ბაკურიანი მსოფლიო თასის ეტაპების მოლოდინში

AutoSharing Option
26, 27 და 28 თებერვალს ბაკურიანი სკი-ქროსის მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს. წლევანდელი შეჯიბრება განსაკუთრებული იქნება, რადგან ბაკურიანი შერეული ნაკრების გუნდურ შეჯიბრებას მსოფლიო თასის ფარგლებში პირველად მასპინძლობს. სკი-ქროსის შერეული ნაკრების შეჯიბრებაში თითო ქვეყნის ნაკრებიდან 2 გოგო და 2 ბიჭი იქნება გუნდში. როგორც კლასიკურ სკი-კროსში, აქაც 4 სპორტსმენი დაეშვება ერთდროულად. ამ დისციპლინაში მონაწილეობის მისაღებად, ბაკურიანში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 120-მდე სპორტსმენს ელოდებიან. რეგისტრაცია 16 თებერვალს დასრულდება.

ბაკურიანისთვის 2021 წლის სეზონი საკმაოდ დატვირთული იქნება, რადგან სათხილამურო ღონისძიებები მხოლოდ სკი-ქროსის ეტაპით არ დასრულდება. 3,4 და
5 მარტს აქ ასევე გაიმართება სნოუბორდ-ქროსის მსოფლიო თასის ეტაპები. აღსანიშნავია, რომ ეს დამატებითი ღონისძიება სეზონურ კალენდარში დაგეგმილი არ იყო, მაგრამ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის თხოვნის საფუძველზე, გადაწყდა, რომ ბაკურიანში სნოუბორდ-ქროსის მსოფლიო თასის ეტაპებიც გაიმართება.

"ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ზამთრის ღონისძიება გაუქმდა მთელ მსოფლიოში პანდემიის გამო, ჩვენი პატარა ქვეყანა ორ "ა" კლასის ღონისძიებას მასპინძლობს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვან გამოცდილებას მიიღებს უშუალოდ მთაზე მომუშავე პერსონალი, რადგან ტრასის უმოკლეს დროში კორექტირება მოგვიწევს და ეს გამოცდილება მსოფლიო ჩემპიონატისთვის ძალიან დაგვეხმარება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დასრულებულია და სრულ მზადყოფნაში ვართ. მთავარია, ბუნებრივმა კლიმატურმა პირობებმა შეგვიწყოს ხელი და თებერვლის მეორე ნახევარში ბაკურიანში ყინვები შენარჩუნდეს. დარწმუნებული ვარ, ეს ღონისძიებებიც უმაღლეს დონეზე ჩაივლის", - ზუკა კოსტავა, სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი.

ბაკურიანში თვეზე მეტია მოსამზადებელი სამუშაოები მინდინარეობს. ხდება ტრასების გაწმენდა და ხელოვნური თოვლით გათოვლიანება. მალე კურორტს ეწვევიან საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლები, რომელთა უშუალო ჩართულობით მოხდება ტრასების ფინალურ ეტაპზე მშენებლობა.

ყველა ღონისძიება FIS-ის მიერ შემუშავებული COVID-19 პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდება. სამწუხაროდ, წლევანდელ მნიშვნელოვან და სანახაობრივ ეტაპებზე მაყურებელი დასწრებას ვერ შეძლებს, თუმცა ყოველი დღის შეჯიბრების ტრანსლირება მოხდება სხვადასხვა არხით. ევროსპორტის და სხვა საერთაშორისო არხების გარდა, სადაც ბაკურიანიდან ეტაპები პირდაპირ ეთერში იქნება გადაცემული, ქართველი მაყურებელი ასევე შეძლებს სანახაობას თვალი ადევნოს "სილქუნივერსალის" მეშვეობით. საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი 2000 წლიდან კომპანია "სილქნეტია".


R
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული