ახალი ლიდერი და არანორმალური შუმი

AutoSharing Option
მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა: საერთო ჩათვლაში პირველ და მეხუთე პილოტს შორის სხვაობა მხოლოდ 20 ქულას შეადგენს

სკანდალური ეპიზოდებით სავსე უნგრეთის გრან-პრი მარკ უებერმა ("რედ ბული") მოიგო. ავსტრალიელმა პილოტმა სეზონში მეოთხე გამარჯვებას მიაღწია და საერთო ჩათვლის ლიდერი გახდა. მარკის ტრიუმფზე რამდენიმე ფაქტორმა იქონია გავლენა - თანაგუნდელი სებასტიან ფეტელის შეცდომამ, საერთო ჩათვლის წინა ლიდერის ლუის ჰემილტონის ("მაკლარენი") გავარდნამ, "სუპერსოფტის" ტიპის საბურავის გამძლეობამ, სწორად არჩეულმა ტაქტიკამ... თუმცა ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ.

ტრადიციულად სტარტზე პირველები ფეტელი და უებერი იდგნენ. კვალიფიკაციის შედეგების შემდეგ, ყველა აღნიშნავდა "რედ ბულის"
ბოლიდების ფანტასტიკურ სიჩქარეს - კონკურენტების გამოსვლის გამო თვით ჰემილტონმა ვერ დამალა აღფრთოვანება. მაგრამ ფეტელის პოული ბევრს არაფერს ნიშნავდა - წელს ამ პილოტმა ბევრჯერ დაიწყო რბოლა პირველი პოზიციიდან, მაგრამ ამას მისთვის წარმატება არ მოუტანია. გერმანელმა ორი ეტაპი მაშინ მოიგო, როცა პოული სხვა პილოტს ჰქონდა მოპოვებული.

"ჰუნგარორინგზე" ფეტელმა შეძლო სტარტის მოგება. ფერნანდო ალონსომ ("ფერარი") უებერს გაუსწრო და ერთ მომენტში სებასტიანის გვერდით მოექცა, მაგრამ გარე რადიუსზე იმყოფებოდა და პირველ ადგილზე გასვლა ვერ მოახერხა. ამის შემდეგ, ფეტელმა მშვიდად დაიწყო ალონსო-უებერის დუეტთან კომფორტული ჰანდიკაპის შექმნა. უებერი ფერნანდოზე სწრაფი იყო, მაგრამ შეტევას არ ჩქარობდა. ავსტრალიელთან ახლოს იმყოფებოდნენ ფელიპე მასა ("ფერარი") და ჰემილტონი.

პიტ-სტოპების პირველ სერიამდე რბოლამ მოსაწყენი ხასიათი მიიღო, მაგრამ როგორც ეს ხშირად ხდება, მაყურებელი ტრასაზე პეისკარის გამოსვლამ გამოაცოცხლა - ვიტანტონიო ლიუცის "ტორო როსოს" დეტალები გასძვრა და სტიუარდები რბოლის მსვლელობაში ჩაერივნენ.
გაუმართლა ფეტელს - მან პეისკარის შესახებ იმ მომენტში შეიტყო, როცა ბოლო მოსახვევში შედიოდა და ბოქსებში შესვლა მოასწრო. უებერისა და რუბენს ბარიკელოს ("უილიამსი") გარდა, დანარჩენებიც ასე მოიქცნენ. რთული სათქმელია, რატომ არ შევიდა საბურავების გამოსაცვლელად უებერი, მაგრამ მოგვიანებით ყველა მიხვდა მარკის ჩანაფიქრს.

ბოქსებში კი საშიში ამბები დატრიალდა. წლის ავარია მოაწყვეს "რენოს" მექანიკოსებმა, რომლებმაც რობერტ კუბიცა მაშინ გაუშვეს ტრასისკენ, როცა მეზობელ ბოქსებში ადრიან სუტილი ("ფორს ინდია") შედიოდა. მანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ, თანაც ისე, რომ მექანიკოსებმა კარგა ხანი ვერ დააცილეს ისინი ერთმანეთს. გერმანელისთვის რბოლა დასრულებული იყო, კუბიცა კი ლიდერებს ერთი წრით ჩამორჩა, შემდეგ პიტლეინზე შესვლით დაჯარიმდა, ბოლოს კი საერთოდ შეწყვიტა უნგრეთის გრან-პრიზე გამოსვლა.

პირველი პიტსტოპის მესამე უიღბლო ნიკო როსბერგი ("მერსედესი") გახდა. გერმანული საჯინიბოს მექანიკოსები სწრაფი მოქმედებით არიან ცნობილნი, მაგრამ ამჯერად უხეში შეცდომა დაუშვეს. როგორც კი როსბერგის ბოლიდი დაიძრა, მაშინვე უკანა მარჯვენა საბურავი მოძვრა და სახიფათოდ გაგორდა "ზაუბერის" მექანიკოსებისკენ. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, არადა, ბორბალი კუბიცას ბოლიდს მოხვდა და სამი მეტრის სიმაღლეზე აფრინდა. მართლაც საშიში მომენტი იყო.

უსიამოვნებები ამით არ დასრულებულა. ჰემილტონმა, რომელმაც პიტ-სტოპის ხარჯზე მასას გაუსწრო, მშვიდად დააყენა მანქანა ტრასის მიღმა - თუ BBC-ის დავუჯერებთ, "მაკლარენის" ტრანსმისია გამოვიდა მწყობრიდან. შემდეგ კი ტრადიციულად "რედ ბულმა" "თავი გამოიჩინა". სანამ უსაფრთხოების მანქანა ტრასიდან გავიდოდა, ფეტელი ლიდერ თანაგუნდელს ათი კორპუსით ჩამორჩა, ეს კი წესებით აკრძალული გახლავთ. ამის გამო გერმანელი პიტლეინზე შესვლით დაისაჯა და ამან პრაქტიკულად გარანტირებული გამარჯვება დააკარგვინა. "რესტარტზე "ჩამეძინა". ჩვეულებრივ, როცა უსაფრთხოების მანქანა ტრასას ტოვებს, ლიდერი სიჩქარეს აგდებს და დანარჩენებს ტემპს კარნახობს, მაგრამ მარკი ძალიან ახლოს იყო და მე საბურავების გასახურებლად ჩამოვრჩი, რადგან მეგონა, რომ რესტარტი ერთი წრის შემდეგ იგეგმებოდა. მხოლოდ ბოლო მოსახვევში შევამჩნიე, რომ პეისკარი ბოქსებში ბრუნდებოდა და შედეგად, ბევრი დრო დავკარგე. ეს სპეციალურად არ მომხდარა, მაგრამ მე პიტლეინზე შესვლით დავისაჯე. დასანანია, რომ ასე მოხდა - დღეს რბოლის იოლად მოგება შეიძლებოდა, მაგრამ მხოლოდ პოდიუმზე ასვლით დავკმაყოფილდი", - განაცხადა ფეტელმა.

ასე ჩამოიცილა ერთი კონკურენტი უებერმა, მაგრამ ის ჯერ კიდევ შესასვლელი იყო ბოქსებში, უკან კი ალონსო მოსდევდა, რომელმაც ზედიზედ მეორე ეტაპის მოგების რეალური შანსი მიიღო. უებერი ესპანელთან საჭირო ჰანდიკაპის შექმნას შეუდგა: 33 წუთისთვის ალონსოს 16 წამს უგებდა. ეს საკმარისი არ იყო, მაგრამ საბურავი ჯერ უძლებდა დატვირთვებს. 36-ე წრე - 18,6 წამი, 39-ე წრე - 22,8 წამი... უკვე შეიძლებოდა ბოქსებში შესვლა. შექმნილი ჰანდიკაპი საკმარისი აღმოჩნდა ალონსოსა და ფეტელის წყვილის გასასწრებად, რაც პრაქტიკულად გამარჯვებას ნიშნავდა.

ყველაზე გვიან ბოქსებში ბარიკელო შევიდა და მე-11 პოზიციაზე დაბრუნდა - მიხაელ შუმახერს ("მერსედესი") რვა წამით ჩამორჩებოდა. თუ გავითვალისწინებთ "მერსედესის" დაბალ სიჩქარეს და ბრაზილიელის ახალ საბურავებს, რუბენსს ლეგენდარული გერმანელის გასწრების შანსი ჰქონდა.

ბარიკელომ სამ წრეში მოასწრო ჩამორჩენის გაბათილება და გასასწრებად მოემზადა. ფინიშამდე რამდენიმე წრით ადრე რუბენსმა ძველი თანაგუნდელის უკან ჩამოტოვება შეძლო, მიხაელმა კი ძალიან "ბინძური" ილეთით სცადა თავის დაცვა და კინაღამ ბეტონის კედელზე "ააკრა" უილიამსის" პილოტი.

