ფორმულა 1: ყველა წარდგენილია, დღეიდან ტესტები იწყება

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის გუნდებმა დაასრულეს ახალი მანქანების წარდგენა. შაბათს და კვირას, "ფერარის", "მაკლარენისა" და "რედ ბულის" ჯერი იყო.

"ფერარიმ" ახალი ბოლიდის პრეზენტაცია ფიორანოში "სკუდერიას" ტრასაზე მოაწყო. როგორც მოსალოდნელი იყო, მანქანის ინდექსია - SF70-H, რაც ლეგენდარული იტალიური მარკის 70 წლის იუბილეზე მიუთითებს.

არ დადასტურდა ჭორები იმის თაობაზე, რომ "ფერარი" უარს იტყოდა მისთვის უიღბლო თეთრ ფერზე. ამ ფრად შეღებილია "ზვიგენის ლაყუჩი", აგრეთვე წინა და უკანა ანტიფრთების ელემენტები.

საინტერესოა, რომ ისევე როგორც "მერსედესის" ახალ მანქანაზე, "ფერარის" ავტომობილზეც დაყენებულია T-ის ფორმის ფრთა.

გასულ სეზონში, დიდი
ამბიციების მიუხედავად, "ფერარიმ" ვერ შეძლო ვერც ერთი რბოლის მოგება და კონსტრუქტორთა თასზე მეორე ადგილი "რედ ბულს" დაუთმო. წელს, "სკუდერიას" წარმომადგენლები მოკრძალებულ განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, წინა წლების წარუმატებლობებისთვის რევანშის აღებას აპირებენ.

* * *
"ფერარის" პრეზენტაციიდან ორი საათის შემდეგ, ბრიტანეთში უოკინგის ბაზაზე ახალი მანქანა წარადგინა "მაკლარენმა" - MCL32.

ბრიტანული საჯინიბოს პრეზენტაციას მოუთმენლად ელოდნენ, რადგან ყველას აინტერესებდა - შეიცვალა თუ არა გუნდმა ფერები. და ჭორები დადასტურდა - "მაკლარენი" დაუბრუნდა თავის ისტორიულ ნარიჯისფერს.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, "მაკლარენი" მხოლოდ ერთხელ ავიდა პოდიუმზე - 2014 წელს, ავსტრალიის გრანპრიზე. რა თქმა უნდა, 2017 წელს, ბრიტანელები აპირებენ იმ პროგრესის გაგრძელებას, რომელიც გასულ წელს ჰქონდათ.

* * *
კვირას, საყოველთაო ყურადღება მიპყრობილი იყო "რედ ბულისკენ". წელს, ინტერესი ავსტრიული საჯინიბოს მიმართ განსაკუთრებულია, რადგან სწორედ "რედ ბულს" ასახელებენ ამ სეზონში "მერსედესის" ძირითად კონკურენტად. ამ გუნდმა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი აეროდინამიკური გადაწყვეტილებებით, ამჯერადაც გააოცა თავისი თაყვანისმცემლები დახვეწილი და უჩვეულო ფორმებით.

წელს, "რედ ბული" ისევ გამოვა "რენოს" ძალისმიერი აგრეგატით. ასე რომ, თუ ფრანგულმა მწარმოებელმა მართლაც შეძლო პროგრესის მიღწევა, სავსებით შესაძლებელია, "რედ ბული" რეალურად ჩაერიოს ტიტულისთვის ბრძოლაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული