ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია CNN-ს, სადაც მოჰყვა იმის შესახებ, თუ რატომ მოუწია გუნდურ ასპარეზობაში თავისუფალი პროგრამის შეასრულება ზურგის ტრავმის მიუხედავად. პლიუშჩენკოს თქმით, მას აიძულეს ყინულზე გასვლა.
შეგახსენებთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები: რუსეთმა მამაკაცთა ინდივიდუალურ ტურნირზე მხოლოდ ერთი ლიცენზია მიიღო. ქვეყნის ფედერაციამ ამ სახეობაში წარადგინა ევგენი პლიუშჩენკო, რომელმაც ოლიმპიადის წინ წააგო რუსეთის ჩემპიონატი მაქსიმ კოვტუნთან, მაგრამ ზამთრის თამაშების საგზური დახურული შეჯიბრებისას სპეციალური კომისიის წინაშე მოიპოვა.
სოჭში
მოკლე პროგრამაზე უარის თქმის შემდეგ პლიუშჩენკო დაადანაშაულეს იმაში, რომ 10 თებერვალს, როცა ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო მისი შეცვლა, მან ადგილი არ დაუთმო მაქსიმ კოვტუნს. თავად პლიუშჩენკომ განაცხადა, რომ არ შეეძლო ამის ადრე გაკეთება, რადგან დროულად ვერ იპოვა პირველი სათადარიგო - კოვტუნი, რომლის ტელეფონი გამორთული იყო. მაგრამ ეს ყველაფერი უარყო კოვტუნის მწვრთნელმა ელენა ბუიანოვამ.
"ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენ მოსკოვში ვვარჯიშობდით. იქ გახსნის ცერემონიის შემდეგ გავემგზავრეთ იმის გამო, რომ მაქსიმი სერიოზულად ემზადებოდა სავარაუდო გამოსვლისთვის, - ამბობს მწვრთნელი. - ბოლო დღემდე მონდომებით ვმუშაობდით. ოლიმპიადის შემდეგ გავაგრძელებთ მზადებას მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. ჩემთვის სხვა რამ არის საინტერესო: ვინ უთხრა სპორტის მინისტრს, რომ კოვტუნის მოძებნა შეუძლებელი იყო? ვის დასჭირდა ასეთი ტყუილი?
სამარცხვინოა ყველაფრის გადაბრალება სპორტსმენზე, რომელსაც შეხება არ აქვს იმასთან, რაც სოჭში ხდება".
და აი, 16 თებერვალს გავრცელდა პლიუშჩენკოს ინტერვიუ ტელეკომპანია CNN-თან, რომელშიც მან განაცხადა, რომ აიძულეს ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ყინულზე გასვლა.
"არ შემიძლია დღეს იმის ახსნა, რა მოხდა სინამდვილეში, - განაცხადა მოციგურავემ. - მაგრამ თუ შეეკითხებით ფიგურული სრიალის ფედერაციის პრეზიდენტს, ის ყველაფერს აგიხსნით".
პლიუშჩენკომ დადებითად უპასუხა შეკითხვას - აიძულეს თუ არა მას ტრავმის მიუხედავად ყინულზე გასვლა.
"სწორედ ასე იყო. მე ვცდილობდი. როცა გუნდურ პირველობაზე გავდიოდით, გვესმოდა, რომ შეგვეძლო ვერცხლის ან ბრინჯაოს მოგება. ჩვენ კი პირველები გავხდით. შემდეგ ფედერაციის წარმომადგენლებმა მკითხეს: "გსურს ოლიმპიადაზე გამოსვლის გაგრძელება? როგორ გრძნობ თავს?" ვუპასუხე, რომ ბოლომდე წესრიგში არ ვიყავი. პრობლემები ჯერ კიდევ გუნდური პირველობის დროს, თავისუფალი პროგრამის შესრულებისას გაჩნდა: ვერ შევასრულე ორი სამმაგი ნახტომი, რადგან ტკივილს ვგრძნობდი.
და ავუხსენი ფედერაციას, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ მამაკაცთა ინივიდუალურ ტურნირზე ვინმე სხვა გავიდოდა. მე მათ ვთხოვე ამის შესახებ, მაგრამ მიპასუხეს: "რაც მოხდა მოხდა", - ამბობს ევგენი პლიუშჩენკო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"