ბრაზილიელმა ფრენბურთელმა ჟაკლინ კარვალიუმ სატელევიზიო ინტერვიუს დროს გონება დაკარგა და დაეცა.
ის სან პაულუში, ბრაზილიის სუპერლიგის მატჩს ესწრებოდა "სესი სან პაულუსა" და "ეიმის ტაუბატე ფუნვიკს" შორის. შესვენებისას კარვალიუ ადგილობრივ ტელევიზიას აღნიშნული შეხვედრის შესახებ ესაუბრებოდა და ეს შემთხვევაც მაშინ მოხდა.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს დარბაზში არსებული სიცხის გამო წნევა დაუვარდა და რომ არა "სესის" გუნდის ექიმი სერჟიო შავიერი, შეიძლება ტრაგედიაც დატრიალებულიყო. ფრენბურთის ბრაზილიელ ვარსკვლავს სწორედ სერჟიო შავიერმა აღმოუჩინა დახმარება.
35 წლის ჟაკლინ კარვალიუმ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი ბეიჯინგსა (2008) და ლონდონში (2012) მოიპოვა. ასევე ფლობს ორ ვერცხლის მედალს 2006 და 2010 წლებში იაპონიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატებზე.
კარვალიუ ბრაზილიაში ვარსკვლავად ითვლება და მას 800 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს "ინსტაგრამზე". სხვათა შორის, ამ ამბავმა დადებითად იმოქმედა მის პოპულარობაზე და 3 დღეში კარვალიუს გამომწერთა რიცხვი 20 000-ზე მეტით გაიზარდა.
მომზადებულია news.com.au-ს მიხედვით