ვერაგმა ვირუსმა დიდი ოლიმპიელი გამოგვაკლო - ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის და ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი

AutoSharing Option
კიდევ ერთი დიდი ოლიმპიელი და ღირსეული მოქალაქე გამოგვაკლდა - 72 წლის ასაკში ვერაგ ვირუსს ემსხვერპლა ქეთევან ლოსაბერიძე: ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მშვილდოსანი, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის და ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური რეკორდსმენი, მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული.

ქეთევან ლოსაბერიძემ მშვილდოსნობაში ვარჯიში ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლისას დაიწყო და ცოტა ხანში ყურადღება მიიქცია, როგორც ნიჭიერმა და შრომისმოყვარე ახალგაზრდამ, რომელსაც წინ დიდი სპორტული წარმატებები ელოდა. მისი ოლიმპიური დებიუტი 1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე შედგა - რამდენიმე ქულა
დააკლდა მედლამდე და მეოთხე ადგილი ერგო. მანამდეც და მერეც, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ქეთევანი მაშინდელი საბჭოთა ნაკრების ლიდერის რანგში გამოდიოდა და მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საერთო გამარჯვებებში, ტოლს არ უდებდა უძლიერეს აზიელ მეტოქეებს და ხშირად ამარცხებდა მათ.

სწორედ ქეთევან ლოსაბერიძე იყო პირველი ევროპელი მშვილდოსანი ქალი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ეს მოხდა მოსკოვში, 1980 წლის ოლიმპიადაზე, სადაც, უკვე სოლიდურ ასაკში, იშვიათი ბრძოლის უნარი და დიდი სპორტული ოსტატობა გამოავლინა, ოლიმპიური რეკორდი დაამყარა და ამაყად შედგა ოლიმპიური კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე.

აქტიური სპორტული ცხოვრების დასრულების შემდეგ ქეთევან ლოსაბერიძე პედაგოგიურ საქმიანობას შეუდგა და, როგორც ნიჭიერ მათემატიკოსს, აქაც წარმატებული კარიერა ჰქონდა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოგადი მათემატიკის კურსი მიჰყავდა. პარალელურად კი, არც სპორტს და მშვილდოსნობას ივიწყებდა - რამდენიმე წელიწადს სათავეში ედგა საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციას, თავის მდიდარ გამოცდილებას უზიარებდა ახალბედა მშვილდოსნებს, აქტიურად საქმიანობდა სეოკ-ის ქალთა კომისიაში, რეგულარულად მონაწილეობდა მნიშვნელოვან ოლიმპიურ ღონისძიებებში; ოლიმპიურ მუზეუმში ხშირად მასპინძელობდა საჯარო სკოლების მოსწავლეებს, გატაცებით უყვებოდა მათ ძველ სპორტულ ამბებს, აცნობდა ქართული სპორტის და ოლიმპიური მოძრაობის საინტერესო ისტორიას.

ჩვენი სპორტის წინაშე ქეთევან ლოსაბერიძის დამსახურება აღინიშნა არაერთი ჯილდოთი, მათ შორის - ღირსების, ვახტან გორგასლის მეორე ხარისხის და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით, სეოკ-ის ორდენით და მედლით.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

alt"თავად შექმნა ქართული სპორტული ფოტოგრაფიის ისტორია" - სამძიმრის წერილი

altჯანო ბაგრატიონი გარდაიცვალა - თბილისის საპატიო მოქალაქე და სეოკ-ის ყოფილი პრეზიდენტი

altსანეევს სიდნეიში დაკრძალავენ - სამძიმრის წიგნი საქართველოში


მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ წელში,იანვარიც არ გასულა და ჯერ მხოლოდ სპორტში,უკვე მესამე ლეგენდა და მეოთხე დიდი მოღვაწე გამოგვაკლდა.ვიქტორ სანეევი,ჯანო ბაგრატიონი.ქეთევან ლოსაბერიძე და ზოგადად მეცნიერების და სპორტული მეცნიერებების დიდი მოღვაწე,აკადემიკოსი ნოდარ მამისაშვილი.ვითომ იმედით შევყურებდით ამ წელს და კიდევ უფრო საშინელი დასაწყისი გვაქვს.ღმერთმა გაანათლოს ქალბატონი ქეთევანის სული.ძალიან ვწუხვარ.
სოსო
21:58 24-01-2022
0
ამხელა ლეგენდა ყოფილა ეს ქალბატონი რატომ არ აქცევდით ყურადღებას ისევე როგორც სხვა ლეგენდარულ ჩემპიონებს რომლებიც გვყავს
ჩვენი სიამაყე!!!
20:23 24-01-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული