ბათუმი 2018: საქართველოს ქალთა ნაკრების ყაიმი ინდოეთთან

AutoSharing Option
პირველ ოქტომბერს ბათუმის სპორტის სასახლეში მიმდინარე 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა დასკვნით ფაზაში შევიდა.

მე-7 ტურის პარტიების შემდეგ ორივე სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო მეტი სიმჭიდროვე შეიქმნა.

ბუნებრივია, ქართველი გულშემატკივრის ყურადღება, ძირითადად, საქართველოს ქალთა ნაკრებისკენ არის მიმართული, რომელიც მედლებისთვის მებრძოლ ნაკრებთა შორის გახლავთ და კიდევ ერთი მძიმე დაპირისპირება გადაიტანა.

საქართველო ტურნირზე მე-5 ნომრად განთესილ ინდოეთის ნაკრებს შეხვდა და 2:2 ითამაშა.

ქართველი გოგონები ყაიმზე ამ თანმიმდევრობით შეთანხმდნენ - ძაგნიძე, ხოტენაშვილი, ჯავახიშვილი და ბოლოს ბაციაშვილი. ბაციაშვილი ბევრს ეცადა, მაგრამ სამწუხაროდ, მეტოქის გატეხვა ვერ შეძლო. ნაკრების
კაპიტანი ელიზბარ უბილავა მსაჯთან მივიდა და ყაიმის გაფორმება სთხოვა.

უმნიშვნელოვანესი იყო მეორე ნაკრების გამარჯვება ფილიპინებთან - 3:1. ეს ქულები ჩვენს მეორე გუნდს პოზიციებს გაუმყარებს. ამასთან, გამორიცხული არ არის, საკმაოდ ძლიერ, მედლებისთვის მებრძოლ რომელიმე ნაკრებს შეახვედროს, ეს კი საქართველოს მთავარი ნაკრების ინტერესში შედის.

თუ ჩვენი მეორე გუნდი პირველი გუნდის რომელიმე კონკურენტს ქულებს დააკარგვინებს, ეს იქნება იდეალური ვარიანტი მთავარი გუნდისთვის. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება იოლი არ იქნება, თუმცა დღევანდელი სატურნირო ცხრილის მიხედვით და ცხრილში არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, რომელიმე მედლებისთვის მებრძოლი ნაკრებისთვის თითოეული ქულის წართმევასაც კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს. აქვე აღვნიშნოთ, რომ მოიგო ქალთა მესამე ნაკრებმაც ავსტრიასთან - 4:0.

ვაჟთა ნაკრებმა დამაჯერებლად დაამარცხა მაკედონია - 4:0 და სატურნირო ცხრილში პოზიციას გაიუმჯობესებს, თუმცა ჩვენმა გუნდმა განვლილ 6 ტურში ძალიან ბევრი ქულა დაკარგა და ისედაც შემჭიდროვებულ ცხრილში, სადაც ძალიან დიდი კონკურენციაა, რამდენიმე საფეხურით დაწინაურება გაუჭირდება.

კარგია, რომ ნინო გურიელის ოთხეულმა დამაჯერებლად გაიმარჯვა. ეს წარმატება დადებითად იმოქმედებს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და დარჩენილ 4 ტურში უფრო თავდაჯერებულს გახდის. ძალიან ხშირად კვანძი სწორედ ბოლო 4 ტურში იხსნება და აქ საუბარი არ არის მხოლოდ მედლებისთვის მებრძოლ გუნდებზე.

საქართველოს ვაჟთა ნაკრების მიზანი მაქსიმალურად მაღალი პოზიციის დაკავებაა და ვნახოთ, ჩვენი ვაჟები რამდენად შეძლებენ ამის გაკეთებას.

სამწუხაროდ, ვაჟთა მეორე ნაკრები 1.5:2.5 დამარცხდა კოლუმბიასთან. ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა მესამე ნაკრებმა კი 1:3 წააგო მოლდოვასთან.

ბათუმი. ახალი სპორტის სასახლე. 23 სექტემბერი-5 ოქტომბერი. საჭადრაკო ოლიმპიადა
VII ტური


ქალები

საქართველოს პირველი ნაკრები - ინდოეთი 2:2
1. ნანა ძაგნიძე - ჰამპი კონერუ 0.5:0.5
2. ლელა ჯავახიშვილი - ჰარიკა დრონავალი 0.5:0.5
3. ნინო ბაციაშვილი - ტანია საჩდევი 0.5:0.5
4. ბელა ხოტენაშვილი - როუთ პადმინი 0.5:0.5

საქართველოს მეორე ნაკრები - ფილიპინები 3:1
1. სალომე მელია - მაე ჟანელ ფრაინა 0.5:0.5
2. ინგა ჭარხალაშვილი - მაე შანია მენდოზა 1:0
3. სოფიო გვეტაძე - ანტოინატე მარიე დიეგო სანი 0.5:0.5
4. მირანდა მიქაძე - ბერნადეტე გალასი 1:0

საქართველოს მესამე ნაკრები - ავსტრია 4:0
1. ნინო ხომერიკი - ვერონიკა ექსლერი 1:0
2. მარიამ ჯანიაშვილი - კატარინა ნევრლკა 1:0
3. ლილე ქორიძე - ბარბარა ტოიშლერი 1:0
4. თამარ ესაძე - ანნიკა ფროევისი 1:0

ვაჟები
საქართველოს პირველი ნაკრები - მაკედონია 4:0
1. ბაადურ ჯობავა - კირილ გეორგიევი 1:0
2. ივან ჩეპარინოვი - ფილიპ პანჩევსკი 1:0
3. ლევან ფანცულაია - ტრაჟკო ნედევი 1:0
4. დავით ჯოჯუა - ნიკოლა ნიკოლოვსკი 1:0

საქართველოს მეორე ნაკრები - კოლუმბია 1.5:2.5
1. დავით მაღალაშვილი - ფელიპე ანდრეს ალკარეს გალეგო 0.5:0.5
2. თორნიკე სანიკიძე - კამილო კრისტიან რიოსი 0.5:0.5
3. ირაკლი ბერაძე - ფელიპე სებასტიან სანჩესი 0:1
4. გიგა ყუფარაძე - მარტინ რომერო მარტინესი 0.5:0.5

საქართველოს მესამე ნაკრები - მოლდოვა 1:3
1. ნოე თუთისანი - ვიორელ იორდანესკუ 0.5:0.5
2. ნიკოლოზ პეტრიაშვილი - ვლადიმირ ჰამიტევიჩი 0.5:0.5
3. ნიკოლოზ კაჭარავა - დმიტრი სვეტუშკინი 0:1
4. გიორგი სიბაშვილი - ნიკიტა მოროზოვი 0:1

ზედიზედ ექვსი გამარჯვების შემდეგ აზერბაიჯანის და პოლონეთის ვაჟთა ნაკრები გუნდები პირველ მაგიდას მიუსხდნენ. ლიდერთა დაპირისპირება ფრედ, 2:2 დასრულდა.

ოლიმპიადის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან (აზერბაიჯანი ბათუმში მეოთხე ნომრადაა განთესილი) მოპოვებული ქულა პოლონეთისთვის, რომელიც რეიტინგში მეთერთმეტეა, ტურნირის დაწყებამდე უდავოდ წარმატებად ჩაითვლებოდა, მაგრამ განვლილი დღეების განმავლობაში ამ ოთხეულმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ არათუ ლიდერთა შორის დამკვიდრებას, მედლებისთვის ბრძოლას აპირებს. შესაბამისად, მათი სტაბილურად თავდადებული ბრძოლა გასაკვირი აღარაა.

მეტოქეების ყაიმით შესანიშნავად ისარგებლა ტურნირის პირველმა ნომერმა, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა, რომელიც განვლილ ექვს ტურში ხუთი გამარჯვებით და ერთი ფრით მესამე იყო: მათ ხორვატები დაამარცხეს - 3:1.

კვლავ შეუდარებელია რეიტინგის ლიდერთა მეორე ნომერი უესლი სო. ის, ჯერჯერობით, შეუცვლელად ასპარეზობს ბათუმში და შვიდი შესაძლებლობიდან ექვსი ქულით (ხუთი გამარჯვება, ორი ყაიმი) დაფის ლიდერთა შორისაა.

ვაჟთა პაექრობებიდან აღნიშვნას იმსახურებს გერმანიის და ჰოლანდიის, ასევე, ჩეხეთისა და ისრაელის დაპირისპირებები. ორივე მატჩი 2:2 დასრულდა. VII ტურის შემდეგ გერმანიის და ისრაელის ნაკრები გუნდები კვლავ უძლეველები არიან, მაგრამ მხოლოდ ოთხი გამარჯვების გამოისობით, დაწინაურებულებს გვარიანად ჩამორჩებიან.

ორტურიანი შესვენების შემდეგ მოიგო საფრანგეთმაც - 3:1 უნგრეთთან. საწყისი ოთხი ტურის შემდეგ ფრანგებს ასპროცენტიანი შედეგი ჰქონდათ, თუმცა შემდეგ პოლონელებთან წააგეს (1:3), გუშინ კი ინგლისთან დაკარგეს ქულა - 2:2.

ფრანგთა მთელმა გუნდმა სტაბილურად იასპარეზა, თუმცა პირველ დაფაზე გამწესებული მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც შავი ფიგურებით მოუგო პეტერ ლეკოს. ვაშიე-ლაგრავი გუნდის ნამდვილი ლიდერია: ოთხი გამარჯვება და ორი ყაიმი, რასაც ვერ ვიტყვით მეორე და მესამე დაფებზე მოასპარეზე ეტიენ ბაკროსა და ლორენ ფრესინეზე. ბოლო ოთხი პარტიიდან მათ ერთიც ვერ მოიგეს.

ქალთა ტურნირში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს სომხებმა, რომლებმაც ექვსი ტურის შემდეგ პირველ ადგილზე დამკვიდრებულ ამერიკელებს სძლიეს - 2,5:1,5.

ელენა დანიელიანმა და ანა სარქისიანმა თეთრი ფიგურებით აჯობეს ანა ზატონსკიჰს და საბინა-ფრანჩესკა ფოისორს, ლილიტ მკრტჩიანმა კი მეორე დაფაზე შავებით გაუყო ქულა ირინა კრუშს. ამ უკანასკნელისთვის ეს პირველი ყაიმია ბათუმში: აქამდე გამართული ხუთი პარტიიდან მან ყველა თავის სასარგებლოდ დაასრულა.

გაიმარჯვა ჩინეთმაც და სატურნირო ცხრილში ამერიკას გადაასწრო. მსოფლიოს ერთ-ერთმა უძლიერესმა გუნდმა ჰოლანდიას მოუგო - 3:1.

საინტერესო პარტია გათამაშდა პირველ დაფაზე, სადაც მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, 27 წლის ვენჟუნ ჟუმ თეთრი ფიგურებით დააშამათა 50 წლის თანამემამულე, 1996 წლიდან ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე ჟაოკინ პენი. შეგახსენებთ, რომ პენმა წლების წინ სამჯერ გაიმარჯვა ჩინეთის ჩემპიონატში (პირველად შორეულ 1987 წელს), ჰოლანდიაში გადაბარგების შემდეგ კი თოთხმეტჯერ(!) გახდა ამ ქვეყნის უძლიერესი მოჭადრაკე ქალი, მათ შორის, 2000-11 წლებში ზედიზედ თორმეტჯერ!

მიჯრით ორი ფრის შემდეგ (საქართველოს პირველ ნაკრებთან და ჩინეთთან) გაიმარჯვა უკრაინამ, რომელმაც ირანის წინააღმდეგობა დაძლია. რეიტინგის მეორე ნომერმა მეტოქეს 2,5:1,5 სძლია. პირველ, მესამე და მეოთხე დაფებზე ყაიმი დაფიქსირდა და მხოლოდ მეორე დაფაზე გაიმარჯვა დიდოსტატმა, მსოფლიოს ექსჩემპიონმა მარია მუზიჩუკმა.

ქალთა რეიტინგის ლიდერი რუსეთი კი არასტაბილურ თამაშს განაგრძობს - გამარჯვებებს მარცხს უნაცვლებს, რის გამოც ცხრილის სათავეში დამკვიდრებას ვერ ახერხებს.

სომხეთთან წაგების შემდეგ - 1:3, რუსებმა ბერძნებს აჯობეს ამავე ანგარიშით. ალექსანდრა კოსტენიუკის, ალექსანდრა გორიაჩკინას, ვალენტინა გუნინას და ოლგა გირიას ოთხეულიდან მხოლოდ გუნინა დამარცხდა - მას თეთრებით აჯობა ანასტასია ავრამიდუმ.

მომზადებულია batumi2018.fide.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული