საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) განცხადებით, კრივის საერთაშორისო ასოციაციის (IBA) მიერ ჩასატარებელ მსოფლიო ჩემპიონატს პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირის დატვირთვა არ ექნება. IOC-ის განმარტებით, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში IBA-ს წევრობა კვლავინდებურად შეჩერებულია.
IOC-მა პირველად 2022 წლის ივნისში განაცხადა, რომ 2024 წლის პარიზის თამაშებზე მოკრივეთა ტურნირი არ ჩატარდებოდა IBA-ს ეგიდით. ამას წინ უძღოდა IBA-ს განცხადება, რომლის მიხედვითაც, მოკრივეთა მსოფლიო ჩემპიონატი პარიზი-2024-ის საკვალიფიკაციო შეჯიბრება იქნებოდა.
"კრივში პარიზი-2024-ის ერთადერთი მოქმედი საკვალიფიკაციო სისტემა ეს არის IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს მიერ 2022 წლის სექტემბერში მიღებული სისტემა,
რომელიც 2022 წლის 6 დეკემბერს გამოქვეყნდა და გავრცელდა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს და კრივის ეროვნულ ფედერაციებს შორის. IOC-მა 2019 წელს IBA-ს აღიარება შეაჩერა და ის დღესაც ძალაშია," - ნათქვამია IOC-ის ბოლო განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც IOC-მა IBA-ს წევრობა (მაშინ - AIBA) შეაჩერა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოკრივეთა ტურნირი სწორედ IOC-ის მიერ საგანგებოდ შექმნილი კომისიის პატრონაჟით ჩატარდა (საგულისხმოა, რომ კრივი 2028 წლის ოლიმპიური თამაშების წინასწარ პროგრამაში არ შედის).
2022 წლის 5 ოქტომბერს IBA-მ შეჯიბრებებზე დაუშვა მოკრივეები რუსეთიდან და ბელარუსიდან. ისიც გასათვალისწინებელია, რომ კრივის საერთაშორისო ასოციაციამ ორივე ქვეყნის წარმომადგენლებს საერთაშორისო ტურნირებზე სახელმწიფო დროშით და ჰიმნით გამოსვლის უფლებაც მისცა. რიგი ქვეყნების ასოციაციებმა, მათ შორის, აშშ-მა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და შვეიცარიამ, ეროვნული ატრიბუტით რუსეთის და ბელარუსის ნაკრებების დაშვების გამო 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადა.
წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი