როგორ გალახეს ვაჟა-ფშაველამ და მისმა ძმამ კრივის ლეგენდა ჯონ სალივანი

AutoSharing Option
ფოტოზე: ბაჩანა (მარცხნიდან მეორე) და ვაჟა (მარჯვნიდან მეორე)

ამ ზაფხულს, აგვისტოში სტამბულში გახლდით და სწორედ მაშინ, როდესაც იქვე ჩამოსული ტურისტები ქალაქგარეთ, ელიტურ პლაჟებზე მზეს ეფიცხებოდნენ, მე ოსმალეთის სამხედრო არქივში ვიჯექი და კისრამდე ჩაფლული ვიყავი ათასგვარ ძველ, ფრიად ღვლარჭნილი არაბულ-ოსმალური ანბანით ნაწერ დოკუმენტებში.

თავისუფალი დრო მხოლოდ საღამოობითღა მქონდა და რადგან სტამბულური ღამის ცხოვრება არ მიტაცებდა, სასტუმროს ბოლო სართულზე - უშველებელ რესტორანში ვიჯექი ხოლმე და ოსმალეთის ყოფილ სატახტო ქალაქს ზემოდან გადავყურებდი.

ჰოდა, ქართველი კაცი რომ რესტორანში შევა და დაჯდება, ეს იმას ნიშნავს,
რომ მას ან ძმაკაცები უნდა ახლდეს იქ, რათა ქუდი ჭერსა ჰკრან, ან მანდილოსანი, ცხოვრების არსზე სასაუბროდ - სხვანაირად ვერ იქნება, იმიტომ, რომ ჩვენს მამა-პაპას უთქვამს: მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო.

ჩემს შემთხვევაში ისე გამოვიდა, რომ იმ რესტორანში ძმაკაცებთან ერთად შევედი და მანდილოსანთან კი დავჯექი მაგიდაზე. ის მანდილოსანი პორტუგალიელი მომღერალი ანა მოურა იყო, რომლის სახელი ყველას სმენია, ვინც კი ფადუს თაყვანისმცემელია.

ანაც ჩემს სასტუმროში ცხოვრობდა და ერთ მაგიდასთან კი კიდევ იმიტომაც აღმოვჩნდით, რომ მხოლოდ მე ვიცოდი მისი მშობლიური ენა. ისე, კარგი სანახავი ვიქნებოდით - შავგვრემანი, ეშხიანი მომღერალი ქალი და წვეროსანი ჟურნალისტი სტამბულში, თაქსიმზე, მრავალსართულიანი სასტუმროს ბოლო სართულზე, რესტორანში.

ფადუ პორტუგალიური ხალხური სიმღერის ჟანრია - ჩვენში დარჩეს და, ძალზე ნაღვლიან-რომანტიკული. ანა მოურაც, რომელსაც იმ დღეს დაესრულებინა გასტროლები სტამბულში, ასეთივე ხასიათისა გახლდათ: გამომიტყდა, რომ არ მოსწონდა თანამედროვე ევროპული მუსიკა და ფადუს ამჯობინებდა - მასში ჩემი ხალხის სული ირეკლებაო.

მერე მითხრა: იყო დრო, როდესაც პორტუგალიელთა სახელი მთელ მსოფლიოში ქუხდაო და იქვე მოაყოლა - თქვენს ხალხზე რაღას იტყვითო?

მე საკმაოდ მრავალმნიშვნელოვნად გავიღიმე და ვუპასუხე: სენიორა, ჩვენც ისეთი ერი ვართ, რომ თამამად შეგვიძლია, ჩვენი სახელიც მთელ მსოფლიოში დავაქუხოთ, მაგრამ სულ მტრებთან ბრძოლა და ჩვენი მეობის დაცვა გვიწევს და მაგ მხრივ უფრო ვართ ცნობილნი-მეთქი.

მერე კი ავდექი და ის ამბავი მოვუყევი, თუ როგორ გალახეს ვაჟა-ფშაველამ და მისმა ძმამ ბაჩანამ სანკტ-პეტერბურგში ჩასული ერთი საკმაოდ ცნობილი მოკრივე, რომელსაც თავის შერცხვენის ამბავი, ცხადია, არსად მოუყოლია.

ჩვენც არაფერი გვეცოდინებოდა, ვაჟა-ფშაველას რომ ფელეტონი არ გამოექვეყნებინა XX საუკუნის დასაწყისის ქართულ პრესაში.

ვაჟა და მისი ძმები - ბაჩანა და თედო რომ კარგი ვაჟკაცები ყოფილან, ეს საყოველთაოდ ცნობილი ამბავია და ისიც ვიცით, რომ კრივი მეტად ჰყვარებიათ.

აქ, რაღა თქმა უნდა, ქართულ კრივზეა საუბარი და არა ბრიტანულზე, რომელიც სწორედ ძმების ყმაწვილკაცობის დროს იყო პოპულარული ევროპა-ამერიკაში და რახან სანკტ-პეტერბურგიც ევროპულობაზე დებდა თავს, მასაც ხშირ-ხშირად სტუმრობდნენ ხოლმე იმ დროის ცნობილი მოკრივენი - იმხანად ხომ სპორტული ფედერაციები და ასოციაციები ჯერ არ არსებობდა და მოკრივეებიც თავიანთ იმპრესარიოებს დაჰყავდათ მთელ მსოფლიოში - ნახეთ, რა მაგარი ვინმეა, აბა, თუ ვინმე გამოუჩნდება ტოლ-სწორიო.

სწორედ ამგვარად ეწყობოდა მატჩებიც - ცირკის არენაზე ან სხვაგან სადმე, მსგავს ადგილას, სახელდახელოდ მოწყობილ რინგებზე.

მოკრივეებს კი "ათლეტები" ერქვათ და 1882 წლამდე უხელთათმანოდ ერკინებოდნენ ერთმანეთს. იმ წელს კი, ლონდონის ერთ-ერთ რინგზე ერთ-ერთი "ათლეტი" უხელთათმანოდ კრივისგან ისე დამახინჯდა, რომ მისი მოწინააღმდეგის იმპრესარიოს სასამართლოშიც მოუწია საქმის გარჩევა.

ჰოდა, საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ დიდ ბრიტანეთში საყოველთაოდ დაადგინეს: ამიერიდან ვინც კი რინგზე ხელთათმანებით არ იკრივებს, სამუდამო დისკვალიფიკაციით დაისჯება და ამას ვინღა ჩივის - ავსტრალიაშიც გადავასახლებთ, როგორც მეამბოხესო. ამიტომ იქაურმა მოკრივეებმა სასწრაფოდ მოირგეს ხელთათმანები.

საქართველო კი იმხანად რუსეთის უღელქვეშ იყო. ამიტომაც აქაურებს არ მოურგიათ ხელთათმანები - კრივი ჩვენში დასაბამიდანვე პრაქტიკული მიზნებით გამოიყენებოდა და არა სატინგიცოდ, როგორც ევროპაში.

სწორედ ამის გამო ჩვენში ყოველი კაცი, რომელსაც იარაღის ხელში ჭერა შეეძლო, კარგი მოკრივეც იყო, თუმცა კრივს ევროპელებივით პროფესიად არ იხდიდა - დღესასწაულებზე, გაგიხარია, გვარიანად იქნევდა მუშტებს, სხვა დროს კი ოჯახს უძღვებოდა და ცხოვრობდა მამა-პაპასავით.

ვაჟა და მისი ძმებიც, რა თქმა უნდა, ასევე იყვნენ. გადმოცემით, ჩვენი მთის მგოსანი შიშველი მუშტით გოჯის სიმსხო ფიცარს ამტვრევდა, მისი შუათანა ძმა ბაჩანა კი კიდევ უფრო მაგარი მოკრივე ყოფილა: ყველიერის კვირაში საგანგებოდ ჩამოდიოდა თურმე თბილისში და აქაურ მოკრივეებს ცხვირ-პირს უერთიანებდა.

ევროპაში რომ ეცხოვრა, ალბათ, იმპრესარიოები კარსაც აუტალახებდნენ, მაგრამ ფშავს ვერ ელეოდა და იქამდე კი იმპრესარიოები რას მიაღწევდნენ, გზაც არ იყო წესიერი თბილისიდან ჩარგლამდე.

მიუხედავად ამისა, ერთხელ ისე მოხდა, რომ ვაჟა და ბაჩანა ბედმა მაინც შეახვედრა ერთ სახელგანთქმულ მოკრივეს, თანაც სანკტ-პეტერბურგში.

1883-84 წლებში ვაჟა-ფშაველა რუსეთის იმპერიის სატახტო ქალაქში იყო და იქაურ უნივერსიტეტშიც ხელმოკლეობის გამო "თავისუფალ მსმენელად" ირიცხებოდა. რადგანაც ასე იყო, საცხოვრებელიც და საკვებიც სტუდენტური ყაიდისა ექნებოდა და ათასში ერთხელ მოუწევდა სანკტ-პეტერბურგის განთქმულ სალონებში (იმ დროს ასე ეძახდნენ რესტორნებს, სადაც კეთილშობილი ხალხი იკრიბებოდა) პურობაც, სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად.

ჰოდა, იმ დღესაც, როცა ეს ამბავი მომხდარა, ერთ-ერთ სალონში მსხდარან ქართველები. ვაჟასთან ერთად კი მისი ძმა ბაჩანაც ყოფილა.

მოვლენები კი, ერთი შეხედვით, ძალზე ბანალურად განვითარებულა: გვერდით მაგიდასთან მსხდარ ყოყოჩ უცხოელებს რაღაც არ მოსწონებიათ ჩვენებისა და უკმეხადაც მიუმართავთ. ვაჟა უკმეხად მიმართვას ვის შეარჩენდა და კაი გვარიანი ჩხუბიც ატეხილა - იმდენად მაგარი, რომ სულ მილეწილ-მოლეწილა იქაურობაც და იმ უცხოელთა ცხვირ-პირიც.

მერე, როგორღაც მოგვარებულა ყველაფერი და ქართველებს თავიც დაუძვრენიათ ჟანდარმერიისგან.

რუსული ჟანდარმერია კი ჩვენებურებს ოდითგანვე ძალიან მტრობდა და მისგან თავის დაძვრენა ბაჩანასა და ვაჟას რა და რამდენი დაუჯდებოდათ, მკითხველმა წარმოიდგინოს.

ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ მეორე დღეს, ბაჩანა რომ სამშობლოში გამობრუნდა, ვაჟასთან სასტუმროში ვიღაც ახმახი, დაკუნთული უცხოელი ჯეელი მისულა და თავი ამგვარად წარუდგენია: მე, ბატონო, ის კაცი გახლავართ, გუშინ ამა და ამ სალონში, თქვენ გვერდით მაგიდასთან რომ ვიჯექი და ჩემდა დიდად სამწუხაროდ, თქვენგან მოქნეულმა მუშტებმა დამაზარალაო.

ეს უცნობი ბაჩანას ვინაობით ინტერესდებოდა და ითხოვდა, გამაცანითო.

ვაჟა-ფშაველამ ახედ-დახედა უცხოელ ახმახს და მიხვდა, რომ სულაც არ ჰგავდა შურის საძიებლად მოსულს - უფრო ინტერესი ამოძრავებდა.

თქვენ ვინ ბრძანდებითო, უკითხავს სიმკაცრეშეპარული თავაზიანობით და პასუხად მიუღია: ჩემპიონი ვარ კრივში, თანაც საკმაოდ ცნობილი და ჯერ ჩემი მომრევი, ემაგ კაცის გარდა, არავინ მინახავს და მეგონა, ვერც ვნახავდიო.

გამოიყვანეთ, ერთი კაი პური უნდა ვჭამო მაგასთანო. ერთი სიტყვით, კი ეტყობოდა, რომ ვაჟკაცი იყო და ვაჟკაცობის ფასიც ესმოდა.

ამიტომაც ვაჟამ არ გააწბილა და მასთან ერთად პურიც გატეხა, ღვინოც დალია და ისიც უთხრა, ის თქვენი მომრევი ჩემი ღვიძლი ძმააო. ალბათ, სტუმარმა ისიც სთხოვა - ჩემი სირცხვილი არ გაამხილო, ისე კი ვწუხვარ, რომ ჩხუბის მიზეზი ჩვენ მოგეცითო. ვაჟამაც აღუთქვა - მაგაზე არ იდარდოო. ამიტომაც არ ახსენა მისი სახელი იმ თავის ფელეტონში, რომელიც მოგვიანებით გამოაქვეყნა.

არქივები კი მოწმობენ, რომ სწორედ იმ დროს სანკტ-პეტერბურგში ტურნეს ატარებდა ირლანდიური წარმოშობის ცნობილი ამერიკელი მძიმეწონოსანი მოკრივე - ჯონ ლოურენს სალივანი.

სხვა რომელიმე მოკრივე იქ იმ დროს არავინ იყო, რადგანაც კრივი რუსეთის იმპერიაში იმდენად პოპულარული არ იყო და, რომ გამხდარიყო, სწორედ იმიტომაც იყო ჩასული ჯონ ლოურენს სალივანიც.

ის კი მაშინ მართლაც იყო ამერიკის კონტინენტის ჩემპიონი და ევროპაში ძალის საცდელად ჩამოსულიყო, თავის იმპრესარიოსთან ერთად. მაშინ მისდარი კი არა, საერთოდ მოკრივეებიც კი იშვიათი სანახავი იყო ბრიტანეთს გარეთ.

ამიტომაც მინდა მჯეროდეს, რომ ვაჟამ და ბაჩანამ სწორედ ჯონ სალივანი გალახეს, თუმცა აშკარა დამამტკიცებელი საბუთი ამისა არ არსებობს - როგორც ვთქვი, ვაჟამ ნამუსი შეუნახა გალახულ უცხოელს. სხვაგვარად რომ მოქცეულიყო, ვაჟაც ხომ არ იქნებოდა?

მაგრამ ჯონ სალივანი კი ერთადერთი ჩემპიონი იყო, რომელიც იმხანად - 1884 წელს სანკტ-პეტერბურგში იმყოფებოდა...

მიხეილ ლაბაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 34 /
ერთი არ მიაც მოაცვამდე რა. რაღაც ლეგენდებს თუ ძმა ხარ რა. ესეიგი კრივში ხელთათმანები სულ ვაჟას გამო გაიკეთა მსოფლიომ. ან ფაქტი დადე ან მოდი იდი ნახვდის რა
ვაჟა
02:45 30-04-2021
3
ერთი არ მიაც მოავამდე რაღაც უსაბუთო ლეგენდებს თუ ძმა ხარ რა. ესეიგი კრივში ხელთათმანები სულ ვაჟას გამო გაიკეთა მსოფლიომ. ან ფაქტი დადე ან მოდი იდი ნახუი რა
ვაჟა
02:43 30-04-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული