U19. წყალბურთი: ფინალურ ეტაპზე საქართველო და სლოვაკეთი ითამაშებენ

AutoSharing Option
თბილისის "ოლიმპიკის" აუზში დამთავრდა 19 წლამდე წყალბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, რომელშიც ფინალური ეტაპის (სექტემბერი, ჰოლანდია) ორი საგზურისთვის მასპინძლები, ფრანგები, სლოვაკები, ბელორუსები და ფინელები ეცილებოდნენ ერთმანეთს.

ჯგუფის ფავორიტებად საფრანგეთსა და სლოვაკებს მიიჩნევდნენ, მაგრამ სპეციალისტების ვარაუდები ქართველმა წყალბურთელებმა პირველ ორ ტურში თავდაყირა დააყენეს: ჯერ ფრანგებს აჯობეს - 13:4, მერე კი სლოვაკები დაჯაბნეს - 13:5.

მე-4 ტურში ქართველები ბელორუსებს დაუპირისპირდნენ. მასპინძელთა იერიშების შეჩერება ვერც სლავებმა შეძლეს.

საქართველო-ბელორუსი 15:4
4:0, 3:1, 4:1, 4:2
საქართველო: ირაკლი რაზმაძე, თედო შავშიშვილი (1), გიორგი ღავთაძე, რევაზ
იმნაიშვილი (2), სანდრო ადეიშვილი (1), ანდრია ბითაძე (3), ვაჟა ფურცელაძე (4), ლევან მოსაშვილი, გიორგი მესხი (2), გიორგი მაგრაქველიძე (1), ნიკა შუშიაშვილი (1), დავით ცხაკაია, ნიკოლოზ ჩხიკვიშვილი.
ბელორუსი: პაველ ბაიდუკი, რამან ჰუზანაუ, ვაძიმ ველიჩკა, ილია რაჟკო (1), ტსიმაფეი რაძიარუნი (1), ანდრეი ჰრიშკო, გლებ კავალოიუ, ალექსანდრ ფილიმონაუ (1), არტსიომ ძიხტსიარენკა (1), ძიმიტრუ ჰვოძიკაუ, ვიქტარ შილიონაკი, ივან მუჟნეუსკიხი, მიკიტა ისაჩანკა.

ქართველმა წყალბურთელებმა ლიდერებთან ზედიზედ ორი მოგებით, ფაქტობრივად, ფინალური ეტაპის საგზური გაინაღდეს, მაგრამ შემთხვევითობის თავიდან ასაცილებლად ბელორუსებთანაც საბრძოლო განწყობით გავიდნენ სარბიელზე.

მთავარი მწვრთნელის - გელა ტუკვაძის შეგირდებმა თავიდანვე ხელთ იგდეს უპირატესობა და პირველ რვაწუთიან მონაკვეთში იმნაიშვილმა (2), ფურცელაძემ და მესხმა ოთხი უპასუხო გოლი გაიტანეს. მეორე პერიოდში ანგარიშში სხვაობა შვიდამდე რომ გაიზარდა, ბელორუსებმა მხოლოდ მაშინ აიღეს პირველად მასპინძელთა კარი - 7:1.

დიდი შესვენების შემდეგ ქართველ წყალბურთელებს მატჩის სადავეები ხელიდან არ გაუშვიათ და პაექრობაც სასურველ დასასრულამდე მიიყვანეს - 15:4.

იმავე დღეს სლოვაკებმა ფინელები დაჯაბნეს - 17:1 (5:0, 5:0, 5:1, 2:0) და, ბოლო ტურის შედეგების მიუხედავად, შემოდგომაზე ქართველებთან ერთად ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

დასკვნით ტურში უმოტივაციო საქართველოს ნაკრები ტურნირის აუტსაიდერ ფინეთის გუნდს შეხვდა.

საქართველო-ფინეთი 23:4
6:1, 8:2, 4:1, 5:0
საქართველო: ირაკლი რაზმაძე, თედო შავშიშვილი, გიორგი ღავთაძე (2), რევაზ იმნაიშვილი (2), სანდრო ადეიშვილი (3), ანდრია ბითაძე (2), ვაჟა ფურცელაძე (2), ლევან მოსაშვილი (3), გიორგი მესხი (2), გიორგი მაგრაქველიძე (1), ნიკა შუშიაშვილი (4), დავით ცხაკაია (2), ნიკოლოზ ჩხიკვიშვილი.
ფინეთი: ემილ პიეტილა, ვილჰელმ კონვეისენბერგი (1), იეთუ იოკელა, პესი აალტო, სანდორ ბარანი (1), აკი გრონვალი, პაავო სოინინენი, კასპერ კარიალაინენი, იოანას ჰილაია (1), ვილე კოივუ (1), როოპე კაუჰანენი, ოსკარი ოლილა (1), ტეო პენტიკაინენი.

შესარჩევი შეჯიბრების ბოლო ორთაბრძოლა, მართალია, სატურნირო თვალსაზრისით ფორმალურ ხასიათს ატარებდა, მაგრამ ქართველმა წყალბურთელებმა "ოლიმპიკზე" მრავლად მისულ ქომაგებს იმედები არ გაუცრუეს, შემართებით იბრძოლეს და დიდი ანგარიშითაც გაიმარჯვეს - 23:4.

ამ მატჩში მასპინძელთაგან შუშიაშვილი 4 გოლით გამოირჩა. ფრანგებმა ბელორუსებს სძლიეს - 15:11 (3:1, 4:4, 5:2, 3:4), მაგრამ ამ წარმატებამ მათ მხოლოდ მესამე ადგილი მოუტანა.

საბოლოო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 4 4 0 0 64:17 12
2. სლოვაკეთი 4 3 0 1 43:24 9
3. საფრანგეთი 4 2 0 2 38:36 6
4. ბელორუსი 4 1 0 3 46:50 3
5. ფინეთი 4 0 0 4 16:77 0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ბიჭებო, ასეთი დამაჯერებელი გამარჯვებები მართლაც სასიამოვნო სიურპრიზია ქართველი გულშემატკივრებისთვის. წარმატებები ფინალურ ეტაპზეც!!!!!!!!!!!!!!
dato
17:12 09-05-2016
0

სიახლეები პოპულარული