ლევან ყენია: ვამაყობ, რომ არ დავნებდი და ფეხბურთში დავბრუნდი

AutoSharing Option
ლევან ყენია ის ფეხბურთელია, რომელიც ქართველ გულშემატკივარს ძალიან უყვარს. ახალგაზრდულ ასაკში ლევანი გერმანულ "შალკეში" წავიდა, თუმცა ტრავმების გამო გუნდში თავი ვერ დაიმკვიდრა.

ამის შემდეგ იყო რამდენიმე კლუბი, ახლა, 27 წლის ასაკში კი იგი თბილისის "ლოკომოტივის" შემადგენლობაში ირიცხება. ყენია ამჟამად რეაბილიტაციის პროცესს გადის და ფეხბურთში დასაბრუნებლად ემზადება.

ქართველ ფეხბურთელს დაახლოებით წელიწად-ნახევარი არ უთამაშია.

Sportall.ge ყენიას დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- პირველ რიგში, გკითხავთ, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როდის გიხილავთ მოედანზე?
- ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. გავდივარ რეაბილიტაციას, დავრბივარ და ნელ
-ნელა წინ მივიწევ.

- თქვენ დიდი ხანია მოედანზე არ გამოჩენილხართ. რას ნიშნავდა ეს გაცდენილი პერიოდი თქვენთვის?
- ეს დიდი იმედგაცრუება იყო... "სლავიას" რიგებში მომეცა შანსი, ისევ დიდ ფეხბურთში შემებიჯებინა, თუმცა ხელი კვლავ ტრავმამ შემიშალა.

- თქვენს კარიერაში ხშირად ყოფილა ბევრი ტრავმა, რაც ფეხბურთელისთვის ძალიან ცუდია. ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ამ დროს გვერდში გიდგანან და რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
- ოჯახის წევრები. რა თქმა უნდა. ბევრი მიდის და მოდის შენს ცხოვრებაში, მაგრამ ოჯახი ყოველთვის შენ გვერდით რჩება და გვერდში გიდგას.

- იფიქრებდა თუ არა ლევან ყენია, რომ როდესაც ყველა მასზე საუბრობდა და იგი ამომავალი ვარსკვლავი იყო, წლების შემდეგ ისევ საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებდა?
- ძნელად წარმოსადგენი იყო... მაგრამ ცხოვრება და ფეხბურთი სიურპრიზებითაა აღსავსე. ერთ დღეს შეიძლება ზევით ახვიდე და მეორე დღეს ისევ მიწაზე დაეშვა.

Sportall.Ge

- რას ეტყოდით დღეს გულშემატკივარს? თქვენ ქართველ ხალხს ძალიან უყვარხართ და დღემდე თქვენ გამოჩენას მოედანზე მოუთმენლად  ელიან...

- მადლობის მეტი არაფერი მეთქმის... სამწუხაროა, რომ ასე განვითარდა ჩემი კარიერა.

- საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ თამაშზე "ქართული სპორტის ქომაგებმა" ბანერი გამოკიდა წარწერით: "უშენოდ მოსაწ-ყენია", რითაც თქვენდამი პატივისცემა კიდევ ერთხელ დაადასტურა. რას ნიშნავდა ეს თქვენთვის?
- ეს დიდი სტიმული და მოტივაცია იყო. 3-წლიანი ტრავმის შემდეგ ძალიან გამიჭირდა ფეხბურთში დაბრუნება. ბევრი ვიბრძოლე და არ დავნებდი... კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც მე მგულშემატკივრობს.

Sportall.Ge

- როდესაც ლევან ყენია თავის განვლილ კარიერას გადახედავს, დღევანდელი მდგომარეობიდან რა შეიძლება ინანოს და რით იამაყოს?
- სამწუხაროდ, ბევრ რამეში არ გამიმართლა... სადღაც გამოცდილება არ მეყო, მაგრამ ვამაყობ, რომ არ დავნებდი და ფეხბურთში დავბრუნდი.

- თქვენ საქართველოს ჩემპიონატში ადრეც გიასპარეზიათ და ახლა დაბრუნდით. ასევე მოგირგიათ სხვადასხვა ქვეყნის კლუბების ფორმა. შეგიძლიათ შეადაროთ ქართულ ფეხბურთს სხვა ჩემპიონატები და ზოგადად, გვითხრათ, რა შეიცვალა ჩვენს ჩემპიონატში და საერთოდ საით მივდივართ?
- ძალიან რთული თემაა და ქართულ ფეხბურთს ევროპულს ვერ შევადარებ. ქართულ გუნდებში ძალიან ბევრი პრობლემაა. 

- რას იტყოდით თბილისის "ლოკომოტივზე"? გიორგი დევდარიანს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივეს, მიუხედავად კარგი შედეგისა. რა კომენტარს გააკეთებდით თქვენ?
- სამწუხაროდ, რეაბილიტაციის პროცესს გავდიოდი და გიორგისთან მუშაობა არ მომიწია. რაც შეეხება კონტრაქტის არგახანგრძლივებას, სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება.

- საქართველოს ნაკრებზეც რომ ვისაუბროთ. პირველ რიგში, ერთა ლიგის წილისყრა რომ შეაფასოთ...
- რა თქმა უნდა, გასვლის შანსი გვაქვს. ყველაფერი ნაკრებზეა დამოკიდებული, იმაზე, თუ როგორ ვითამაშებთ.

Sportall.Ge

- თქვენი აზრით, დღეს რეალურად რა დონეზეა საქართველოს ნაკრები და რისთვის შეუძლია ბრძოლა მას?
- სამწუხაროდ, დაბალ დონეზე ვართ და ეს რეალობაა, მაგრამ ეს ტურნირი შანსს გვაძლევს, ჩვენი დროის ნაკრებებს გავეჯიბროთ.

- როგორ შეაფასებდით ვლადიმირ ვაისის მუშაობას? რა მოგწონთ მის ტაქტიკურ სქემაში და რა არა?
- რა გითხრათ... დიდი ხანია ტრავმის გამო ნაკრებში აღარ ვყოფილვარ. რაც შეეხება ვაისს, აშკარად ნორმალური დონის მწვრთნელია.

- თქვენ საქართველოდან საკმაოდ ახალგაზრდულ ასაკში წახვედით. ასევე არის ბევრი ფეხბურთელი, რომლებიც ხშირ შემთხვევაში უცხოეთში ადგილს ვერ იმკვიდრებენ. რა შეგიძლიათ ურჩიოთ მათ?
- უცხოეთში თავის დამკვიდრება ძალიან ძნელია. სამწუხაროდ, აღარ გვყავს ქართველი ფეხბურთელები წამყვან ჩემპიონატებში. ეს იმის ბრალია, რომ ევროპულ ფეხბურთს ძალიან ჩამოვრჩით. აქედან რჩევის მიცემა შეუძლებელია, ყველაფერი ადგილზე უნდა გამოსცადო.

- რა არის ტრავმისგან გაწამებული ლევან ყენიას მიზანი, რომელიც ახლო მომავალში დაბრუნდება?
- ჩემი მიზანია კიდევ 5-6 წელი ნორმალურ დონეზე თამაში ვცადო და ფეხბურთისგან სიამოვნება მივიღო. არავინ იცის, ხვალ რა იქნება, მაგრამ შრომა და პროფესიონალიზმი ყოველთვის ფასდება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოდი ყენო ოღონდ შენ ათამაშდე სულ ამას ვნატრობთ, შენს გარეშე არ გვინდა არაფერი.
zviadi
06:09 03-02-2018
1
დაბრუნდი თორემ....რა დროშები შენ დახიე.
სტატუს ქუო
20:10 02-02-2018
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული