გიორგი მესხისა და ნიკოლოზ შუშიაშვილის დებიუტი "შაბაცში" ადრიატიკის თასზე შედგა

AutoSharing Option
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრების წევრებმა გიორგი მესხმა და ნიკოლოზ შუშიაშვილმა წლეულს, სექტემბერში ქალაქ შაბაცის (სერბეთი) ამავე სახელწოდების წყალბურთის კლუბთან გააფორმეს კონტრაქტი.

გასულ უქმეებზე ქართველმა სპორტსმენებმა ახალ გუნდში პირველი ოფიციალური მატჩი ითამაშეს: "შაბაცი" სერბეთის პირველ ლიგასა და რეგიონულ ლიგაშიც (ადრიატიკის თასის გათამაშება) ასპარეზობს, სადაც სერბეთის, ხორვატიის, მონტენეგროსა და სლოვენიის 19 გუნდი მონაწილეობს. ისინი წილისყრით ორ ჯგუფში არიან განაწილებულნი. შაბაცელები მეორე - ცხრაგუნდიან ჯგუფში გამოდიან და შაბათს შიბენიკის (ხორვატია) "სოლარისს" უმასპინძლებენ. ბალშა ნიკოლიჩის შეგირდებმა აღმავლობით ითამაშეს და მეტოქე 7:2 (2:1, 3:1, 1:0,
1:0) დაამარცხეს. შუშიაშვილმა ორი ბურთი გაიტანა, მესხმა კი ორი საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

ადრიატიკის ლიგაზე "შაბაცი" მეორე მატჩს სტუმრად სერბულ "ვალიევოსთან" გამართავს. ამ გუნდმა სტარტზე შინ მონტენეგროს "კატარო" დაამარცხა - 14:12.

საგულისხმოა, რომ რეგიონული ლიგისთვის მზადების პერიოდში "ვალიევო" "შაბაცს" ეწვია და მასთან ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა: პირველი პაექრობა მასპინძლებმა 16:5 მოიგეს. სამი ბურთი მესხმა გაიტანა. მეორე ორთაბრძოლაში შაბაცელებმა 15:6 გაიმარჯვეს. მესხმა - ოთხი, შუშიაშვილმა კი ორი გოლი მიითვალა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული