"გოლდენ სტეიტ უორიორსის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა ამერიკულ მედიასაშუალება NBC-სთან ინტერვიუში "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპზე ისაუბრა.
"უპირატესობების შექმნა, ბურთის გადაადგილება, უბურთოდ მოძრაობა - ეს ისეთი რამეებია, რაც ყველა გუნდურ სპორტს ახასიათებს და მეც ძალიან მეხალისება კალათბურთის პერსპექტივიდან ფეხბურთის ყურება.
"ლივერპულის" გულშემატკივრობამდე ეგვიპტიდან (კერს ბავშვობის 3 წელი ეგვიპტეში აქვს გატარებული) და მო სალაჰიდან მივედი, ახლა კი ძალიან ბევრი რამ მომწონს ამ გუნდის ირგვლივ. განსაკუთრებით, მათი შეტევის სტილი. ისინი მუდმივად პრესინგს თამაშობენ და შესანიშნავი წინა ხაზი ჰყავთ ფირმინოსა და მანეს სახით.
ვუყურებ, როგორ იპოვებენ თამაშზე კონტროლს. თუ მალე დაწინაურდნენ, უბრალოდ ანადგურებენ მოწინააღმდეგეს. რა გინდა, რომ მათ წინააღმდეგ გააკეთო?
ძალიან მომწონს იურგენ კლოპის ყურება. როგორც მწვრთნელი, სხვა მწვრთნელებსაც ვუყურებ, თუმცა გეტყვით, რომ კლოპთან დაკავშირებით რაღაც უფრო მეტია, ვიდრე სპორტი. მისთვის თვალის მიდევნება დიდი მხიარულებაა.
მათ თამაშებს როგორც ფანი, ისეც ვუყურებ, თუმცა ვნახულობ იურგენ კლოპის ინტერვიუებსაც. ის ყოველთვის კარგია ამ დროს. შარშან მე მისი სიტყვებიც კი მოვიყვანე "ჰიუსტონთან" გამარჯვების შემდეგ. თუმცა მე უბრალოდ მისი მიდგომა მომწონს. ის ნამდვილად იქცა ჩემი შთაგონების წყაროდ.
საოცრად ამაღელვებელი იყო 4:0 "ქამბექის" ნახვა. მე სპორტის დიდი გულშემატკივარი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ თავად ვწვრთნი გუნდს, სხვა გუნდებსაც ვგულშემატკივრობ.
შარშან კი "ლივერპულისთვის" ძალიან დასანანი წელი იყო. წარმოიდგინეთ, "ლივერპული" 97 ქულით ჩემპიონი ვერ გახდა. როგორც ვიცი, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია იმ კლუბებისათვის, რომლებიც ჩემპიონები ვერ გახდნენ.
ორი შესანიშნავი კლუბი ებრძოდა ერთმანეთს, თუმცა, მგონია, წელს აქცენტი უფრო პრემიერლიგაზე იქნება გაკეთებული, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე. შესანიშნავი სტარტი გამოუვიდათ, თუმცა წინ კიდევ 29 მატჩია დარჩენილი. ასე რომ, ჩემპიონობამდე კიდევ დიდი გზაა გასავლელი."