"იმ მომენტში ბარიკელოს საკმარისი ადგილი დავუტოვე, ასე რომ კონტრაქტი არ ყოფილა, მე კი ტრასაზე საჩუქრების კეთება არ მჩვევია. ვისაც ჩემი გასწრება სურს, ბოლომდე მოუწევს ბრძოლა", - ასეთი კომენტარი გაუკეთა ინციდენტს შუმახერმა.

რუბენს ბარიკელო: "უმდიდრესი გამოცდილება მაქვს. ჩვეულებრივ, ასეთ არანორმალურებთან ბრძოლაში აქსელერატორიდან ვიღებ ფეხს, მაგრამ ახლა სხვანაირად მოვიქეცი. ვფიქრობ, ეს იყო ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მანევრი კარიერაში და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი - მიხაელისთვის. სამწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნება და ტრასაზე ასეთი საქციელი! - ჩვენ ეს არ გვჭირდება".

ფინიშის შემდეგ რბოლის სტიუარდებმა არ გაიზიარეს შუმახერის არგუმენტები და მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს მკაცრი სასჯელი გამოუტანეს. მომდევნო რბოლაში, რომელიც 29 აგვისტოს ბელგიის სპაზე გაიმართება, შუმახერი სასტარტო ბილიკზე ათ პოზიციას დაკარგავს.

დარჩენილ წრეებზე საინტერესო აღარაფერი მომხდარა. მართალია, ფეტელი ალონსოს კვალში ედგა, მაგრამ მისი ყველა შეტევა უშედეგო აღმოჩნდა და გერმანელს მესამე ადგილით მოუწია დაკმაყოფილება.

"სებასტიანს რესტარტის დროს რაღაც პრობლემები შეექმნა და ეს ჩემთვის საჩუქარივით იყო. ცხოვრებაში არც ისე ბევრი საჩუქარი მქონია, ამიტომაც დღეს ის სიამოვნებით მივიღე. ჩემს თანაგუნდელს კი უბრალოდ არ გაუმართლა...
ბრწყინვალე დღე იყო ჩვენი გუნდისთვის! გავიმარჯვეთ, თუმცა დუბლის შესრულება გვქონდა დაგეგმილი. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ. და მაინც, კარგია, რომ "რედ ბულმა" ბევრი ქულა დააგროვა...", - განაცხადა ეტაპის შემდეგ მარკ უებერმა. სხვათა შორის, "რედ ბული" კონსტრუქტორთა თასისთვის ბრძოლაში დაწინაურდა.

ჩემპიონატში ოთხკვირიანი არდადეგების დრო დადგა, შემდეგ კი ტიტულისთვის მართლაც დაძაბული ბრძოლა გაჩაღდება - საერთო ჩათვლაში პირველ და მეხუთე პილოტს შორის სხვაობა სულ რაღაც 20 ქულას შეადგენს.

უნგრეთის გრან-პრი. XII ეტაპი
ჰუნგარორინგი (70 წრე, 306.630 კმ)
1(2). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) 1:41.05,571
2(3). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +17,821
3(1). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +19,252
4(4). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +27,474
5(7). ვიტალი პეტროვი (რენო, რუსეთი) +1.13,192
6(10). ნიკო ჰიულკენბერგი (უილიამსი, გერმანია) +1.16,723
7(9). პედრო დე ლა როსა (BMW-ზაუბერი, ესპანეთი) 1 წრე
8(11). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 1 წრე
9(23). კამუი კობაიაში (BMW-ზაუბერი, იაპონია) 1 წრე
10(12). რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) 1 წრე
11(14). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) 1 წრე
12(15). სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) 1 წრე
13(16). ვიტანტონიო ლიუცი (ფორს ინდია, იტალია) 1 წრე
14(19). ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი, ფინეთი) 3 წრე
15(20). იარნო ტრული (ლოტუსი, იტალია) 3 წრე
16(18). ტიმო გლოკი (ვირჯინი, გერმანია) 3 წრე
17(22). ბრუნო სენა (HRT F1, ბრაზილია) 3 წრე
18(21). ლუკას დე გრასი (ვირჯინი, ესპანეთი) 4 წრე
19(24). საკონ იამამოტო (HRT F1, იაპონია) 4 წრე
20(5). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 45 წრე
21(8). რობერტ კუბიცა (რენო, პოლონეთი) 46 წრე
22(13). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) 55 წრე
23(6). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 55 წრე
24(17). ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) 68 წრე

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 312 ქულა; 2. მაკლარენი - 304; 3. ფერარი - 238; 4. მერსედესი - 132; 5. რენო - 106; 6. ფორს ინდია - 47; 7. უილიამსი - 40; 8. BMW-ზაუბერი - 23; 7. ტორო როსო - 10.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული