"გიგა, ბოდიში, კი მთხოვე, რომ არაფერი დაწეროო..." - ზაზა ჭიკაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ლას-ვეგასში, UFC-ის მორიგ ღონისძიებაზე, გიგა ჭიკაძე კელვინ კატართან დამარცხდა. ბრძოლის შემდეგ ქართველი მებრძოლის ე.წ. თრეშ-თოქს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უმეტესობა თვლის, რომ ეს ყველაფერი არაშესაფერისია და არც უნდა ხდებოდეს, ნაწილი კი მსჯელობას იმით ამყარებს, რომ ეს ყველაფერი ბიზნესია, დასამტკიცებელი ადგილი კი უშუალოდ რვაკუთხედის შიგნითაა.

დღეს, 19 იანვარს, გიგას მამამ, ზაზა ჭიკაძემ, საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" დიდი წერილი დაწერა, სადაც ისაუბრა ე.წ. ჰეითერებზე. ასევე განმარტა "თრეშ-თოქი" და რაც მთავარია, გვითხრა, რომ ქართველ ფალავანს და გამორჩეულ ათლეტს დეკემბრის ბოლომდე კოვიდი ჰქონია.
ვინ იცის, ჩვენებური კოვიდ 19-ის შემდეგ რამდენად იდეალურ საბრძოლო კონდიციებში იყო... თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გიგას ყველაფერი წინ აქვს და ქართველი გულშემატკივარიც უდიდესი წარმატების მოლოდინშია (არცთუ უსაფუძვლოდ).

"გამარჯობათ!!!

მინდა.  ვინც თვალს ადევნებდით, MMA-ს გულშემატკივრებს და კერძოდ UFC-ის მოყვარულებს, პატარა ჩემეული ანალიზი გავუკეთო (თუმცა შესახლოა სუბიექტურად გამომივიდეს და მოგეხსენებათ ვინაიდან და რადგანაც ...მიხვდებით, რატომაც მამის პოზიციიდან გამომდინარე და იმედია ამაზე არ განმსჯით) ვეცდები მაქსიმალურად ვიყო ობიექტური!

დავიწყებ იქიდან, რომ გიგას არა მარტო თხოვნით, არამედ მოთხოვნით ვცდილობ ვიყო მაქსიმალურად კორექტული და არ ავყვე იმ ჰეითერებს და იმ ვაიგულშემატკივარს, ვინც თავისი კომენტარებით ამჟღავნებს ამ სპორტის თანმხლები ,,ატრიბუტიკის" უცოდინრობას. ცნობისთვის, MMA არის სპორტი და UFC არის ამ სპორტის უმაღლესი ლიგა, სადაც გამოდიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის რჩეული, უმაღლესი კლასის მებრძოლები (აქ შემთხვევით და ჩაწყობით არავინ და ვერავინ ხვდება), რომლებიც იბრძვიან თავისი ქვეყნის წარმოსაჩენად და პირველ რიგში ჰონორარისთვის, რის გამოც სწირავენ თავის ჯამრთელობას. ნუ, რას იზამ, ვიღაცისთვის ეს შეიძლება მიუღებელიცაა, 21-ე საუკუნეში გლადიატორობა, მაგრამ თავის დამკვიდრებისთვის დღეს ბევრი უკადრებელსაც აკეთებს. ჩხუბი და ბრძოლა კი განსაკუთრებით ქართველისთვის მისაბაძია და საამაყოც, ანუ სისხლის ყივილია! ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვთვლი, განსხვავებით ჩემი მეუღლისგან, ნინოსგან, გიგას დედაზეა საუბარი, აცხონოს მისი სული უფალმა!

დავუბრუნდეთ მმა-ს. ანუ მებრძოლი მით მეტად ფასობს, რაც მეტი ფანი ჰყავს და მეტი მაყურებელი. ყველა მებრძოლი ცდილობს ბრძოლიდან, ხაზს ვუსვამ, ბრძოლამდე, რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მიიღოს. ბიზნესის კუთხით თუ მიუდგებით, მებრძოლი ქმნის პროდუქტს და ცდილობს გაყიდოს რაც შეიძლება მეტად თავისი შექმნილი პროდუქტი, რომ მეტი შემოსავალი მიიღოს. ესაა მათი ამოცანა! ანუ მებრძოლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ხაზს ვუსვამ, ერთ-ერთი, რომ დადგას შოუ ჩხუბამდე, რომ მაყურებლისთვის უფრო ცნობადი და გაყიდვადი გახდეს. რა თქმა უნდა, ბრძოლის შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჟარგონულად გეტყვით, მებრძოლი ტეხავს ჰაი-პაის, ამას იტაცებს მედია, სოცქსელები და შედეგად ვიღებთ მაყურებლისთვის საინტერესო საღამოს. ამას ჰქვია თრეშ-თოქი, რის გაკეთებაც გიგას და გიგას მენეჯმენტს მოსთხოვეს UFC-ს მამებმა. ამდენს იმიტომ ვწერ, რომ მივახვედრო დამწყები გულშემატკივარი, ვისთვისაც გიგას ასეთი ქმედება, რასაც თრეშ-თოქი ჰქვია, მიუღებელია.
რაც შეეხება სოცქსელებში გიგას ქმედებებს, უმეტესი ნაწილი გიგას მენეჯმენტის დაწერილია და ბევრი ხვდება, რომ ეს ნაწილი გიგას ხელწერა არაა! დღეს ვუსმინე კაკის და გიგა კუხალაშვილის პოტკასტს ,,მტკივნეული შოუ" იუთუბზე და ბიჭებს საკმაოდ დახვეწილად და პროფესიონალურად მიჰყავთ გადაცემები და სწორ ანალიზს აკეთებენ. დამწყებ გულშემატკივრებს ვურჩევ, თვალი ადევნონ ამ გადაცემას, სადაც ხშირად არიან მოწვეული სტუმრებიც, ვინც სწორ ანალიზს აკეთებენ. ასევე ბევრი საინტერესო გვერდია ფეისბუკზე, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ ახალ-ახალი ნიუსები, ბრძოლის გარჩევები უცხოელი და ქართველი მებრძოლების მონაწილეობით, მათ შორის, ჯანსაღი კრიტიკაც, რაც სავსებით მისაღებია მებრძოლებისთვისაც.

დავუბრუნდები გიგას! გეტყვით, რომ გიგას შესაძლებლობების, უნარებისა და ტექნიკის ცოდნის მხრივ, მწვრთნელების შემდეგ, რა თქმა უნდა, მცოდნედ მეც ვთვლი ჩემს თავს (აქ არ ვგულისხმობ მშობლის პოზიციას). ამ ჩხუბის სრული კემპის, ანუ მოსამზადებელი სამწვრთნელო და საბრძოლო კურსის ჩასატარებლად ჩემი ჩასვლაც გახდა საჭირო, რადგან გიგას პირადი მწვრთნელი ჩხუბამდე ერთი თვე არ იმყოფებოდა ამერიკაში. მე ვიზის დაგვიანების და რაც ყველაზე საწყენია, გიგას და მისი ოჯახის კორონათი დაავადების გამო ვერ მოხერხდა ჩემი ჩართულობაც. გიგა დეკემბრის ბოლომდე იყო კოვიდით დაავადებული, რასაც არ აჟღერებდა, რათა არ გაუქმებულიყო ბრძოლა. მიუხედავად მისი თანაგუნდელების მცდელობა, გიგას გაეუქმებინა ბრძოლა, უშედეგო აღმოჩნდა თავისი კახური სიჯიუტის გამო. გიგამ გარისკა და აქვს ბევრი გასამართლებელი მიზეზი, რის გამოც მოიქცა ასე და ამის ჩამოთვლას არ დავიწყებ აქ!!!

რა თქმა უნდა, ახლა ბევრი დაიწყებს მის არაპროფესიონალურად საქმის მიდგომაზე, ზოგიც თავს იმართლებსო, ჩხუბის შემდეგ ხელებს არ იქნევენო, სუსტია ტოპებისთვისო, ზოგი იდიოტი იმასაც ამბობს, ასე იცის მკვეხარა ქოთნობამ და ტრაბახმაო (რაგინდ გასაოცარი არ უნდა იყოს, ამას იძახის დღევანდელი და ყოფილი შეუმდგარი მმა-ს ქართველი სპორტსმენები, თითქოს არ იცოდნენ ამ სპორტისთვის დამახასიათებელი თრეშ-თოქის პრინციპები). კავკასიელისთვის მიუღებელია ასეთი საქციელი და ა.შ. ნუ, სამწუხაროდ, ასეთებიც არიან შუა საუკუნის გადმონაშთები. აბა, აბა, ქართველები ომში როგორ იკადრებდნენ მტრის გინებას და შეურაცხყობას. სასაცილოა, სატირელი რომ არ იყოს. ნუ, რას იზამ, ამათ ჩხუბი ბალეტი ჰგონიათ! ხალხო, გაიგეთ, ეს ის სპორტია, სადაც ყველაფერი მოსულია და იმიტომაც არის დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი, თუ პირველი არა, სპორტის სახეობა.

რაც შეეხება ბრძოლას, მოხდა ის, რაც მოხდა. სამწუხაროდ, დავმარცხდით, რასაც ბევრი გაუმართლებელი და გასამართლებული მიზეზი აქვს. დავიწყოთ იქიდან, რომ გიგას სწორი სტრატეგიით და ტაქტიკით კატარის დამარცხება შეეძლო, თუმცა მისმა მცდელობამ, დაემარცხებინა კატარი საწყის რაუნდებში, უშედეგო აღმოჩნდა. აქ ვთვლი, ერთ-ერთი მიზეზი კატარის სათანადოდ არშეფასებაა. თუმცა კელვინის ასეთ დაბრუნებას არც არავინ ელოდა. ის, რომ კატარი დაიწყებდა პრესინგს და ჭიდაობას, ესეც ვიცოდით; იმასაც ველოდით, რომ გიგას დგომის ყოველ შეცვლაზე კატარიც შეცვლიდა დგომს, რათა ღვიძლი დაემალა, რასაც აკეთებდა კიდეც; პირველ რაუნდებში რომ მაქსიმალურად ეცდებოდა გიგას დაღლას და ბოლო, საჩემპიონო რაუნდებში დაიწყებდა მომატებას, ეგეც ვიცოდით. ფაქტიურად ყველაფერი ვიცოდით, რისი გაკეთებაც შეეძლო და გააკეთა კიდეც! ერთადერთი, რაც ვერ გავთვალეთ, იყო იდაყვები, რაც ბრწყინვალედ გამოიყენა კიდეც! ახლა იტყვით, თუ იცოდით თქვე ოჯახაშენებულებო, აბა, წინასწარ გცოდნიათ შედეგი და ან რა გაჩხუბებდათ, ან ბოლო 100 ლარს რატომ მადებინებდით, თავიდანვე გეთქვათო:)) მაგრამ ის, რასაც კატარი აკეთებდა, თითქმის ყველაფერზე გვქონდა საწინააღმდეგი ტაქტიკა და სტრატეგია გათვლილი. არ დავიწყებ გიგას სუბიექტურად დაცვას და თავის მართლებას. არის ბევრი რამ, რასაც ვერ გათვლი. ერთ-ერთი არის გამართლებაც. საწყის ეტაპზე გიგას შეცდომამ მიგვიყვანა იმ ფატალურ შედეგამდე, რამაც გამოიწვია საბოლოო შედეგი! მაგრამ მთავარი შეცდომა არის სხვა რამ, რასაც გეგმა არ ითვალისწინებდა. ეს იყო კატარის დაფინიშება პირველ რაუნდში, რისი მცდელობაც არასწორი იყო, თუმცაღა სავსებით შესაძლებელი. რომ არა ფეხის გასრიალება, შესაძლო იყო სხვა სურათი დამდგარიყო!

არ დავიწყებ იმის არგუმენტირებას, რომ ტრავმებმა და კორონამ მეორე რაუნდიდან თავისი ქნა. ეს უკვე წაგების მეორე მხარეა, რაც რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზიცაა, ოღონდ არა მთავარი!

მოკლედ, წავაგეთ! სამწუხაროდ, გაგიცრუეთ იმედები! მაგრამ დაიმახსოვრეთ, გიგა ის კაცია, ვინც არ ნებდება და არ ეპუება დამარცხებას და ამას მალე იხილავთ! დიდი მადლობა ყველას, ვინც გულშემატკივრობთ გიგას; მადლობა იმათაც, ვინც სწორი არგუმენტებით გვაკრიტიკებს!!!

ახლა კი იმათ გასაგონად ვიტყვი, ვინც ეს სამი წელი ბოღმით სკდებით და საკუთარ ჩირქში იხრჩობით. ყველას უკან დაგიბრუნდებათ ყოველივე! თავს უფლებას არ ვაძლევ, რასაც იმსახურებთ, რომ გაკადროთ. ალბათ ხვდებით, რისი თქმაც მინდა! გამგები გაიგებს!

მალე, მალე დავბრუნდებით უფრო ძლიერები და გაგახარებთ. რასაც დაგპირდათ გიგა, აუცილებლად შეგისრულებთ და ქამარიც ჩამოვა საქართველოში.

გიგა, ბოდიში, კი მთხოვე, რომ არაფერი დაწერო, არც ცუდი და არც კარგიო, მაგრამ რა ვქნა, რომ არ დამეწერა, არ შემეძლო, გასკდა გული. შენც გყავს შვილები და გამიგებ!" - წერს მებრძოლის მამა.


მკითხველის კომენტარები / 20 /
წარმატებები...
0
გულშემატკივრებს რას გვეჩხუბები? ზოგი აქებს და ზოგი აგინებს მარადონას და პელესაც კი. დიდი ამბავი ეხლა ბავშვივით გალახულ გიგა ჭიკაძეზე თუ თქვა ხალხმა, ჯერ გადამხტარიყო და ჰოპლა მერე დაეძახაო. ჭკუას ისწავლის, მეტს ივარჯიშებს და სხვა დროს ან არ გაილახება, ან მოზომილ კომენტარებს გააკეთებს.
გულ_შემატკივარი
11:04 20-01-2022
7

სიახლეები პოპულარული