უკრაინელმა მოკრივემ, ოლექსანდრ უსიკმა, დაადასტურა, რომ სამშობლო დატოვა და ენტონი ჯოშუასთან გასამართი რემატჩისთვის მზადება დაიწყო. შეგახსენებთ, მებრძოლს ბრიტანელთან ორთაბრძოლა გაზაფხულზე ჰქონდა ჩანიშნული, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გეგმები შეიცვალა. 35 წლის უსიკი მშობლიურ ქვეყანაში ჩავიდა, იარაღი აისხა და ფრონტის წინა ხაზზე ბრძოლა დაიწყო.
"გადავწყვიტე, ენტონი ჯოშუასთან რემატჩისთვის მზადება დავიწყო. მეგობრების დიდი ნაწილი მხარს მიჭერს, დანარჩენს მშვიდობა არ მოგკლებოდეთ. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის.
ასე უფრო დავეხმარები ჩემს ქვეყანას, ვიდრე ავტომატით კიევის გარშემო სირბილით. ჩემმა მეგობრებმა მხარი დამიჭირეს. უკრაინა, ყველაფერი კარგად იქნება"
ოლექსანდრის გადაწყვეტილებას ვიტალი კლიჩკო გამოეხმაურა:
"მაქვს გეგმები, რაზედაც მას უნდა დაველაპარაკო, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ბრძოლას გადაწყვეტს. ეს იქნება განსაკუთრებული გზავნილი, რასაც ის უკრაინიდან წაიღებს. რთულია მისთვის გადაწყვეტილების მიღება, რადგან ამის დადებითი და უარყოფითი მხარეები არსებობს, თუმცა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ელჩისგან დროშის აღმართვამ და ჰიმნის გაჟღერებამ შესაძლოა უკეთესი შედეგი მოიტანოს. დიახ, ჩვენ მხარდაჭერა გვჭირდება. ომის დაწყებიდან მოყოლებული, ეკონომიკა ნადგურდება. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ადამიანს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას ვაძლევთ" - განაცხადა ვიტალიმ.
მომზადებულია thesun-ის მიხედვით