ადვოკატი - ზურაბ ზვიადაურს თოდუას კლინიკაში მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ჩაუტარდა

AutoSharing Option
სოფელ წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატის, მაგდა კოტრიკაძის ინფორმაციით, ზვიადაურს თოდუას კლინიკაში მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ჩაუტარდა, რის გამოც პენიტენციური დაწესებულება დროებით დატოვა.

ადვოკატის განცხადებით, ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებულია და დასჭირდება თუ არა ჰოსპიტალიზაცია ან კლინიკური ჩარევა, კვლევის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

"თოდუას კლინიკაში ჩაუტარდა მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, გამოყვანილი იყო პენიტენციური დაწესებულებიდან. დასჭირდება თუ არა ჰოსპიტალიზაცია, დამოკიდებულია კვლევის დასკვნაზე. მანამდე მას რამდენჯერმე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია ხერხემალზე და ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობაც გართულებულია. მისი შემდგომი ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობა დამოკიდებულია კვლევის
შედეგებზე. კვლევის ჩატარების შემდეგ ისევ დააბრუნეს პენიტენციურ დაწესებულებაში", - აღნიშნა მაგდა კოტრიკაძემ.

ცნობისთვის, თელავის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიური ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატ ზურაბ ზვიადაურს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 18 აგვისტოს შეუფარდა. პატიმრობა შეეფარდა ასევე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულ ჯაბა ჯანგირაშვილს. ზურაბ ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული