დღეს და ხვალ "კუდების" ფერდობზე FIS-ის ევროპის თასის ეტაპები გაიმართება ქალებსა და ვაჟებს შორის. 10 მარტს კი სარეიტინგო შეჯიბრებაა დაგეგმილი. სამდღიანი ტურნირი საქართველოს მთავრობის, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება.
აღნიშნული შეჯიბრი ერთგვარი სამზადისია 2023 წლის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც ორ დისციპლინაში გაიმართება ბაკურიანში. სწორედ მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობასა და მანამდე დაგეგმილი ეტაპების წარმატებით დასრულების მნიშვნელობაზე
ისაუბრა პრესკონფერენციაზე სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ:
"როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატს წინ უძღვის ოთხწლიანი შეჯიბრებების ციკლი, რომელთა ჩატარება განაპირობებს იმ წარმატებამდე ღირსეულად მიახლოებას, რასაც ყველა ჩვენგანი დიდი პასუხისმგებლობითა და სიხარულით ელოდება. ეს ეტაპები და მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ზამთრის სპორტის სახეობებისა და ზამთრის ტურიზმის განვითარებისთვის. ასევე, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურის შექმნისთვის. უდიდესი წვლილი იმაში, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება, სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი კომპანიის დამფუძნებელს, გიორგი რამიშვილს მიუძღვის. დიდი მადლობა მას, საქართველოს მთავრობასა და მთის კურორტების განვითარების კომპანიას".
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემაც მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ მნიშვნელოვან პროცესსა და მის მზადებაში პირველი დღიდანაა ჩართული. მან აღნიშნა, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის შექმნილი ინფრასტრუქტურა მომავალ თაობებს სათხილამურო სპორტში ჩართულობის ენთუზიაზმს გაუჩენს, ქვეყანას კი მსოფლიო რუკაზე საპატიო ადგილს დაუმკვიდრებს.
საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 62-მა სპორტსმენმა გაიარა რეგისტრაცია. ბაკურიანში შარშან ჩატარებულ შეჯიბრთან შედარებით, მონაწილეთა რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია. შეჯიბრების პირველი დღე 4 გამარჯვებულს გამოავლენს.