ჩვენმა გუნდმა ამჯერად ვიეტნამის ნაკრები დაამარცხა - 3:1. საქართველოს ნაკრებს გამარჯვებები ნანა ძაგნიძემ და ნინო ბაციაშვილმა მოუტანეს, შესაბამისად, პირველ და მესამე დაფაზე, ორივემ შავი ფიგურებით.
გამარჯვება ჯერ ბაციაშვილმა ჩაიწერა, რასაც მალევე ძაგნიძის წარმატებული სვლა და მეგი არაბიძის მეტოქესთან ყაიმზე შეთანხმება მოჰყვა, ეს კი გამარჯვებას ნიშნავდა. მეორე დაფაზე მოთამაშე ლელა ჯავახიშვილი, რომელმაც მესამე ტურში დაისვენა, დიდხანს ებრძოდა მეტოქეს და საბოლოოდ ყაიმი ითამაშა.
აღსანიშნავია,
1:3 დამარცხდა ვაჟთა ნაკრები ლიეტუვას გუნდთან და მნიშვნელოვანი ქულებიც დაკარგა. მეორე დაფაზე მიხეილ მჭედლიშვილმა შავებით ყაიმი მალევე გააფორმა. ამის შემდეგ თავისი შეხვედრა დათმო დავით ჯოჯუამ, რომელმაც მესამე ტურში ლამის ექვსსაათიანი დაპირისპირება გამართა მონღოლ მეტოქესთან და მეოთხე ტურშიც მძიმე შეხვედრა ჰქონდა. ივან ჩეპარინოვმა მესამე დაფაზე, დიდი მცდელობის მიუხედავად, მეტოქეს ვერ აჯობა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩვენი გუნდის მარცხისგან ხსნა მხოლოდ ბაადურ ჯობავას შეეძლო გამარჯვებით, თუმცა, სამწუხაროდ, ბაადური დამარცხდა.
სასიხარულოა, რომ გამარჯვება მოიპოვა ვაჟთა მესამე გუნდმა, რომელმაც 3:1 მოუგო მაროკოს. შესაბამისად, მესამე და მეოთხე დაფაზე ნიკოლოზ კაჭარავამ და გიორგი სიბაშვილმა იმარჯვეს. მეორე ნაკრები 2:2-ზე შეთანხმდა ავსტრალიასთან.
საკმაოდ მძიმე შეხვედრა ჰქონდა ქალთა მეორე ნაკრებს, რომელიც მე-13 განთესვის მქონე უნგრეთს შეხვდა და გამარჯვება მიითვალა - 2.5:1.5. თავისი პარტიები სოფიო გვეტაძემ და სოფიკო ხუხაშვილმა მოიგეს. მესამე გუნდმა 1:3 დათმო ავსტრალიასთან.
28 სექტემბერს მე-5 ტურის პარტიები 15:00 საათიდან დაიწყება. 29 სექტემბერს გუნდები დაისვენებენ და 30 სექტემბრიდან გადამწყვეტი შეხვედრები დაიწყება, რომლებიც ეტაპობრივად გამოკვეთს მედლებისთვის რეალურად მებრძოლ ნაკრებებს.
ბათუმი. ახალი სპორტის სასახლე. 23 სექტემბერი-5 ოქტომბერი. საჭადრაკო ოლიმპიადა
IV ტური
ქალები
საქართველოს პირველი ნაკრები - ვიეტნამი 3:1
1. ნანა ძაგნიძე - ფუნგ კიმ თი ვო 1:0
2. ლელა ჯავახიშვილი - ნგუეინ თაო ლი ფამი 0.5:0.5
3. ნინო ბაციაშვილი - ტრამ ბაო თი ჰოანგი 1:0
4. მერი არაბიძე - ჰუნგ მაი თი ნგუიენი 0.5:0.5
საქართველოს მეორე ნაკრები - უნგრეთი 2.5:1.5
1. სალომე მელია - თრანგ თან ჰოანგი 0:1
2. სოფიო გვეტაძე - ანიტა გარა 1:0
3. სოფიკო ხუხაშვილი - ტიცია გარა 1:0
4. მირანდა მიქაძე - ნიკოლეტა ლაკოსი 0.5:0.5
საქართველოს მესამე ნაკრები - ავსტრალია 1:3
1. ნინო ხომერიკი - ჰეტერ რიჩარდსი 0.5:0.5
2. მარიამ ჯანიაშვილი - ჯულია რიანოვა 0.5:0.5
3. თამარ ესაძე - ჟილინ ჟანგი 0:1
4. დიანა ლომაია - ირინა ბერეჟინა 0:1
ვაჟები
საქართველოს პირველი ნაკრები - ლიეტუვა 1:3
1. ბაადურ ჯობავა - სარუნას სულსკისი 0:1
2. მიხეილ მჭედლიშვილი - ტომას ლაურუსასი 0.5:0.5
3. ივან ჩეპარინოვი - ტიტას სტრემავიჩუსი 0.5:0.5
4. დავით ჯოჯუა - ვიდმანტას მალისაუსკასი 0:1
საქართველოს მეორე ნაკრები - ავსტრალია 2:2
1. ლუკა პაიჭაძე - ანტონ სმირნოვი 1:0
2. დავით მაღალაშვილი - იუან-ჟონგ ჟაო 0:1
3. თორნიკე სანიკიძე - მაქს ილიანგვორფი 1:0
4. გიგა ყუფარაძე - ბობი ჩენგი 0:1
საქართველოს მესამე ნაკრები - მაროკო 3:1
1. ნოე თუთისანი - მოჰამედ თისირი 0.5:0.5
2. ლუკა ობოლაძე - აბდელაზიზ ონკოუდი 0.5:0.5
3. ნიკოლოზ კაჭარავა - იასერ საბერი 1:0
4. გიორგი სიბაშვილი - მეჰდი-მოჰამედ აიტმიდოუ 1:0
საფრანგეთის ნაკრები, რომელიც 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას სამი ტურის შემდეგ ერთპიროვნულად ლიდერობდა (დამატებითი მაჩვენებლით), მერვე ადგილზე დამკვიდრებულ ვიეტნამის ნაკრებს პირველ დაფაზე გაეჯიბრა.
ფრანგებმა მოიგეს, თუმცა არცთუ იოლად - 2.5:1.5. პირველ, მეორე და მესამე დაფებზე ყაიმი დაფიქსირდა და მხოლოდ მეოთხე დაფაზე გაიმარჯვა კრისტიან ბაუერმა, რომელმაც შავი ფიგურებით მოთამაშე ან ხოი ნგუენი დაამარცხა.
ტურის და, ალბათ, ოლიმპიადის ერთ-ერთი გამორჩეული პაექრობა კი მესამე დაფაზე ვიხილეთ:
ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა სამი ტურის შემდეგ მესამე ადგილზე დამკვიდრებულ ინდოეთს 2.5:1.5 სძლია.
ამერიკელებს გამარჯვება ფაბიანო კარუანამ მოუტანა, რომელმაც მსოფლიოს ექსჩემპიონს, სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ბათუმი 2018-ის კეთილი ნების ელჩს, ვიშვანათან ანანდს პირველ დაფაზე სძლია. დანარჩენი სამი პარტია ყაიმით დასრულდა.
კარუანასთვის ეს ამ ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვებაა: საწყის ტურში მას არ უთამაშია, მომდევნო ორ დღეს კი ჯერ საქართველოს მეორე ნაკრების წევრ ნოე თუთისანთან გაიყო ქულა, ხოლო მესამე ტურში - ჰოლანდიელ ანიშ გირისთან.
მეოთხე სათამაშო დღის მთავარ მოულოდნელობად ოლიმპიადაზე მეორე ნომრად განთესილი რუსეთის ოთხეულის პოლონეთთან მარცხი უნდა მივიჩნიოთ - 1.5:2.5. თავდაპირველად რუსეთი დაწინაურდა: პირველ დაფაზე სერგეი კარიაკინმა და იან კრჟიშტოფ დუდამ გაიყვეს ქულა, მეორე დაფაზე კი იან ნეპომნიაშჩიმ რადოსლავ ვოიტაშეკს მოუგო - 0.5:1.5 - თუმცა, მესამე და მეოთხე დაფებზე შედარებით გვიან დასრულებული ორივე პარტია პოლონელთა გამარჯვებით დასრულდა: იაცეკ ტომჩაკმა ვლადიმირ კრამნიკს სძლია, შავი ფიგურებით მოთამაშე კამილ დრაგუნმა კი დმიტრი იაკოვენკო დააშამათა.
ის, რომ პოლონეთის ნაკრებმა ოთხივე ტურში გაიმარჯვა და სადღეისოდ ლიდერთა შორისაა, დიდწილად სწორედ იაცეკ ტომჩაკის და კამილ დრაგუნის დამსახურებაა. ორივემ ყველა პარტია მოიგო: ტომჩაკმა სამიდან სამი, დრაგუნმა - ოთხიდან ოთხი!
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა ისრაელმა, რომელმაც შვედეთს სძლია - 3:1. მაქსიმ როდშტეინმა, ტამირ ნაბატიმ და ილია სმირინმა მეორე, მესამე და მეოთხე დაფებზე, შესაბამისად, ტიგერ ჰილარპ პერსონს, ჰანს ტიკანენს და ერიკ ბლომკვისტს სძლიეს, ხოლო პირველ დაფაზე თეთრი ფიგურებით მოთამაშე ბორის გელფანდი მოულოდნელად დამარცხდა ნილს გრანდელიუსთან.
50 წლის გელფანდი, ვინც სხვადასხვა დროს ექვსჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის კანდიდატი, ბათუმი 2018-ის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე გახლავთ - ის მეთორმეტედ ასპარეზობს საჭადრაკო ოლიმპიადაზე. აქვე გეტყვით, რომ გელფანდის აქტივში 1990 წელს, ნოვი სადში, მისთვის სადებიუტო ოლიმპიადაზე მოგებული ოქროს მედალიცაა, თუმცა ის მაშინ საბჭოთა კავშირის ნაკრების ღირსებას იცავდა...
ქალთა შორის კვლავ მშვენივრად ასპარეზობს რეიტინგის მესამე ნომერი ჩინეთი. ვენჟუნ ჟუს, იან შენის, კიან უანის და ტინჟიე ლეის ოთხეულმა პირველ დაფაზე უზბეკეთს სძლია - 3:1. ჩინელებმა პირველ და მეორე დაფებზე გაიმარჯვეს, დანარჩენი ორი პარტია კი ყაიმით დასრულდა.
სომხეთის ნაკრები სამი ტურის შემდეგ ჩინეთთან იყოფდა პირველ ადგილს. სომხებმა კვლავ მოიგეს, თუმცა იტალიასთან გაუჭირდათ - 2.5:1.5. პირველ დაფაზე შავი ფიგურებით მოთამაშე ელინა დანიელიანმა ოლგა ზიმინას სძლია, ლილიტ მკრტჩიანმა ელენა სედინა დაამარცხა, მესამე დაფაზე ანა სარქისიანს დეზირე დი ბენედეტოსთან მოეცარა ხელი, მეოთხე დაფაზე კი მარია კურსოვამ მარინა ბრუნელოსთან გაიყო ქულა.
მეოთხე მატჩი მოიგო მონღოლეთმაც, ამჯერად ირანთან - 3:1. მიუხედავად იმისა, რომ პირველ დაფაზე ბახტიაგ მუნგუნტუულმა ქულა გაუყო სარასადატ ხადემალშარიეს, მომდევნო დაფებზე კარგად დაწყებული საქმე მონღოლებმა გამარჯვებით დაასრულეს: დავაადემბერელ ნომინ-ერდენემ მიტრა ჰეიაზიპურს, ტურმუნხ მუნხზულმა მობინა ალინასაბს, ხოლო ტუვშინტუგს ბატჩიმეგმა მოტაჰარე ასადის სძლიეს.
შეუდარებლად ითამაშა უკრაინელ გოგონათა ოთხეულმა, რომელმაც სლოვენიას 4:0 მოუგო. შეგახსენებთ, რომ ეს ნაკრები დების, ანა და მარია მუზიჩუკების, ასევე ანა უშენინას და ლილია ოსმაკის შემადგენლობით ქალთა მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერია.
ხაზგასასმელია მეორე დაფაზე მოასპარეზე მარია მუზიჩუკის და მეოთხე დაფაზე გამწესებული ლილია ოსმაკის სტატისტიკა: პირველმა სამიდან სამი პარტია მოიგო (მას მეორე ტურში არ უთამაშია), ოსმაკმა კი ოთხიდან მესამედ დააშამათა მეტოქის მეფე (მეორე ტურში მან ქულა გაუყო თურქმენ ლალა მოშრადოვას).
რუსეთის ნაკრებმა, რომელმაც მეორე ტურში უზბეკეთთან მოულოდნელი წაგებით მკვეთრად გაიუარესა მდგომარეობა, ზედიზედ მეორედ მოიგო, ამჯერად ისრაელთან - 3:1.
რუსთა ოთხეულიდან კვლავ ჩინებულად ითამაშეს ვალენტინა გუნინამ (მეორე დაფა) და ოლგა გირიამ (მეოთხე დაფა). პირველმა მარსელ ეფროიმსკის სძლია და ბათუმში ნათამაშები მეოთხე პარტიიდან მესამე მოიგო (ერთიც ყაიმი), გირიამ კი ოლგა გუტმახერს აჯობა და ასპროცენტიანი სვლა განაგრძო - სამიდან სამი ქულა. დანარჩენი ორი პარტია ყაიმით დასრულდა.
მომზადებულია batumi2018.fide.com-ის მიხედვით