UFC-ის ქართველი მებრძოლი 9-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

AutoSharing Option
UFC-ის ქართველი მებრძოლი ზვიად ლაზიშვილი დოპინგზე ჩავარდა. სამწუხარო ინფორმაციას ჩვენებური საკუთარი "ფეისბუქგვერდის" მეშვეობით გამოეხმაურა:

"გამარჯობა, მეგობრებო. მინდა ჩემს 9-თვიან დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით NAC-ის გადაწყვეტილებას გამოვეხმაურო.

მოკლედ, როგორც იცით, ბოლო 2 წელია ვებრძვი ტრავმებს და ძალიან ბევრი მეთოდით ვცადე მკურნალობა, რის შედეგადაც სხვა პრობლემებიც აღმოცენდა. ხანგრძლივი ქრონიკული გადაღლილობის, ინსომნიისა და უენერგიობის შედეგად ჩავიტარე გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც ჰორმონალური დისბალანსი დამიდგინდა. არავითარი თვითგამოკვლევა ან თვითმკურნალობა არ მიცდია, ოფიციალურად მივმართე ექიმს, რომ კონტროლის ქვეშ ემკურნალათ. ჩემი მთავარი გაფრთხილება იყო, რომ ვარ სპორტსმენი, ნებისმიერ დროს შეიძლება
მქონოდა ბრძოლა, ძალიან მკაცრ შემოწმებებს გავდივარ, ამიტომ ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტში არ უნდა ყოფილიყო სტეროიდი ან რაიმე კიდევ მსგავსი. მითხრეს - ეს აუცილებლად იქნებოდა გათვალისწინებული.

შედეგად დამინიშნეს ქლომიფენი, რომელიც სტეროიდი არ არის, მაგრამ არის აკრძალული მედიკამენტი. სურვილის შემთხვევაში ამ სასწაული მედიკამენტის გამოწერა შეუძლია ნებისმიერს სულ რაღაც 30$-ად.

ჩემი მხრიდან, რა თქმა უნდა, გადავამოწმე, არ იყო სტეროიდი და მივიღე 100 გრამი, 2 მიღება, თუმცა მკურნალობა იმავე დღეს შევწყვიტე უკუჩვენების გამო (პირველი ტაბლეტი 16 ოქტომბერს, ხოლო მეორე მომდევნო დღეს მივიღე).

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს მედიკამენტი არა სტეროიდს, მაგრამ სხვა აკრძალულ ნივთიერებას შეიცავს.

ჩემი ექიმთან მისვლის მთავარი მიზეზიც სწორედ ის გახლდათ, რომ ამის კონტროლი ყოფილიყო. მე ვიცი ის ძირითადი პრეპარატები, რაც მეკრძალება, მაგრამ არ მაქვს ის კომპეტენცია, მედიკამენტის მიკროშემადგენლობები ან მათი სახელწოდებები/ანალოგები ვიცოდე (გამოგიტყდებით, არ ვარ ფარმაცევტი).
არსებობს კომპანიისა და ექიმის მიერ დამადასტურებელი ოფიციალური წერილი შეცდომის აღიარების შესახებ. ამ დროისთვის ეს ყველაფერი ჩემი იურისტის მიერ განიხილება შემდგომი ლეგალური მოქმედებებისთვის.

ძალიან მოულოდნელი და დაუმსახურებელი იყო ჩემთვის ეს გადაწყვეტილება.

არც ერთი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი გამიზნულად არ მიიღებს აკრძალულ მედიკამენტს მოსალოდნელი და მით უმეტეს, ასეთი მნიშვნელოვანი ბრძოლის წინ და რისკის ქვეშ არ დააყენებს თავის რეპუტაციას.

სამწუხაროდ, რეალობას ვერ გავექცევით და ვერც იმ ზიანს, რომელსაც არაპროფესიონალი და უკომპეტენტო ადამიანები გვაყენებენ. ლეგალური მიზეზების გამო ჯერჯერობით ყველა საბუთს ვერ გამოვაქვეყნებ, მაგრამ ერთ-ერთ მიმოწერას ამ კლინიკასთან დაკავშირებით იხილავთ ფოტოზე.

მადლობა ყურადღებისთვის!" - წერს ზვიადი.

შეგახსენებთ, ლაზიშვილს MMA-ს ეგიდით 13 გამარჯვება და 1 წაგება აქვს, უშუალოდ UFC-ში კი ერთადერთხელ, 23 ოქტომბერს, მექსიკელ ჯონათან მარტინესთან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
უპირობო დოპინგი რომ ყოფილიყო,გაცილებით დიდი დისკვალიფიკაციას მიუსჯიდნენ.არა მგონია მთლიანად მოუხსნან,მაგრამ ვფიქრობ ვადის შემცირებას შესძლებს.ხომ ფაქტია,რომ ნებსით თუ უნებლიეთ,აკრძალული პრეპარატი მიღებული აქვს.ამიტომ ორგანიზმიდან სრულ გამოსვლამდე,ნებართვას მაინც არ მისცემენ.
სოსო
20:01 19-01-2022
0

სიახლეები პოპულარული