთ მოსკოვში მოღვაწე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელ ეთერ თუთბერიძეს, რათა ჩვენს რამდენიმე სპორტსმენს გაევლო მასთან საზაფხულო შეკრება. ეთერიმ გვითხრა, რომ ნიკა ეგაძესთან არა ერთი თვით, არამედ ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმუშავებდა და საერთაშორისო ტურნირებზე საასპარეზოდ მოამზადებდა.

ამდენად, ეგაძე უკვე ივნისის დასაწყისიდან მოყოლებული, მოსკოვში ვარჯიშობს. ის ძალიან მოსწონთ იქ მომუშავე სპეციალისტებს. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ნიკას ჯერ კიდევ ძალიან ბევრი კომპონენტი აქვს გამოსასწორებელი და დასახვეწი.

ვფიქრობ, ძალიან დიდი ამბავია, რომ ორი ქართველი მოციგურავე, ნიკა ეგაძე და მორის ყვითელაშვილი გვერდი-გვერდ ემზადებიან მსოფლიოსა და ევროპის ორ-ორ გზის ჩემპიონ ევგენია მედვედევასთან და მსოფლიოს ჩემპიონთან იუნიორებს შორის ალინა ზაგიტოვასთან.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ისაა, რომ ჩვენს მოციგურავეებს ყველანაირი პირობა აქვთ მზადებისთვის. მათთან მუშაობენ ინდივიდუალურად ფიზმომზადების, სრიალის, პლასტიკის, ტრიალების მწვრთნელები და ქორეოგრაფები. ამასთან ერთად, აქვთ სრული სამედიცინო კონტროლი. ყველა ვარჯიშის შემდეგ მათ სამედიცინო პროცედურები უტარდებათ.

ერთი სიტყვით, ერთი დიდი სპორტული ინდუსტრიაა შექმნილი. სისტემა, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენებს ამზადებს. თუ გვინდა მაღალი შედეგები გვქონდეს, ეს სისტემა საქართველოშიც უნდა ავაწყოთ. გვყავს კარგი მწვრთნელები, მაგრამ იმ პირობებში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, რთულია კონკურენცია გაუწიო წამყვან სპორტსმენებს.

კიდევ ერთი პრობლემა. ეგაძე სკოლის მოსწავლეა. მას ივნისში გამოცდები უნდა ჩაებარებინა. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა გაფრთხილებული იყო, ყველას თხოვნით მივმართეთ, რომ გამოცდები გადაგვევადებინა, ვერაფრით შევძელით. ისე გამოდის, რომ ნიკა, რომელიც წარჩინებული მოსწავლეა, წლეულს კლასში რჩება. ეს მარტო ჩვენი პრობლემა არ არის. ეს მთლიანად ქართული სპორტის პრობლემაა და იქნებ რაიმე გამოსავალი მოიძებნოს.

- ეს ყველაფერი ერთეულთა თანრიგში. წყვილებში რაიმე სიახლე ხომ არ არის?
- მოცეკვავეთა შორის ახალი წყვილი გვყავს. გიორგი რევიას მეწყვილე მარია კაზაკოვა გახდა, რომელიც მოვახერხეთ და რუსეთიდან გადმოვიყვანეთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნიდან ტრანსფერები აკრძალული იყო. წლეულს ისინი პირველად იასპარეზებენ ერთად. მათთვის ახლა მთავარია, საჭირო რაოდენობის ქულები დააგროვონ საერთაშორისო ტურნირებზე, რათა იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მიიღონ.

- მოდი, მორის ყვითელაშვილზეც ვთქვათ. ჯერჯერობით ის ერთადერთი სპორტსმენია საქართველოში, რომელსაც ზამთრის ოლიმპიადის ლიცენზია აქვს...
- მორისმა ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები კარგი შედეგით, წლეულს ამავე ტურნირზე ორი სპორტსმენის გაყვანის უფლება მოგვიპოვა. ევროპის ჩემპიონატი მოსკოვში ჩატარდება. იქ ასპარეზობისთვის საჭირო რაოდენობის ქულების დაგროვების შანსი ნიკა ეგაძესაც აქვს. ამიტომ, სამი სპორტსმენიდან - ყვითელაშვილი, მაისურაძე, ეგაძე - ის ორი იასპარეზებს, ვინც იმ დროისთვის უკეთეს ფორმაში იქნება. ამის გარდა, ყვითელაშვილი ნოემბერში გრან პრის ეტაპზე გამოვა, რომელიც ფრანგულ გრენობლში გაიმართება.

ყვითელაშვილმა უკვე თითქმის დაასრულა ახალ პროგრამაზე მუშაობა, რომლითაც ის ყველა შეჯიბრებაზე, მათ შორის ოლიმპიადაზე წარსდგება.

აღსანიშნავია, რომ შანსი გვაქვს, ოლიმპიადაზე ჩვენმა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა სალომე ჩიგოგიძემაც იმსაჯოს. ეს შანსი მორისის მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებულმა გამოსვლამ მოგვცა. გვეყოლება თუ არა ოლიმპიადაზე მსაჯი, ეს კენჭისყრის შემდეგ გახდება ცნობილი, რომელიც სექტემბრის ბოლოს გაიმართება.

- როდის ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი და თუ ვიხილავთ იქ ყველა ამ მოციგურავეს?
- საქართველოს ჩემპიონატს დეკემბერში ჩავატარებთ და ვაპირებთ, ყველა ქართველი მოციგურავე ჩამოვიყვანოთ, რომლებიც საზღვარგარეთ ვარჯიშობენ. იქამდე კი ლატვიიდან ჩამოგვყავს საერთაშორისო კატეგორიის ტექნიკური სპეციალისტი, რომელიც პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობას ჩაუტარებს მწვრთნელებსა და სპორტსმენებს. შეამოწმებს დადგმულ პროგრამებს, რამდენადაა ის შესაბამისობაში წესებთან მასში შესული ცვლილებების შემდეგ.

ეს ძალზე მნიშვნელოვანი პროექტია, რაც ჩვენი სპეციალისტებისა და მოციგურავეების დონეს კიდევ უფრო გაზრდის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უკომენტაროთ????
კოკო
21:25 18-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული