[ფანკლუბები] ვინ არიან "ქართული სპორტის ქომაგები"

AutoSharing Option
ცნობილი ამბავია, რომ საქართველოში ფეხბურთი ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს და რომ სპორტის პირველი სახეობაც, მიუხედავად საკლუბო და სანაკრებო დონეზე წარუმატებელი შედეგებისა, მაინც ფეხბურთია.

ფეხბურთის სიყვარულიდან გამომდინარეობს ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში არაერთი ქართული და უცხოური კლუბის ფანკლუბია. ყველას თავისი "პოლიტიკა" აქვს, დღევანდელობამდე ყველა თავისი გზით მოვიდა...

Sportall.ge იწყებს ახალ რუბრიკას "ფანკლუბები", რომლის მიზანია, მორიგეობით გაგაცნოთ საქართველოში არსებული ქართული და უცხოური კლუბების ფანკლუბები - რას საქმიანობენ, როგორ ხდება გაწევრიანება, რა პრივილეგიები აქვთ წევრებს და ა.შ.

დღეს "ქართული სპორტის ქომაგებს" წარმოგიდგენთ. "ქომაგები" არა
რომელიმე კონკრეტულ კლუბს, არამედ საქართველოს ნაკრებებს ქომაგობენ სპორტის ყველა სახეობაში.

"ქომაგებთან" დაკავშირებით ფანკლუბის ერთ-ერთ ლიდერ ბესო ბახტაძეს ვესაუბრეთ.

- პირველ რიგში, გვითხარით, როდის გაჩნდა "ქომაგების" დაარსების იდეა და რას ისახავს მიზნად ის?
- ჩამოყალიბების იდეა 2010 წელს, "მსოფლიო სპორტის" ფორუმზე გაჩნდა. ფორუმზე ქართული სპორტით აქტიურად დაინტერესებული რამდენიმე ადამიანი ვწერდით და მაშინ ვიფიქრეთ, რომ გარკვეული სახის ერთობის შექმნა და ქართული სპორტისთვის ერთად ქომაგობა ბევრად უკეთესი იქნებოდა.

მსოფლიო სპორტში განვითარებულ მოვლენებს ვუყურებდით და გული გვწყდებოდა, რომ ქომაგობის ანალოგიური კულტურისგან საქართველო ძალიან შორს იყო...

ერთმანეთს პირველად 2010 წლის 11 სექტემბერს შევხვდით და იდეებიც გავცვალეთ. სწორედ ეს თარიღი ითვლება ჩვენს დაბადების დღედ. პირველად ერთიანი სახით 2010 წლის 8 ოქტომბერს, საქართველო-მალტას თამაშზე გამოვჩნდით. ამის შემდეგ 17-წლამდელთა ელიტრაუნდიც დაიწყო და ამ დროისთვის ერთმანეთი უკვე უკეთ გავიცანით, შეძახილებიც დავხვეწეთ და ა.შ.

- როგორ ხდება "ქომაგებში" გაწევრიანება? ასაკი შეზღუდულია?
- ჩვენთან გაწევრიანება არაა რთული. წინაპირობა ერთია: "ქომაგი" რომ გახდე, ქართულ სპორტს უნდა გულშემატკივრობდე! სხვა არაფერი. არც ასაკია შეზღუდული. ჩვენს ტრიბუნაზე როგორც ბავშვებს, ისე საშუალო ასაკის ადამიანებსაც ნახავთ. ყველას ერთი რამ გვაერთიანებს - სამშობლოსა და სპორტის სიყვარული!

- ფანკლუბის წევრებისთვის ბილეთებზე შეზღუდვა მოქმედებს?
- წლების განმავლობაში "ქომაგები" დამოუკიდებლად ვარსებობდით და ყველაფერს საკუთარი სახსრებით ვახერხებდით. თუმცა, ჩვენი ფინანსური რესურსი უსაზღვრო არაა...

მიუხედავად იმისა, რომ ქომაგობას განსაკუთრებული ფინანსები არ სჭირდება, სახსრები მაინც არის საჭირო. მაყურებელს ხშირად უნახავს ჩვენი პერფორმანსები, რომლებსაც საკმაო თანხები სჭირდება.

- "ქართული სპორტის ქომაგების" ლამაზი პერფორმანსი საქართველო-სერბეთის მატჩზე [VIDEO]
- "ქართული სპორტის ქომაგების" პერფორმანსი საქართველო-მოლდოვის მატჩზე [PHOTO]

ასევე, მაქსიმალურად ვცდილობთ, რეგიონებიდან ჩამოსულ ქომაგებს შევუმსუბუქოთ ხარჯები. სპორტის ზოგიერთი სახეობიდან საერთოდ არ არის ყურადღება და გვერდში დგომა (მაგალითად, რაგბის კავშირი), რასაც ვერ ვიტყვით თუნდაც ფეხბურთის ფედერაციაზე, რომელიც უკანასკნელ პერიოდში მაქსიმალურად გვიდგას გვერდში.

საერთოდ, ბილეთების საკითხი ნაკლებად გვადარდებს ხოლმე. ჩვენ ვიცით, რომ იქ უნდა ვიყოთ, სადაც ქართული სპორტია და თუ რომელიმე ფედერაცია ბილეთებს უფასოდ გადმოგვცემს, ეს მხოლოდ სასიხარულო და მისასალმებელია.

- როგორც ვიცით, არაერთი საქველმოქმედო აქციაც გქონდათ...
- ამას ჩვენი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების ვალად მივიჩნევთ. ამაზე საუბარი საჯაროდ არც ღირს. თუ რამე გვიკეთებია, უხმოდ, ამიტომ ამაზე ვრცლად არ ვისაუბრებ.

მთავარია, ყველა იმ ადამიანმა, ვისაც დახმარების ხელი გავუწოდეთ, კარგად იცის, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ. ზოგადად კი, არასაქველმოქმედო, მაგრამ საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხებშიც ვერთვებით. ყოველთვის ვცდილობთ, ვიყოთ იქ, სადაც სამშობლოს უჭირს და ვჭირდებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არ არის პოპულისტური და ურაპატრიოტული სიტყვები. ეს ჩვენი ერთგვარი დევიზია!

- ფაქტია, რომ დღეს საქართველოში ქომაგობის კულტურამ ბევრად წინ წაიწია, ვიდრე ეს 2010 წელს იყო. ამაში თქვენს დამსახურებას ხედავთ?
- ამაზე წევრებსაც ბევრჯერ გვისაუბრია. პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, დიახ, "ქართული სპორტის ქომაგების" ჩამოყალიბებამ თავისი არცთუ მოკრძალებული წვლილი შეიტანა ქვეყანაში ფანკულტურის განვითარების საქმეში.

უდიდეს პატივს ვცემ ადამიანებს, ვინც ამ საქმეში ჩვენზე გაცილებით ადრე იყვნენ ჩართულნი, მათ ამისათვის მხოლოდ მადლობა ეკუთვნით. აი, ჩვენმა გამოჩენამ კი საქართველოში სულ სხვა ბიძგი მისცა ამ მიმდინარეობას. ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ დიდწილად ქომაგების დამსახურებაა ის, რომ დღეს თითქმის ყველა ქართულ კლუბს ჰყავს ფანკლუბი და ისიც, რომ ფანკულტურა დღეს უფრო პოპულარულია, ვიდრე 10 წლის წინ იყო. შეიძლება ამაში ვინმე არ მეთანხმებოდეს, თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია და მგონი, არცთუ უსაფუძვლო.

- ხალხს ხშირად გაუკრიტიკებიხართ, პოლიტიკასა და სპორტს ერთმანეთში ურევენო...
- სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან არ მიყვარს პოლიტიკისა და სპორტის ერთად განხილვა. ვთვლი, რომ პოლიტიკა არ უნდა ერეოდეს სპორტში, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არაა. დღეს პოლიტიკა ყველა სფეროშია ჩარეული და მათ შორის, სპორტშიც. ეს ასეა და ამაზე თვალის დახუჭვა სირაქლემას პოზიციაში ყოფნას ჰგავს!

"ქომაგებს" არცერთ პოლიტიკურ ძალასთან გვქონია კავშირი და არც არასდროს გვქონია შეხება ამ საქმესთან, თუმცა, ნებისმიერ სპორტში რუსეთთან მატჩი ჩვენთვის განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს ხოლმე და ვცდილობთ, მუდმივად დავაფიქსიროთ პოზიცია ოკუპანტების წინააღმდეგ. ზოგჯერ ეს შეძახილის ან ბანერის სახითაც ხდება.

როგორც წესი, ამ ყოველივეს დიდი აღშფოთება მოჰყვება ხოლმე, თუმცა ვცდილობთ, ასეთ ადამიანებს ყურადღება არ მივაქციოთ.

ხშირად გვეუბნებიან ხოლმე, ოკუპაცია სტადიონზე კი არა, საოკუპაციო მავთულხლართებთან უნდა გააპროტესტოთო. ასეთ ადამიანებს ვეტყვი, რომ არც მაგას ვაკლებთ. დიცის და დვანის მოვლენებისას "ქომაგები" უშუალოდ საოკუპაციო საზღვართან ვიყავით.

ისე კი, პირადად ჩემი აზრით, ოკუპაცია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უნდა გავაპროტესტოთ და დამპყრობელს ყველგან უნდა შევახსენოთ, რომ ის ოკუპანტია და ქართული მიწების მითვისება არ შერჩება. იგივე დამოკიდებულება გვაქვს სხვა "კეთილი" მეზობლების მიმართაც...

- სამომავლო გეგმები როგორია?
- სამომავლო გეგმები უამრავია. საბედნიეროდ, წევრთა რაოდენობას არასოდეს ვუჩივით. მატჩებისას უამრავი ადამიანი მოდის ტრიბუნაზე და ჩვენთან გაწევრიანების სურვილს გამოთქვამს. ამიტომ ამისათვის რაიმე განსაკუთრებული ღონისძიება არ გვჭირდება. მადლობა ღმერთს, რომ 5 წლის თავზე იმდენი შევძელით, რომ საქართველოში ყველა სპორტში ჩახედული ადამიანი გვიცნობს.

იყო პერიოდი, როცა ვცდილობდით, ჩვენივე საქმით პოპულარიზაცია გაგვეწია "ქომაგებისთვის". ეს ეტაპი დიდი ხნის წინ დავძლიეთ. ახლა ჩვენ შესახებ ყველამ იცის, რითაც ძალიან ვამაყობ!
მკითხველის კომენტარები / 4 /
გამარჯობა მე ვარ მიშო. ძალიან მინდა გავხდე საქართველოს ეროვნული ნაკრების ქომაგი. მე ძალიან მიყვარს ფეხბურთი. ვუყურებ საქართველოს ნაკრების თამაშებს და ვქომაგობ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.
მიხეილ გიორგობიანი
04 აპრილი 2024 19:44
0
პატარა მოფაშისტო ფანკლუბესაც დაელაპარაკეთ – დინამო რომ მარტო თბილისელებისაა, ტორპედო მარტო ქუთაისლების და ზოგადად "green street hooligans"-ზე აღზრდილ ციყვებს :)
ნნ
07 აპრილი 2017 11:03
0
სულ 5 კაცი წერდა 2010 წელს მსოფლიო სპორტის ფორუმზე რომ შევხვედრილიყავით დ ორგანიზება გაგვეკეთებინა ქომაგებისთვის ... მე ვერრმივედი სამწუხაროდ პირველ შეხვედრაზე თუმცა მიხარია რომ მოახერხეს ბიჭება და უკვე ბერი არიან :)
uchas fani
07 აპრილი 2017 02:10
0
რა დრო იყო როცა დინამო ევროპაზე თამაშობდა ჩუმად შეგვქონდა საბჭოთა საქართველოს დროშა და როგორც კი ავაფრიალებდით ეგრევე მივყავდით,არ შეიძლებოდა არანაირი დროშის შეტანა.რეკვიზიტები დაწერეთ თუ შეიძლება.წარმატებები
კახა ქირია
06 აპრილი 2017 16:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული