ქვემსუბუქ კატეგორიაში ჩემპიონის, ჩარლზ ოლივეირას ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა, თუმცა გამარჯვებით უმეტესწილად იმარჯვებდა და აქ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ბრძოლები არ იგულისხმება.
სამხრეთამერიკელი ფაველაში დაიბადა. ეს ბრაზილიის ქალაქების უღარიბესი ადგილები გახლავთ, სადაც არც ინფრასტრუქტურაა განვითარებული და არც კანალიზაციაა მოწესრიგებული. კრიმინალის დონე, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია. ექიმების თქმით, ბავშვი ფეხზე გავლას ვეღარ შეძლებდა, დღეს კი ის ჩემპიონია...
ფაველა, სან-პაულო
როგორც ყველა ბრაზილიელს, ოლივეირასაც ფეხბურთი უყვარდა, თუმცა 7 წლის ასაკში ართრიტით დაავადდა და საავადმყოფოში 2 წელი გაატარა.
მებრძოლი სან-პაულოში დაიბადა. დედა დამლაგებელი იყო, მამა კი ბოინში (ცხოველების დასაკლავ ადგილზე) მუშაობდა. ფეხბურთისადმი უდიდესი სიყვარულით გაჯერებული ჩარლზი 7 წლის ასაკში ტრაგედიას პირველად შეეჯახა, ექიმებმა ვარჯიში გულის პათოლოგიური შუილისა და რევმატოიდული ართრიტის გამო აუკრძალოს (ტერფებზე ახდენს ეს უკანასკნელი ზეგავლენას), უჭირდა მოძრაობა და განიცდიდა ძლიერ ტკივილს. საავადმყოფოში იმედისმომცემს ვერაფერს ჰპირდებოდნენ. ერთადერთი, რასაც ეუბნებოდნენ, იყო ის, რომ სპორტი დაევიწყებინა, რადგან დიდი ალბათობით, ცხოვრებას ინვალიდის ეტლში გაატარებდა.
"ექიმებმა გვითხრეს, რომ ის ვეღარ გაივლიდა და გადაადგილებას მხოლოდ ინვალიდის ეტლით მოახერხებდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ შევეგუეთ და ღმერთის მადლით, ყველაფერი საპირისპიროდ შეიცვალა" - გაიხსენა მებრძოლის დედამ.
ოლივეირა 2 წლის განმავლობაში ტერფებს ვერ ამოძრავებდა, ცხოვრობდა საავადმყოფოში... დედას კი მისსავე პალატაში შვილის საწოლის გვერდით იატაკზე ეძინა. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ მთელი თვის განმავლობაში ის სახლში არ ბრუნდებოდა, ღამეს კლინიკაში ათენებდა, გამთენიისას, დილის 5 საათზე სამუშოდ მიდიოდა, შემდეგ კი ისევ უკან ბრუნდებოდა და 7 წლის ბიჭთან ერთად ებრძოდა ამ საშინელ დაავადებას... თუმცა ხშირად მარტო რჩებოდა და მაშინ განიცდიდა ყველაზე დიდ ტკივილს, როდესაც მისი ოჯახის წევრი მის გვერდით აღარ იყო.
"2 წელი საავადმყოფოში გავატარე. ეს ყველაფერი მაგიჟებდა, რადგან მოძრაობა არ შემეძლო. ჩემს მშობლებს მუშაობა უწევდათ, რის გამოც მარტო ვრჩებოდი. ძალიან მიჭირს იმდროინდელი ისტორიის გახსენება" - განაცხადა მებრძოლმა.
რა თქმა უნდა, მკურნალობა ძვირად ღირებულ ოპერაციასთან და პრეპარატებთან იყო დაკავშირებული, მის ოჯახს კი ამის საშუალება არ ჰქონდა, თუმცა, ღმერთის მადლით, ერთი კეთილი ადამიანი გამოჩნდა და სრულად დააფინანსა ბავშვის კლინიკაში გადაყვანა.
11 წლის ასაკში ბრაზილიელი საავადმყოფოდან გაწერეს, თუმცა ბოლომდე განკურნებული არ იყო - 2 კვირაში ერთხელ ექიმები ანთების ჩასაცხრობად ნემსებს უკეთებდნენ. კატეგორიული უარის მიუხედავად, ჩარლზი სავარჯიშოდ მაინც წავიდა.
მას შემდეგ, რაც ფეხბურთს შეეშვა, ჯიუ-ჯიცუზე გადაერთო. რეკომენდაცია მამის მეგობარმა გაუწია, მოგვიანებით ის ჩაცხრილეს...
ფეხბურთი ბიჭისთვის, რომელსაც პრობლემური ტერფები ჰქონდა, ზედმეტად დიდი დატვირთვა იყო. ამიტომ ჯიუ-ჯიცუ აირჩია. როგორც უკვე გითხარით, სპორტის ეს სახეობა მამის მეგობარმა, პაულომ ურჩია. მოგვიანებით თვითონ ჩარლზმაც აღიარა, რომ როგორც ბიძა, ისე ჰყავდა ის, რადგან სწორი გეზი მაშინ იმ ადამიანმა ააღებინა.
სამწუხაროდ, პაულომ ჩემპიონის წარმატება ვერ იხილა, ვარჯიშიდან 2 წლის გასვლის შემდეგ ის ჩაცხრილეს...
"პაულო ჩვენი ოჯახის წევრი გახდა, ჩემს მშობლებს პატივს სცემდა, მე და ჩემი ძმა კი ძალიან ვუყვარდით. მჯერა, რომ ის ახლა ჩემს წარმატებას ზემოდან უყურებს. ვისურვებდი, რომ ჩემ გვერდით იყოს და ხედავდეს, თუ რას მივაღწიე. დარწმუნებული ვარ, რომ იამაყებდა, რადგან ჩემი პატარა წარმატებაც კი მას ძალიან ახარებდა" - განაცხადა ოლივეირამ.
მებრძოლის დედა შვილის ახალი ჰობის წინააღმდეგი იყო, რა თქმა უნდა. მას ეშინოდა, რომ ბავშვს რაიმე არ დაეზიანებინა, თუმცა მამამ შეძლო და მეუღლე დაარწმუნა, რომ მათ ბიჭს ამ სახეობაში დიდი წარმატება ელოდა.
"საავადმყოფოს დატოვებიდან 2 თვის შემდეგ ჩარლზმა ვარჯიში დაიწყო, რამდენიმე კვირის თავზე კი ადგილობრივი ჩემპიონატი მოიგო. როდესაც ექიმის ოთახში შევედით და ეს ამბავი ვუთხარით, გაოგნებული იყურებოდა და გვიმტკიცებდა, რომ ეს შეუძლებელი იყო, თუმცა ჩემმა შვილმა მედალი აჩვენა" - იხსენებს სიამაყით ჩარლზის მამა.
ჯიუ-ჯიცუს დარბაზში ოლივეირა არა მხოლოდ მისი სამომავლო შედეგით, არამედ ბავშვობიდან პირველობის დაუოკებელი სურვილის გამო ემახსოვრებათ - UFC-ის ამჟამინდელ ჩემპიონს ბავშვობიდანვე პირველობა სურდა, ერთხელ მწვრთნელიც კი გამოიწვია, რომელმაც ჭკუის სასწავლებლად მოწაფე მიწაზე დაახეთქა, მოგვიანებით ინანა და იფიქრა, რომ ჩარლზი დარბაზში აღარ მოვიდოდა, თუმცა მომავალი ჩემპიონი მეორე დღესვე ვარჯიშზე ანთებული თვალებითა და გაორმაგებული ძალით გამოცხადდა.
18 წლის ასაკში ჩარლზმა დაავადება სრულად გადაიტანა, შემდეგ კი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ებრძოლა საკუთარი მომავლისთვის, დედასთან მივიდა და განუცხადა:
- მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ასე გავაგრძელო. ვიბრძოლებ ჩემი მომავლისთვის და ყველაფერი კარგად იქნება.
- თუ ღმერთის გწამს და ფიქრობ, რომ განიკურნე, მაშინ მიჰყევი შენს გზას.
ოლივეირა ღარიბ ადამიანად დარჩა, პანდემიის დროს კი თავის მშობლიურ დასახლებას ძალიან დაეხმარა
ჩარლზმა კარიერა MMA-ში დაიწყო, თანაც როგორ? 12 დაპირისპირება და 12-ივე გამარჯვება, 2010 წელს კი UFC-ისგან მიწვევაც დაიმსახურა, თუმცა იქ სტარტი არცთუ ისე შთამბეჭდავი გამოდგა, 4 ორთაბრძოლიდან 2 გამარჯვება და ამდენივე მარცხით ბრაზილიელი ნაკლებპერსპექტიულად აღიარეს, თუმცა 2017 წლიდან მოყოლებული, ყველაფერი თავდაყირა დადგა, ბრაზილიელმა აშკარად მოუმატა და 10 გამართული დაპირისპირებიდან 9-ში გამარჯვებული თვითონ გამოვიდა.
UFC-ში სამხრეთამერიკელი "დო ბრონქსის" სახელწოდებით გამოდის, რაც პორტუგალიურ ენაზე "ბიჭს ფაველიდან" ნიშნავს, მშობლიურ ადგილს კი უდიდესი გამარჯვება ჩენდლერთან ბრძოლის შემდეგ მიუძღვნა.
"მაიკლ, შენ დიდებული ჩემპიონი ხარ, თუმცა დღეს ჩემი დღე იყო. ფაველა, აი, ჩვენი ქამარი" - ყვიროდა ოლივეირა და ძლივს იკავებდა ცრემლებს.
მიუხედავად წარმატებისა, მებრძოლი თავის ადგილობრივ მეგობრებს არ ივიწყებს:
"ისევ ბრაზილიაში ვცხოვრობ, რა თქმა უნდა, უკეთეს ადგილსა და სახლში. ვცდილობ, ჩემი ოჯახის კეთილდღეობა გავაუმჯობესო, ჩემს ძველ მეგობრებთან კონტაქტს კი არ ვწყვეტ. ფული ადამიანს არ ცვლის. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რამდენი გამოიმუშავა ცხოვრების განმავლობაში. ვიცი, საიდანაც მოვდივარ, არასდროს არ უნდა დაივიწყო ისინი, ვისთან ერთადაც გაიზარდე.
თავს ცნობილ ადამიანად არ ვთვლი, მე ვარ ნორმალური პიროვნება, რომელიც სხვების დახმარებაზე ფიქრობს და ასევე მასაც სჭირდება გვერდში დგომა. ყოველთვის ვიძახი, არ მახსენდება ვინმე, ფაველაში მოსულიყო და დაგვხმარებოდა, ჩვენ მხარს ერთმანეთს ვუბამდით. ვეხმარები ყველას ისე, როგორც შემიძლია. მყავს უამრავი შეძლებული მეგობარი, რომლებთან ერთადაც სურსათს ვყიდულობ და ჩემს მშობლიურ ტერიტორიაზე ვარიგებ. ვცდილობ, არ მოვაკლო წამლები და ყურადღება. სამწუხაროდ, იქ ხალხს ძალიან უჭირს, ძალიან... ამანათების გაგზავნა არ შემიძლია, რადგან ხშირად ერთმანეთისას იპარავენ... ამიტომ მიგვაქვს ხოლმე სახლის კარამდე. განსაკუთრებით ვცდილობ, პატარა ბავშვებს მხარში ამოვუდგე და ცხოვრება გავულამაზო".
2020 წლის მიწურულს მებრძოლი მშობლიურ ადგილს ესტუმრა. პანდემიამ ისინი ძალიან დააზარალა, ჩარლზმა კი გადაწყვიტა, რომ ყოფილიყო მაგალითი ბრაზილიელებისთვის და დადგომოდნენ გაჭირვებულებს გვერდში:
"პანდემიამ ხალხი უფულოდ დატოვა. მეგობრებთან ერთად ვცადე, მათ დავხმარებოდი. ვიყიდე საკვები, რომლების გამოყენებაც დიდი ხნის განმავლობაში შეიძლებოდა და წავედი. ასეთი მცირედითაც კი უდიდეს საქმეს აკეთებ, ამიბით მხარი".
სამაგალითო სპორტსმენი UFC-ში 10 წელზე მეტია ასპარეზობს, ახლა კი ჩემპიონია და საკუთარ თავს მომხდარ ამბავს ზღაპრად მიიჩნევს, ჰგონია, რომ ეს უბრალოდ ტკბილი სიზმარია:
"წარმოიდგინეთ, გაჭირვებული ბიჭი, რომელსაც ექიმებმა უთხრეს, რომ სპორტზე ოცნებისთვის თავი დაენებებინა, რადგან მომავალში გადაადგილება მხოლოდ ინვალიდის ეტლით შეეძლებოდა. შეხედეთ, სად ვარ დღეს".
შეგახსენებთ, 12 დეკემბერს ჩარლზ ოლივეირამ დასტინ პორიე დაამარცხა და ტიტული პირველად დაიცვა. ბრძოლის მიმდინარეობისას ჩარლზი ნოკდაუნშიც იყო, თუმცა ძალების მოკრება მოახერხა და სიტუაცია თავის სასარგებლოდ შემოატრიალა. მესამე რაუნდში კი მახრჩობელა ილეთი გაუკეთა და დასტინი აიძულა, რომ დანებებულიყო.